ENG

კორუფციის ნიშნები გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწის პრივატიზების პროცესში

16 ივნისი, 2017

 

შეჯამება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მდებარე 13 850 კვ.მ მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კორუფციის ნიშნები იკვეთება. კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში არათანაბარი გარემო შეიქმნა მისი შეძენით დაინტერესებული პირებისთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით და სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ის.  

 სოფელ თელეთში მდებარე მიწის ნაკვეთების პრივატიზების ქრონოლოგია

2015 წლის სექტემბერში საქართველოში საბურღი მომსახურების ბიზნესით დაკავებული კომპანია შპს “ველლ3” დაინტერესდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მდებარე 13850 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N81.03.01.520) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შეძენით. ამის გამო კომპანიის წარმომადგენელმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

განცხადებამ გაიარა შესაბამისი პროცედურები, პრივატიზებაზე თანხმობა გასცა გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, მათ შორის, სოფელ თელეთის საერთო კრებამ და სოფელში გამგებლის რწმუნებულმა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს მიწის ნაკვეთი 115 931 ლარად შეაფასა. ამ და სხვა ეტაპების გავლის შემდეგ, სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი. ამის შესახებ ეცნობათ მიწის შეძენით დაინტერესებულ პირებს, თუმცა აუქციონი მონაწილე პირების არარსებობის გამო ჩაიშალა. აღნიშნულის მიზეზად კომპანია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” განმარტავს, რომ იმ მომენტისთვის მათ არ ჰქონდათ მთელი ტერიტორიის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

 შპს “ველლ3”-ის პირველი უშედეგო მცდელობა

შესაბამისად, შპს “ველლ3”-ის წარმომადგენელმა 2016 წლის 6 მაისს მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 81.03.01.520 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაწილის, 3000 კვ.მ პრივატიზების მოთხოვნით. საპასუხოდ, 10 მაისს სააგენტომ აცნობა კომპანიას, რომ თანახმა არ იყვნენ მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის გასხვისებაზე. ერთი დღის შემდეგ, 11 მაისს შპს “ველლ3”-მა განმეორებით მიმართა სააგენტოს, ამავე მიწის ნაკვეთზე, ოღონდ ამჯერად განსხვავებული კონფიგურაციით, 3500 კვ.მ-სა და განსხვავებული შენობა-ნაგებობების შეძენის მოთხოვნით. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, როგორც გეოლოგიური (საბურღი სისტემების შემოწმებისთვის ხელსაყრელი შემადგენლობის მხრივ), ისე ტერიტორიული თვალსაზრისით, რადგან შპს “ველლ3” ამ მიწის მომიჯნავე ტერიტორიას უკვე ქირაობს.

შპს “ველლ3”-ის დირექტორის ჯეფრი კენტის განცხადებით, პრივატიზებაზე განცხადების შეტანიდან რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ 2016 წლის 14 მაისს, შაბათს, დაახლოებით დილის 9 სთ-ზე, ამ ტერიტორიაზე შენიშნა რამდენიმე ადამიანი. მათთან საუბრის შედეგეგად “ველლ3”-ის დირექტორმა გაარკვია, რომ ისინი აზომვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. იმავე შეხვედრისას, “ველლ3”-ის დირექტორს, ბ.მ-მ განუცხადა, რომ ის წარმოადგენდა ი.ო.-ს და ისინი მიწის ნაკვეთის შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი. ბ.მ.-მ ჯეფრი კენტს განუმარტა, რომ ის ამ მიწის ნაკვეთზე ბიზნესის დაწყებას აპირებდა, რისთვისაც მიწის ნაკვეთის 1 ლარად შეძენას გეგმავდა. თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, ამ მიწის ნაკვეთების „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთი) ლარად პრივატიზების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ განხორციელებულა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს “ველლ3”-ის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 17 მაისს უწყებამ N81.03.01.520 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სამ სხვადასხვა ნაკვეთად დაარეგისტრირა. თუმცა, კომპანიის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოს მათთვის არ უცნობებია. მსგავსი კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტი არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოთხოვილ მასალებშია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩვენთა საუბრისას განმარტა, რომ სააგენტოს კანონით არ ევალება განმცხადებლის ინფორმირება საქმისწარმოების თითოეულ ეტაპზე. მათი თქმით, მხოლოდ საქმისწარმოების დასრულებასთან და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქვთ დაინტერესებული პირისთვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება.

2016 წლის 1 ივნისის წერილით (რომელიც დაზუსტდა 9 ივნისის წერილით) სააგენტომ აცნობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას N81.03.01.537 მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებული ინტერესის შესახებ. სააგენტო აღნიშნავს, რომ 10 დღის განმავლობაში პასუხის ვერ მიღების შემთხვევაში ჩათვლიდა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციას არ აქვს უარყოფითი პოზიცია და თავის დისკრეციის ფარგლებში თავად გადაწყვეტდა მიწის განკარგვის საკითხს.  

შპს “ველლ3”-ის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებშივე, 2016 წლის 1 ივნისს სააგენტომ მიმართა ლევან სამსახარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ შეეფასებინათ მიწის ღირებულება. ექსპერტიზამ მიწა 45 581 ლარად შეაფასა.

 2016 წლის 14 ივნისს 81.03.01.537 მიწის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით წერილი გუბერნატორის ადმინისტრაციამ თავის მხრივ გარდაბნის გამგეობას  გადაუგზავნა;

1 თვის შემდეგ, 2016 წლის 15 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა გუბერნატორის ადმინისტრაციას რომ სოფელ თელეთის საერთო კრება, გამგებლის რწმუნებული თელეთში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.03.01.537) პრივატიზებაზე თანახმა იყვნენ. ქვემო ქართლში სახლემწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციამ აღნიშნული წერილი 19 ივლისს საკუთარ თანხმობასთან ერთად, ქონების ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა.

თუმცა, როგორც დოკუმენტების შესწავლით და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული ინტერვიუთი ირკვევა, 81.03.01.537 მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ მუნიციპალიტეტის თანხმობის (ამ წერილების არსებობის) შესახებ სააგენტოში 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ იცოდნენ. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ან რატომ ვერ მივიდა ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულის/გუბერნატორის აპარატის მიერ გაგზავნილი წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. უწყებაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუმარტეს, რომ მათ საქმისწარმოების სისტემაში გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 2016 წლის ივლისში გამოგზავნილი წერილი ახლაც არ იძებნება. ის ხელმისაწვდომია მხოლოდ 2017 წელს სააგენტოსთვის ხელახლა გაგზავნილი წერილის დანართის სახით. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის, როგორ ან რა ეტაპზე შეიძლებოდა “დაკარგულიყო” აღნიშნული წერილი. ჩვენთან საუბარში გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, გამგეობას ან გუბერნატორის ადმინისტრაციას წერილი მოემზადებინა, თუმცა სააგენტოში აღარ გაეგზავნათ.

შედეგად, 2016 წლის 1 სექტემბერს შპს “ველლ3”-ს სააგენტომ აცნობა, რომ მათთვის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გამგეობის პოზიცია/მოსაზრება პრივატიზებასთან დაკავშირებით უცნობი იყო. ამის საფუძველზე სააგენტომ კომპანიის მოთხოვნა მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სააგენტოდან 2017 წლის 2 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გაგზავნილ წერილშიც ჩანს, რომ უწყებისთვის უცნობი იყო გამგეობის დადებითი პასუხის შესახებ. სწორედ ამ წერილზე პასუხად გამგეობა აზუსტებს, რომ მათ პრივატიზების საკითხზე თანხმობა ივლისში უკვე გაგზავნილი ჰქონდათ.

შპს “ველლ3”-ის მეორე უშედეგო მცდელობა

2016 წლის 8 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც 81.03.01.537 მიწის ნაკვეთის შეძენაზე შპს “ველლ3”-მა საბოლოო პასუხი ვერ მიიღო, სააგენტოს დარჩენილი 2 მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.03.01.538 და 81.03.01.539) პრივატიზების მოთხოვნით მიმართა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 3 ოქტომბერს ამ ინტერესის შესახებ აცნობა გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომელმაც, თავის მხრივ, ეს წერილი გამგეობაში გადაამისამართა. 2016 წლის 25 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გუბერნატორის ადმინისტრაციას აცნობა, რომ 81.03.01.538 და 81.03.01.539 მიწების პრივატიზების წინააღმდეგები იყვნენ სოფელ თელეთში გამგებლის რწმუნებული, სოფლის საერთო კრება და ამ მოსაზრებას იზიარებდა გამგეობაც. შედეგად, 2016 წლის 7 ნოემბერს სააგენტომ შპს “ველლ3”-ს პრივატიზებასთან დაკავშირებით გამგეობის უარყოფითი პოზიციის საფუძველზე უარი უთხრა.

2016 წლის 21 ნოემბერს კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა წერილით, სადაც გამოთქვა პროტესტი, რომ მათ დაუსაბუთებლად არ მიეცათ საშუალება აუქციონის გზით შეეძინათ მათი ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო ქონება. წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ თუკი ვითარება არ გაირკვევა, იძულებული გახდებიან “კანონით გათვალისწინებულ ზომებს” მიმართონ.

აღნიშნული წერილიდან ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შევიდა წერილი, რომლის თანახმადაც, გამგეობას 81.03.01.538 მიწის ტერიტორიაზე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა სურდა. გამგეობამ, განსაზღვრა რა უპატრონო ცხოველებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოითხოვა, 81.03.01.538 მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში გადაეცათ. 2016 წლის 16 დეკემბერს სააგენტომ გარდაბნის გამეგობას ცხოველთა თავშესაფრის მოწყობასთან  დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის (დაფინანსების წყარო, პროექტის განხორციელების ვადები და ა.შ) წარდგენა მოსთხოვა. საპასუხოდ, მიუხედავად რამდენიმე კვირის წინ უპატრონო ცხოველებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრის შესახებ გამოთქმული სურვილისა, 2017 წლის 8 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააგენტოს სთხოვა, რომ 81.03.01.538 მიწის ნაკვეთზე თავშესაფრის მოწყობის მიზნით მიწის მათ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოება შეეწყვიტათ.

გარდაბნის გამგეობის მხრიდან მოულოდნელად, 2016 წლის ბოლოს უპატრონო ცხოველების პრობლემის წამოწევა, შემდეგ კი ადმინისტრაციული საქმისწარმოების ასევე მოულოდნელი შეწყვეტა კითხვებს წარმოშობს უწყების რეალურ მოტივებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ გამგეობის ინფორმაციითვე, მათი წერილის საფუძველი “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების მომრავლება და აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის მომართვიანობა” იყო. მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამგეობიდან ამ თემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამოითხოვა, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არსადაა მოსახლეობის მიმართვები ან მათი რაოდენობის თუ შინაარსის ამსახველი ცნობები. გამგეობას არ წარმოუდგენია არც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველების რაოდენობაზე სტატისტიკური ინფორმაცია ან მოსაწყობი თავშესაფრის პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, დაფინანსების წყარო ან პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

მათივე ინფორმაციით, 81.03.01.538 მიწის ნაკვეთი შეირჩა იმის გამო, რომ ის მდებარეობს დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით და მოსახლეობას არ შეექმნებოდა პრობლემები უპატრონო ცხოველების თავშესაფრის ფუნქციონირებით. ხოლო ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყდა, რადგან შესაბამისი სტანდარტებით ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა დაკავშირებული იყო დიდ თანხებთან, რის გამოც პროექტის განხორციელება შეჩერდა.

ასევე ნიშანდობლივია, რომ “2015-2017 წლებში უპატრონო და მაწანწალა ცხოველებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯებმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. ხოლო 2016 და 2017 წლის ბიუჯეტებში უპატრონო ცხოველების თავშესაფრის მოწყობის მიზნით თანხა გათვალისწინებული არ ყოფილა.” გარდაბნის გამგეობის ეს პასუხი ამყარებს ეჭვს, რომ მათ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის თემა პრივატიზაციის პროცესის კონკრეტულ დაინტერესებულ მხარეზე მოსარგებად წამოწიეს. შედეგად, შპს “ველლ 3”-ს ისევ უარი ეთქვა მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე.

მიწების საბოლოო პრივატიზება

თუმცა ასეთი პრობლემები არ შექმნია ამავე მიწით დაინტერესებულ სხვა პირს. 2017 წლის 2 თებერვალს ი.ო-მ, რომელიც ბ.მ.-ს მეგობარი და ამ მიწების შეძენის საკითხში მისი პარტნიორია, სააგენტოს სამივე მიწის ნაკვეთის პრივატიზების თხოვნით მიმართა. შპს “ველლ 3”-ისგან განსხვავებით, პრივატიზების პროცესი ამჯერად საეჭვოდ სწრაფად წარიმართა. სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრმა ამავე დღეს, მისწერა გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომ ახორციელებდნენ სამივე მიწის პრივატიზების პროცესს და აინტერესებდათ მათი პოზიცია. წერილის თანახმად, 10 დღის მანძილზე პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო დისკრეციის ფარგლებში თავად გადაწყვეტდა პრივატიზების საკითხს. 2017 წლის 6 თებერვალს გარდაბნის გამგეობამ გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის მიწერილ წერილში არ დააფიქსირა თავის პოზიცია უშუალოდ პრივატიზებთან დაკავშირებით. უბრალოდ, დააზუსტა, რომ ეს მიწები მიეკუთვნებოდა სოფელ თელეთს და არა სოფელ გამარჯვებას, როგორც ეს სააგენტოს წერილში ეწერა. 2017 წლის 8 თებერვალს კი გუბერნატორის ადმინისტრაციამ გამგეობის ეს პასუხი გადააგზავნა სააგენტოში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის ბრძანებით, ი.ო-ს მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 7 დღეში აუქციონზე გამოვიდა 81.03.01.537 მიწის ნაკვეთი, ისე, რომ სააგენტო წერილში ნახსენები 10 დღის გასვლასაც კი არ დაელოდა, რათა საკითხი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაეწყვიტა. საგულისხმოა, რომ შპს “ველლ3”-ის მიმართვის საფუძველზე წარმართული საქმისწარმოების შედეგად, 2016 წლის ივლისში უკვე შესაძლებელი იყო ამ მიწის აუქციონზე გატანა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, კომპანიის მოთხოვნა აუქციონის ეტაპამდე ვერ მივიდა. შპს “ველლ3”-ს, ი.ო-სგან განსხვავებით, აუქციონის შესახებ არც კი ეცნობათ. ამ მიწების მიმართ კომპანიის განგრძობითი ინტერესის გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა. აუქციონზე მიწის საწყისი ფასი 46 ათასი ლარი იყო. ამ ლოტის მიმართ ინტერესი მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა, ი.ო-მ გამოხატა და მიწა ერთი ბიჯის შედეგად, 47 000 ლარად შეიძინა. ხოლო იმის გამო, რომ შპს “ველლ 3”-ს აუქციონის შესახებ არ ეცნობა, სააგენტოს განმარტებით, მათი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენეს.

2017 წლის  10 თებერვლის ბრძანებით სააგენტომ აუქციონზე გაიტანა 81.03.01.538 და 81.03.01.539 მიწის ნაკვეთებიც. ორივე მიწის ჯამური საწყისი ფასი 80 ათასი ლარი იყო. ამ შემთხვევაშიც, ი.ო-ს აუქციონის შესახებ ეცნობა. აუქციონში მხოლოდ 1 მომხმარებელი ჩაება და ქონება 1 ბიჯის შემდეგ, 81 000 ლარად შეიძინა. თუმცა, ამ შემთხვევაში, საინტერესოა აუქციონის გამოცხადების და მიმდინარეობის ტექნიკური მხარეც. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე eauction.ge ამ მიწის ნაკვეთების შესახებ აუქციონის განცხადება საკადასტრო კოდის მიხედვით არ იძებნება, ხოლო განცხადების აღწერაში საკადასტრო კოდები შეცდომითაა მითითებული. შპს “ველლ3”-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ აუქციონის ვებგვერდზე მოძიება მათ ვერ შეძლეს, რის გამოც ვერც აუქციონის გამოცხადების შესახებ შეიტყობდნენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც ვერ მიიღებდნენ. მითუმეტეს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპანიისთვის არც ამ აუქციონის შესახებ უცნობებია, განსხვავებით ი.ო-სგან, რომელსაც წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა. სააგენტოს განმარტებით, ვინაიდან აუქციონი ორ ნაკვეთზე ერთდროულად ცხადდებოდა, მათ საიტი ტექნიკურად არ აძლევდათ შესაძლებლობას, ორი საკადასტრო კოდი მიეთითებინათ, თუმცა, მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ, eauction.ge-ზე შესაძლებელია ასეთი აუქციონების მოძიებაც, სადაც განცხადებაში ორი საკადასტრო კოდია მითითებული. სააგენტოს ეს ხარვეზი არც მოგვიანებით გაუსწორებია, ამდენად მათი არგუმენტი ამ ნაწილშიც არადამაჯერებელია.

მიწის ნაკვეთების პრივატიზების შემდგომი მოვლენები

საყურადღებოა,რომ ი.ო-ს მიმართვის შემთხვევაში სააგენტომ მიწები აუქციონზე გაიტანა რამდენიმე დღის ვადაში, მაშინ, როცა შპს “ველლ3”-ის მიმართვები, მიუხედავად ხანგრძლივი ფორმალური პროცედურების გავლისა, აუქციონის ეტაპამდე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიდა. მეტიც, 81.03.01.538 და 81.03.01.539 მიწების შემთხვევაში შპს “ველლ3”-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარყოფითი პოზიციის გამო უარი ეთქვა, ხოლო 81.03.01.537 მიწის ნაკვეთის შემთხვევაში კი, სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან პასუხის ლოდინის გამო აუქცინიონი არ გამოაცხადა (მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა არსებობდა). ი.ო-ს განცხადებას ამ პროცედურების გავლა არ დასჭირვებია. ამ შემთხვევაში სააგენტოს არც გამგეობის პოზიციისთვის დაუცდია და არც მათ მიერ პრივატიზებაზე წარსულში გამოხატული ინტერესი გაუთვალისწინებია. საბოლოოდ ეს მიწები საპრივატიზაციოდ აუქციონზე ისე გავიდა, რომ არ ჩატარებულა არც სოფლის საერთო კრება და არც გამგეობის ეკონომიკურ სამსახურს შეუსწავლია ეს საკითხი. ეს გარემოება კიდევ უფრო უცნაურია 81.03.01.538 და 81.03.01.539 მიწების შემთხვევაში, რადგან შპს “ველლ3”-ს უარი იმ მიწების მიყიდვის თაობაზე სწორედ სოფლის საერთო კრების, სოფელში გამგებლის რწმუნებულისა და გამგეობის ეკონომიკური სამსახურის გადაწყვეტილებების გამო უთხრეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კითხვაზე, თუ რატომ არ იმოქმედა სააგენტომ თავიდანვე (2016 წლის 11 მაისის შპს “ველლ 3”-ის განცხადებისას) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 81.03.01.537 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან პასუხი ვერ მიიღო, უწყებაში განმარტავენ, რომ მათი მიდგომით, პრივატიზების პროცესში აუცილებლად ითვალისწინებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციას. ვინაიდან მათთვის ეს პოზიცია არ იყო ცნობილი, სააგენტომ მიწის პრივატიზების გადაწყვეტილება არ მიიღო (რაც შესაბამისად 1 სექეტმბრის წერილით ეცნობა განმცხადებელს).

ეს პასუხი დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა სააგენტოს მიერვე მოგვიანებით საკუთარი მიდგომიდან გადახვევა და ფაქტობრივად, ორმაგი სტანდარტის გამოყენება. კერძოდ, ამავე მიწის, ოღონდ სხვა განმცხადებლის - ი.ო-ს შემთხვევაში პრივატიზების პროცესი ბევრად უფრო სწრაფად წარიმართა. სააგენტომ არ დაუცადა ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციას, მათ შორის არც იმ მიწებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტს ახლო წარსულში ინტერესი ჰქონდა გამოხატული და ის დაუყოვნებლივ გაიტანა საპრივატიზაციოდ. იმაზე, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სააგენტოს პასუხი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ “ისინი კანონით არ იყვნენ ვალდებული” მუნიციპალიტეტის პოზიციას დალოდებოდნენ და ის გაეთვალისწინებინათ. სააგენტოს ეს გადაწყვეტილებაც და პასუხიც უფრო აძლიერებს კითხვის ნიშნებს კორუფციის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

მოვლენები უფრო საინტერესოდ ვითარდება მას შემდეგ, რაც ი.ო.-მ აუქციონზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეიძინა. Eauction.ge-ის თანახმად, ლოტების გაყიდვის დროდ 24 თებერვალი, 17:00 სთ არის მითითებული (საკუთრების უფლება ამ მიწებზე ი.ო-მ 24 და 28 მარტს დაირეგისტრირა). როგორც შპს “ველლ 3”-ის წარმომადგენლების მონაყოლითა და სატელეფონო ზარების ამონაწერით ირკვევა, აუქციონის დასრულებიდან მესამე დღეს, 27 თებერვლის დილის 11:09 წთ-ზე, “ველლ 3”-ს დაუკავშირდა ბ.მ. მან “ველლ 3”-ის დირექტორის ასისტენტს აცნობა, რომ მიწის ნაკვეთები მათ შეიძინეს და შეხვედრა სთხოვა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრაზე აუქციონში გამარჯვებულებმა თქვეს, რომ სამივე მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში იყო და “ველლ 3”-ს მათი ყიდვა 2,5-ჯერ უფრო ძვირად შესთავაზეს, ვიდრე თავად იყიდეს.  

“ჩვენში მაშინვე გაჩნდა ბევრი შეკითხვა. რაც ვერ შევძელით ჩვენ როგორ შეძლო სხვამ და თუ უარი იყო მუნიციპალიტეტიდან [მიწების გასხვისებაზე], რა გახდა მიზეზი, რომ გამოცხადდა აუქციონი. ასევე, ჩვენი თანამშრომლები და ბ-ნი ჯეფრი [შპს “ველლ 3”-ს დირექტორი] ყოველდღიურად მოძრაობდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე და არ იყო ასევე ბანერი, სადაც ეწერებოდა რომ აღნიშნული მიწაზე გამოცხადდა აუქციონი.” - განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა.

შპს “ველლ 3”-მა ი.ო-სა და ბ.მ-სთან გარიგებაში შესვლაზე უარი თქვა და 6 მარტს პრივატიზაციის პროცესში არსებული დარღვევების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელ მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილს აცნობა. კომპანიამ ასევე ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასაც. ამის საფუძველზე მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, თუმცა მათ რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

ი.ო-მ 2017 წლის 24 მარტს 81.03.01.537 ხოლო 28 მარტს 81.03.01.538 და 81.03.01.539 მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაირეგისტრირა. მალევე, 2017 წლის 6 აპრილის განცხადების საფუძველზე, ეს მიწები ი.ო-მ ქონების  მის საკუთრებაში რეგისტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 მარტს დაარსებულ შპს “გრანდ ჯორჯია დეველოპმენტს” მიჰყიდა.

დასკვნა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში 81.03.01.537, 81.03.01.538 და 81.03.01.539 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქმედებებში, შესაძლოა, კორუფციული სამართალდარღვევების ნიშნები იკვეთებოდეს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში არათანაბარი გარემო შეიქმნა მისი შეძენით დაინტერესებული პირებისთვის, ვინაიდან დაზარალდა შპს “ველლ 3”-ის კანონიერი ინტერესები და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ი.ო. კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მიწების შეძენიდან რამდენიმე დღეში ი.ო-ს წარმომადგენლებმა ქონების ორნახევარჯერ უფრო ძვირად გაყიდვა მოისურვეს პროცესის შედეგად დაზარალებულ მხარეზე (შპს “ველლ 3”), რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობს.  

მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და სრულად და ობიექტურად გამოიძიონ დანაშაულის შესაძლო ნიშნები.