ENG

იმერეთში თვითმმართველობების მიერ საჯარო ინფორმაციის მოწოდება კვლავ პრობლემად რჩება

10 იანვარი, 2019

 

იმერეთის მუნიციპალიტეტები საჯარო ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასცემენ, ხშირ შემთხვევაში კი გაცემული ინფორმაცია არასრულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კვლევებისა და სტატიების მომზადებისას ხშირად მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა. იმერეთის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში კი ამ კუთხით პრობლემები არაერთხელ შეგვქმნია.

საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესის მონიტორინგის მიზნით, ჩვენმა ორგანიზაციამ, 2018 წლის სექტემბერში საჯარო ინფორმაცია იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტის მერიიდან და საკრებულოდან გამოითხოვა. ინფორმაცია ეხებოდა საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურებას, მივლინებებზე, საწვავსა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებზე დახარჯულ საბიუჯეტო თანხებს.

მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  • იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდა მხოლოდ ხონის მერიამ;
  • საჩხერისა და ტყიბულის მერიებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს არასრულად;
  • 12 მერიას შორის, მხოლოდ ტყიბულის მერიიდან მივიღეთ ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრვულ ვადებში[1];
  • ინფორმაცია ასევე არ მოგვაწოდა საჩხერის საკრებულომ;
  • რეგიონის 12 საკრებულოდან, მხოლოდ ტყიბულის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო არასრული;
  • ინფორმაციის მოწოდების კანონით განსაზღვრული ვადა ყველა საკრებულომ დაარღვია

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკში:

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს იმერეთის მუნიციპალიტეტებს:

  • საჯარო ინფორმაცია გასცენ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში -  დაუყოვნებლივ ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 10 დღის განმავლობაში, რის თაობაზეც მყისიერად უნდა აცნობონ განმცხადებელს;
  • მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცენ სრულყოფილად და ამომწურავი შინაარსით;
  • უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის  პროაქტიული გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე.

 


[1] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 40-ე

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“