ENG

კონკრეტულ შემსყიდველზე მორგებული GNCC-ის 267 857 ლარის ღირებულების ტენდერი

01 თებერვალი, 2018

“საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის  მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო შესყიდვა 267 857 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს, კონკრეტულ მიმწოდებელზეა მორგებული.  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება უხეშად არღვევს საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებს და შეიცავს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს. აღნიშნული ტენდერი უნდა შეჩერდეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ შესაძლო დანაშაულის მოკვლევა.

“საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ატარებს  ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. ამჯერად დავინტერესდით კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ გამოცხადებული შესყიდვებით.

 

კომისიის მიერ გამოცხადებული ტენდერი

2017 წლის 19 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემის შესაძენად ტენდერი (NAT170014992) გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 267 857 ლარს შეადგენს; წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყო და 25 იანვარს დასრულდა. დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ კომისია გეგმავს შეიძინოს ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემა, რომელიც მოიცავს ხარისხის გასაზომი სტაციონალური სერვერის მხარდამჭერი სერვერული პროგრამის ლიცენზიას, ინტერნეტის ხარისხის ავტომატური გასაზომი, პორტაბელური (გადასატანი) მოწყობილობის მხარდამჭერი სერვერის პროგრამულ ლიცენზიას, საკონსულტაციო მომსახურებებს, ტესტის შედეგების დამუშავებას, ანალიზს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არაერთი ცნობილი კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის საქმიანობით არის დაკავებული, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Visualware, Inc., მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული და მისი სატენდერო შეთავაზება 265 179 ლარს შეადგენს.

 

კონკრეტულ შემსყიდველზე მორგებული ტენდერი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ატვირთული დოკუმენტების, კონკრეტულად  კი ხელშეკრულების პროექტის შესწავლის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული ტენდერი მორგებულია კომპანიაზე - Visualware, Inc., ამ ეჭვს არა მხოლოდ ის აჩენს, რომ ტენდერის პირობები ძალიან დაკონკრეტებული იყო, არამედ ისიც, რომ ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის შემდეგი მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია.

 

  • Visualware, Inc, ოფიციალური ვებგვერდის მისამართი:

  • Visualware.Inc მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა MyConnection Server 

  • Visualware.Inc-ის დირექტორის, HENRY C. HARRIS, ინიციალები ხელშეკრულების ხელმოსაწერ ადგილზე

 

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წინამდებარე  ხელშეკრულების პროექტი Visualware, Inc-ის მაიდენტიფიცირებადი მონაცემებით  2017 წლის დეკემბრის თვეში იყო ატვირთული, მაშინ როცა უცხოურ კომპანიას ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეტანილი.

როგორც ჩანს, კომისიას წინასწარ ჰქონდა კომუნიკაცია ზემოხსენებულ კომპანიასთან და სავარაუდოდ, ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვების უზრუნველყოფის მიზნით, არა მხოლოდ ტენდერის პირობები მოარგო, არამედ ამ კომპანიიდან წინასწარ მიღებული ხელშეკრულების პროექტი დაურთო სატენდერო დოკუმენტაციას როგორც მომავალში ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება უხეშად არღვევს საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებს და შეიცავს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ :

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შეაჩეროს ტენდერი და დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

  • საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საკითხში შესაძლო დანაშაულის არსებობასთან დაკავშირებით;

  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს ტენდერი და ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის სრულყოფილად გამოძიებასთან დაკავშირებით.

აქვე, მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობას, საკითხში გარკვევის შემდეგ, განახორციელოს შესაბამისი სტრუქტურული ან/და საკადრო ცვლილებები, რათა მომავალში, შემსყიდველთა მხრიდან აღნიშნული ხასიათის პრობლემების გამოვლენა და რეაგირება თავად სააგენტოს შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ ხდებოდეს,  როგორც ამას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს.