ENG

კიდევ ერთხელ თბილისელთა სოციალური დახმარებების შესახებ: პასუხი თბილისის მერიას

19 ნოემბერი, 2012

2012 წლის 15 ნოემბერს თბილისის მერია გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას თბილისში სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების მხრივ შექმნილი პრობლემის შესახებ, რომელიც გასულ კვირას ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის სამი დადგენილებით (#432, 433, 434), რომლებსაც პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს, თბილისის სოციალური დაცვის პროგრამის, მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის და საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება თბილისის ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტს დაეკისრა. თბილისის საკრებულომ 2012 წ. 20 ოქტომბრის დადგენილებით, თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები  შეიტანა და გამოთავისუფლებული თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართა.  

თბილისის მერია მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლთან, რომლის მე-5 პუნქტი ფინანსთა მინისტრს  უფლებას აძლევს, განახორციელოს ცვლილებები მხარჯავი დაწესებულების პროგრამულ კლასიფიკაციაში, მათ შორის დაამატოს ახალი პროგრამა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, შესაძლებელია პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება, მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ის ფარგლებში, განხორციელდეს ფინანსთა მინისტრის თანხმობით, წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის გარეშე.

მერიის პასუხში მითითებული საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის  უფლება განახორციელოს ცვლილებები მხარჯავი დაწესებულების პროგრამულ კლასიფიკაციაში ან დაამატოს ახალი პროგრამა არ ნიშნავს, რომ სახ. ბიუჯეტში ცვლილება, რასაც ბიუჯეტის კანონის ცვლილება სჭირდება, შეიძლება კანონის გვერდის ავლით და ცვლილებების დასაბუთების გარეშე განხორციელდეს. მთავრობის სამივე დადგენილებაში (მუხლი 1, პუნქტი 3) გარკვევით წერია, რომ, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, პროგრამის დაფინანსება უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.” ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა ბიუჯეტში ამ ცვლილების კანონის ცვლილებით მიღების აუცილებლობა.

ამდენად, საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტით გათვალისწინებული მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების 5%-ის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის თანხმობით გადანაწილება რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთავრობის დადგენილებებში ბიუჯეტის კანონში ცვლილების აუცილებლობის შესახებ ჩანაწერი აღარ გაკეთდებოდა, რაც გარკვევით ვთქვით ჩვენს შეფასებაში. როგორც აღვნიშნეთ, ამ ჩანაწერით საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილება  მოითხოვდა ბიუჯეტის კანონის ცვლილებას, რაც არ მომხდარა. ვინაიდან ახალი პარლამენტის მიერ კანონში ცვლილების შეტანის პერსპექტივა სათუო იყო, აღნიშნული ხარჯების დაფინანსება, კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე,   მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებების მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან უნდა განხორციელებულიყო, რაც საბიუჯეტო წესრიგის სრული უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითია. საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობა არ უშვებს ბიუჯეტის კანონში ცვლილებამდე ისეთი ხარჯის დაფინანსებას, რაც კანონში ცვლილებას ითხოვს.

თბილისის მერიის პასუხში ნათქვამია, რომ ბიუჯეტში მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებებით შესულ ცვლილებებზე ვრცელდება საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლი და მასზე საბიუჯეტო კოდექსის მე-40 მუხლი მხოლოდ მაშინ შეიძლება გავრცელდეს, რაც მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარუდგენს, რაც თავის თავში შეიცავს წინააღმდეგობას. საკითხი ძალიან მარტივია: თუ სახ. ბიუჯეტში ცვლილებას სჭირდება ბიუჯეტის კანონის ცვლილება, რაც აღიარა საქართველოს მთავრობამ 19 ოქტომბრის სამივე დადგენილებით, მასზე ვერ გავრცელდება 31–ე მუხლი, რომელიც ბიუჯეტში შესატან ისეთ ცვლილებებს ეხება, რისთვისაც არ არის საჭირო ბიუჯეტის კანონის ცვლილება.

ამასთან, საბიუჯეტო კოდექსის მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე. ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ამ დასაბუთების გაკეთება აუცილებელი იყო, რაც საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია.

ამდენად, როგორც მთავრობის 19 ოქტომბრის სამივე დადგენილება, ისე 2012 წ. 20 ოქტომბრის საკრებულოს დადგენილებით თბილისის ბიუჯეტში შესული შესაბამისი ცვლილებები სრულიად აშკარა წინააღმდეგობაშია ქვეყნის საბიუჯეტო კანონმდებლობასთან და წარმოადგენს იმგვარ მანევრირებას, რასაც არ ცნობს და არც შეიძლება ცნობდეს კანონი.   

ამასთან, თბილისის მერიას მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებების და თბილისის საკრებულოს 20 ოქტომბრის დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად მოჰყავს ისეთი ფაქტები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს პრობლემასთან, კერძოდ: 1. ის, რომ მთავრობის მიერ განისაზღვრა ამ პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი უწყება და დადგენილებებში მითითებული იქნა ამ პროგრამების დაფინანსების წყარო არ ნიშნავს, რომ საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები დაცულ იქნა. 2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობა ,,სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას“. გაუგებარია, დამოწმებული კანონი როგორ ამტკიცებს საბიუჯეტო ცვლილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა სწორედ ხარჯების კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებულ ფაქტობრივ გაზრდას ნიშნავს, რადგან თბილისის მერიამ იმ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე უნდა დაეხარჯა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართა, მაშინ როცა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების უნიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა და შესაბამისად, გაუგებარია ამ უნიფიცირებამდე რატომ უნდა გადაებარებინა ცენტრალურ მთავრობას, ვთქვათ, მუნიციპალური დაზღვევის ან სოციალური დახმარების პროგრამები, რომლის პირობებიც მერიამ თავად განსაზღვრა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ 31 ოქტომბრის დადგენილებით 19 ოქტომბრის დადგენილებების ძალადაკარგულად და არა ბათილად გამოცხადებას (როგორც უკანონო აქტების, რასაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოითხოვს), ეს იყო პროცედურული დარღვვევა, მაგრამ არა საბიუჯეტო პროცედურების და ამდენად, არ ჩავთვალეთ საჭიროდ მასზე საბიუჯეტო პროცედურების დარღვევასთან ერთად ყურადღების გამახვილება. საქართველოს მთავრობას 19 ოქტომბერს ყოველგვარი საბიუჯეტო პროცედურის დარღვევით რომ არ გადაებარებინა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ეს პროგრამები ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, როგორც მანამდე მიმდინარეობდა. ამდენად, ბათილად ცნობის ნაცვლად 19 ოქტომბრის დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადება არ უთითებს ახალი მთავრობის მიერ ამ ტიპის სოციალური შეღავათების მოსახლეობისთვის დაფინანსების მიზანშეუწონლად მიჩნევაზე.

როგორც მერიის პასუხიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობას 31 ოქტომბრის დადგენილების მიღებამდე არ უცნობებია მერიისთვის 19 ოქტომბრის დადგენილებების გაუქმების შესახებ, რისი ვალდებულებაც საქართველოს მთავრობას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მიხედვით ნამდვილად ჰქონდა.

ვინაიდან პრობლემის გადაწვეტა წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ნებისმიერ საჯარო ფორმატში განსახილველად.  

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო