იპოთეკების აღსრულების საყოველთაო შეჩერება: მოქალაქეების პრობლემები ვერ მოგვარდება, ქვეყნის ეკონომიკა კი დაზარალდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იპოთეკების აღსრულების საყოველთაო შეჩერება: მოქალაქეების პრობლემები ვერ მოგვარდება, ქვეყნის ეკონომიკა კი დაზარალდება

24 ივლისი, 2013

2013 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ჯგუფმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგინა. კანონპროექტი კრედიტორების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირმა ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან კერძო პირისაგან ისესხა ფული და ამისთვის თავისი ბინა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა, ხოლო შემდეგ არ დააბრუნა სესხი, კრედიტორს 2014 წლის 1 თებერვლამდე არ ექნება შესაძლებლობა იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ამოიღოს გასესხებული თანხა.

მიგვაჩნია, რომ ამ ინიციატივის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო დაუშვებელია:

  • პირველ რიგში, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების გადავადებით ვერ მოგვარდება იმ პირთა პრობლემები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ვალდებულებების შესრულება. ამ პირებს მაინც მოუწევთ ამ ვალების გასტუმრება.
  • ამ ცვლილების მიღება დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საფინანსო სექტორს და ზოგადად ფინანსური გარიგებების სტაბილურობას ქვეყანაში. ბევრი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობისთვისაც იპოთეკური სესხები ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, სერიოზული ფინანსური  პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგან მათ შეეზღუდებათ შესაძლებლობა, ამოიღონ გასესხებული ფული.  
  • აღნიშნული რეგულაციები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობისთვის შექმნის არახელსაყრელ გარემოს, რამაც სამუშაო ადგილების შემცირებაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სექტორში.
  • გართულდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ კრედიტორებისა თუ დეპოზიტარების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაც იმის გამო, რომ მათ 7 თვის განმავლობაში გაცემული იპოთეკური სესხიდან თანხის ამოღების საშუალება არ ექნებათ. მაგალითისთვის, შესაძლებელია, რომ ბანკებში დეპოზიტებზე პროცენტების დარიცხვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
  • გადავადება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეების ქცევაზე, რომლებიც  საფინანსო ინსტიტუტთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ასრულებენ. ლოგიკურია, რომ მათ ამ ვალდებულებების შესრულება აღარ მოინდომონ, რადგანაც საფინანსო ინსტიტუტი ამ ცვლილებების მოქმედების პერიოდში მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გარკვეული სანქციები გამოიყენოს მათ წინააღმდეგ.
  • ცვლილებები ფინანსურ სექტორში კრედიტის გაძვირებას და ხელმისაწვდომობის გართულებასაც გამოიწვევს,  რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე, მომხმარებელზე და სამუშაო ადგილებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
  • ბანკებისთვის კრედიტის გაცემა სერიოზული რისკის მატარებელი გახდება, რადგანაც მისი ამოღება 7 თვის განმავლობაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ყოველივე კი ცვლილებების მოქმედების პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას გამოიწვევს.  მაგალითისთვის, კრედიტის აღება თითქმის შეუძლებელი შეიძლება გახდეს იმ მეწარმისთვისაც, რომელიც გადახდისუნარიანია და კრედიტის აღება საქმიანობის გაფართოვების მიზნით სურს.
  • კანონპროექტი ასევე შეიცავს საფრთხეს, რომ შემცირდეს ქართული საფინანსო სისტემის მიმართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა და ქვეყანაში გაუარესდეს საინვესტიციო გარემო. გართულდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში. ვინაიდან, ამგვარი გაუმართლებელი რეგულაციების გამო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ ენდობიან საქართველოში საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
  • საკრედიტო პირობების დამძიმების შედეგად, ეკონომიკაში განსახორციელებელი უცხოური ინვესტიციების შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რამაც უმუშევრობას კიდევ უფრო გაზრდაც შეიძლება გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის მიღება, მომავალში კი სიფრთხილით მოეკიდოს ნებისმიერ ინიციატივას, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე. ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ ეს სფერო რეფორმირებას საჭიროებს და მივესალმებით, თუკი ამ კუთხით ხელისუფლება შესაბამის ინიციატივებს წარმოადგენს. თუმცა, ეს ცვლილებები უნდა იყოს ეტაპობრივი და მაქსიმალურად უმტკივნეულო ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია, ამ სფეროს რეფორმირების პროცესში ფინანსური ინსტიტუტები აქტიურად იყვნენ ჩართული.

ამასთანავე, დასაფიქრებელია, ხომ არ არის ეს ინიციატივა საარჩევნოდ მოტივირებული და ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენება. ასეთი გაუმართლებელი ინიციატივები, რომლებიც რეალურად პრობლემის გადაწყვეტისკენ კი არა, მხოლოდ ამომრჩევლის ნების ფორმირებისკენ არის მიმართული, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას ჰგავს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
parliament