ENG

IX მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტები ქალთა უფლებრივი გაძლიერების მიმართულებით

12 თებერვალი, 2018

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა უფლებრივი გაძლიერების მიმართულებით IX  მოწვევის (2016-2020) პარლამენტი აქტიურად მუშაობს, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, ამ მხრივ 2016-2017 წლებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა:

  • კონსტიტუციაში  განისაზღვრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.  

  • პარლამენტმა მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირება, რომლის შესაბამისად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში.

პარლამენტში მიმდინარეობს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინციატივების განხილვა, მათ შორის გენდერული კვოტირების შემოღებისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობა არ გაჭიანურდეს და დროულად მოხდეს შესაბამისი ცვლილებების მიღება. ვიმედოვნებთ, პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა უფლებრივი (მათ შორის პოლიტიკური უფლებების) გაძლიერების მიმართულებით წარდგენილ ინიციატივებს.

პარლამენტში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი  კანონპროექტების ინიციატორები უმეტესად ქალები არიან, იგივე ტენდენცია იყო მე-8 მოწვევის პარლამენტშიც რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის აქტუალობაზე მსჯელობისას.