ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი – 90 ათას ლარად მიღებული უხარისხო მომსახურება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქუთაისის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი არ არის სათანადოდ აღჭურვილი, რის გამოც დიდია დაავადებული ცხოველების უკონტროლობის და, ამის შედეგად, მათ მიერ ცოფის გავრცელების საფრთხე. გასული წლის დეკემბრის თვეში ამ საფრთხემ სავალალო შედეგი გამოიღო და მიუსაფარი ძაღლის მიერ დანერწყვის შედეგად ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ცოფის ვირუსით გარდაიცვალა.
დანგრეული შენობა, გადაუხურავი ვოლიერები, სტანდარტებთან შეუსაბამო ვეტერინარული ბლოკი, ერთად განთავსებული ათეულობით ძაღლი – თავშესაფრის ის პირობებია, რომელშიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2014 წელს 89 990 ლარი დახარჯა.
ფოტო: kutaisitoday.com
თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ 2014 წლის თებერვლის თვეში გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავამ გაიმარჯვა და 89 990 ლარად ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოხეტიალე ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა აიღო. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო სულ მცირე 100 ერთეული ძაღლის გალია, ყოველდღიურად მოეხდინა ბუნაგების დასუფთავება, ხოლო ყოველ 10 დღეში გალიების დეზინფექცია და ცხოველების სპეციალური ხსნარით დაბანა-დასუფთავება. ამავდროულად, უნდა მომხდარიყო მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია და მკურნალობა.
მეწარმემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეთანხმებული სახით არ შეასრულა. თავშესაფარში დარღვეულია ვეტერინარული და ჰიგიენური ნორმები, ცხოველთა მოვლა-პატრონობის, კვების პირობები, ვოლიერები არ მარაგდება წყლითა და ელექტროენერგიით, ათეულობით ძაღლი კი ერთად არის განთავსებული.
პაატა ბოკუჩავას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან რაიმე სახის სანქციის დაკისრება არ მოჰყოლია. ორგანიზაციის მიერ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი თავშესაფრის მოუწესრიგებლობის მთავარ პრობლემად დაფინანსების სიმცირეს მიიჩნევს. მისი განმარტებით, მცირე დაფინანსების პირობებში ვერ ხერხდება თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული საქმიანობის წარმოება. იმისთვის, რომ მოხდეს თანამედროვე სტანდარტებით ცხოველების მოვლა-პატრონობა, თანხა, რომელიც განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით, 89 990 ლარი, საკმარისი არ არის.
პაატა ბოკუჩავასთან დადებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N65 ხელშეკრულებას ვადა 31 იანვარს ამოეწურა, თავშესაფარში მოთავსებული ძაღლები კი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო პაატა ბოკუჩავამ ქალაქის ქუჩებში გაუშვა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 4 თებერვალს ახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების მიწოდების ვადად განსაზღვრულია ექვსი თვე, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს – 64 782 ლარს. სატენდერო წინადადების მიღება 2015 წლის 10 თებერვალს დასრულდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, მეტი ყურადღებით მოეკიდოს თანხების სწორად ხარჯვისა და მომსახურების შესყიდვის პროცესს. სხვა შემთხვევაში სახეზე გვექნება მსგავსი მაგალითები, როდესაც ბიუჯეტიდან გახარჯული თანხით უხარისხო პროდუქტს ან მომსახურებას მივიღებთ. კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ უხარისხო მომსახურებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოხლეს. იმისათვის, რომ მოხდეს უსახლკარო ცხოველთა კონტროლი, აუცილებელია, პროგრამების სწორად შემუშავება. მუნიციპალიტეტმა პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა და ამის შემდეგ მოახდინოს მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ამასთან, ქუჩებში მომრავლებული მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველები, საფრთხეს წარმოადგენენ ქალაქის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც მათი სათანადო წესით ვაქცინაცია არ ხდება. ამდენად, ელექტრონული ტენდერის საბოლოოდ დასრულებამდე, ასევე აუცილებელია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან რაიმე სახის დროებითი ღონისძიების განხორციელება, იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რომელსაც უპატრონოდ მოხეტიალე ცხოველები ქალაქის მოსახლეობას უქმნიან.