იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ვებ-გვერდები გააუმჯობესეს, თუმცა ხარვეზები რჩება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვებ-გვერდების გამჭვირვალობის ხარისხი გაზარდა, თუმცა ამ დრომდე რჩება ხარვეზები.
2017 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტები ჯეროვნად არ ასრულებდნენ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, 2018 წელს კი ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ შეისწავლა თორმეტივე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდები და ადმინისტრაციულ ორგანოებს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებისა და თანამშრომლობის შედეგად:
- სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ დადგენილებები მიიღეს
- ხონისა და ჭიათურის საკრებულოებმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ახალი დადგენილებები მიიღეს
- წყალტუბოს საკრებულომ, ჩვენი მიმართვის შესაბამისად, განახორციელა ცვლილება დადგენილებაში
- 2018 წელს განხორციელებულ კვლევაში მითითებული ხარვეზები გამოასწორეს და დადგენილების მიხედვით ვებ-გვერდებზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს ტყიბულის, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა
- 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების მუშაობის ხარისხი.
მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება რამდენიმე საკითხი ვებ-გვერდების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. კერძოდ:
- იმერეთის მუნიციპალიტეტიდან, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ დადგენილების მიხედვით, ვებ-გვერდზე ინფორმაცია განთავსებული აქვს მხოლოდ ტყიბულის, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს. ხონის, ჭიათურის, ხარაგაულის, სამტრედიის, ბაღდათის, ზესტაფონის, ვანისა და ქუთაისის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია კი არ შეესაბამება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ დადგენილებას.
- თორმეტიდან მხოლოდ ექვსი მუნიციპალიტეტის (წყალტუბო, ბაღდათი, ზესტაფონი, ვანი, თერჯოლა, საჩხერე) საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები შეესაბამება საქართველოს მთავრობის 219-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს. ტყიბულის, ხონის, ჭიათურის, ხარაგაულის, სამტრედიისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებები არ ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ასეთივე სტანდარტს: დადგენილებები არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ; ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი.
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი 2019 წლის 27 თებერვლამდე არ ფუნქციონირებდა, ამჟამად ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს.
- 2019 წელს ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები იყენებენ ვებ-გვერდების ახალ მისამართებს, თუმცა ტყიბულისა და ჭიათურის საკრებულოებს აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დადგენილებებში ამ დრომდე არ აუსახავთ. სამტრედიის საკრებულოს დადგენილებაში მითითებული ვებ-გვერდის მისამართი არ ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტი ისევ ძველ მისამართს იყენებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც აქვთ ოფიციალური ვებ-გვერდები, დროულად უზრუნველყონ სრული ინფორმაციის ატვირთვა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა რეგულარულად განაახლონ ვებ-გვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.