იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება
არჩევნებზე პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმერეთის მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიული სიების პირველ ნომრებზე.
წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.
კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:
ორგანიზაციის მიერ გამოკვლეულ 5 პარტიას შორის, მერობის კანდიდატი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” და საარჩევნო ბლოკ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. საარჩევნო ბლოკ “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი არ ჰყავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხოლო საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს” მერობის კანდიდატები ჰყავს მხოლოდ ხარაგაულში, ზესტაფონსა და წყალტუბოში. რაც შეეხება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, მერობის კანდიდატები არ წარუდგენიათ საჩხერეში, ბაღდათსა და ხონში.
იმერეთის მუნიციპალიტეტში მერობის 73 კანდიდატს შორის მხოლოდ ხუთია ქალი.
იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიების პირველ ნომრებს შორის 20 ქალია, აქედან ორი ქალი კანდიდატი მმართველმა პარტიამ წამოაყენა. ყველაზე მეტი ქალი პარტიული სიის პირველ ნომრად (9 კანდიდატი) პარტიამ “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” დაასახელა.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 12 კანდიდატიდან, 3 შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ბაღდათი, სამტრედია, ხარაგაული) მოქმედი გამგებელია;
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ შესწავლილ კანდიდატებს შორის 11 კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებმაც გაიღეს შემოწირულობა პარტიებისთვის. შესწავლილი კანდიდატები, ძირითადად, საკუთარ პარტიებს ურიცხავენ შემოწირულობებს. კახაბერ მახათაძემ - “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა 2016-2017 წლებში, დანარჩენ შესწავლილ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისთვის, კერძოდ მან “ქართულ ოცნებას” - ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა. 89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას საარჩევნო ბლოკ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.
“ქართული ოცნების” 12 კანდიდატიდან 6 მერობის კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გიორგი ჭიღვარია-ქუთაისი, კახაბერ მახათაძე-ზესტაფონი; ბონდო სოფრომაძე-თერჯოლა; არჩილ გოგსაძე- ბაღდათი; ლადო ჯურხაძე-ხონი; ვალერიან ფოცხვერია-სამტრედია.); “ევროპული საქართველოს” მერობის ერთი ( კობა მოდებაძე-საჩხერე) და “პატრიოტთა ალიანსის” სამი კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე-ქუთაისი; ხვიჩა წკეპლაძე-თერჯოლა; პაატა კიკნაძე-ხარაგაული).
შესწავლილი პარტიების პარტიული სიების პირველ ნომრებად წარდგენილი კანდიდატებიდან “ქართული ოცნების” 2 კანდიდატი (ნიკოლოზ ლატარია-ქუთაისი, მანანა ბარბაქაძე-ხარაგაული), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” 3 კანდიდატი (ბესიკ ბრეგაძე-ქუთაისი; პაატა ლეჟავა-ვანი; მამუკა საღარეიშვილი-წყალტუბო) არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.
ქუთაისი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
გიორგი ჭიღვარია - ქუთაისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი ჭიღვარია 2015-2017 წლებში იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, წარსულში ქუთაისის მერიაში მერის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იმერეთის კოორდინატორის მოადგილე, ასევე ამავე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ქონება და ბიზნესინტერესები:
გიორგი ჭიღვარიას მიერ 2017 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ქუთაისში, თბილისსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, ასევე მიწის ნაკვეთს ქუთაისში (1995 წელს გიორგი ჭირღვაიას მამამ საცხოვრებელ სახლში 10 000 აშშ დოლარი, გიორგი ჭირღვაიამ 2007 წელს მიწის ნაკვეთში 5600 ლარი, მეუღლემ, თამთამ ფოფხაძემ, კი 2013 წელს თბილისში ბინის შესაძენად 39000 აშშ დოლარი გადაიხადა). გიორგი ჭიღვარია ასევე არის შპს “კოლეგიოს” (ს/კ - 204562179) მეწილე, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული.
ნიკოლოზ ლატარია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ნიკოლოზ ლატარია 1997-1998 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში სამშენებლო კომპანიის დირექტორის თანაშემწედ, 1998-2005 წლებში იყო შპს ”ოკრიბას“ მთავარი ეკონომისტი; 2005-2010 წლებში იყო შპს ”არენას“ დირექტორი, პარალელურად საკუთარი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. 2014 წლიდან კი არის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ნიკოლოზ ლატარიას მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ საცხოვრებელ სახლს, ბინასა და მიწის ნაკვეთს ქუთაისში, ასევე ბინებს თბილისსა და ქობულეთში (მეუღლის სახელზე თბილისში არსებული ბინის შესაძენად 90000 აშშ დოლარი, ქობულეთში კი 67000 აშშ დოლარი გადაიხადეს. შვილის სახელზეა ქუთაისში 2017 წელს 37000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა). ნიკოლოზ ლატარია ასევე არის შპს “ნიკოილი თერჯოლას” 50%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს “გიოს” 40%-იანი წილისა და შპს “ნიკოილი 9”-ის 100%-იანი წილის მფლობელი. ასევე შპს “ფრეშ ფუდის” 55%-იანი წილის მესაკუთრე.
შემოწირულობა: ნიკოლოზ ლატარიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს ჯამში 1306 ლარი შესწირა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გრიგოლ ვაშაძე 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში; 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი; 1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR"; 2008 წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2008 წლის ნოემბრიდან კი იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა; 2017 წლიდან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრია.
ქონება და ბიზნესინტერესები:
გრიგოლ ვაშაძემ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო, რომლის თანახმადაც, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ საცხოვრებელ სახლსა და ბინას თბილისში, ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს (100 ჰექტარი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. დეკლარაციის შევსების შემდგომ გრიგოლ ვაშაძის მეუღლის ნინო ანანიაშვილის საკუთრება გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარდაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ასევე მცხეთაში, სოფელ გალავანში 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნინო ანანიაშვილი ასევე არის შპს “NINA ANANIASHVILI & WINE ART”-ის 50% და შპს “პირველი სავაჭრო კომპანია LTD First Trading Company” 40% წილების მესაკუთრე.
ბესიკ ბრეგაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სპეციალისტად, შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური დაგეგმარების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეკრულებათა რეგისტრაციის სამმართველოს სპეციალისტად. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ფილიალების კოორდინატორი, ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრი, შპს „კოპიტნარის” დირექტორი, ქალაქ ქუთაისის მერი. ამჟამად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ბესიკ ბრეგაძე და მისი ოჯახის წევრები ფლობენ ბინას, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ქუთაისში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბესიკ ბრეგაძე ასევე ფლობს წილებს შემდე კომპანიებში: შპს “საქექსპერტსერვისი” (ს/კ - 212867922), შპს “ჯვაროსნები” (ს/კ 412672317) - 100% წილი, შპს “შპს” (ს/კ - 412673548) - 100% წილი, შპს “დაიკა” (ს/კ - 212856248) - 25% წილი. ბესიკ ბრეგაძის წილობრივ მფლობელობაში მყოფი კომპანიებიდან ტენდერში მონაწილეობა მიღებული აქვს შპს “დაიკას” (ქუთაისის მერიამ გამარტივებული შესყიდვით მიიღო 290 ლარის ღირებულების მომსახურება 2016 წელს). ასევე შპს “შპს-მ” 2011 წელს გაიმაჯვა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულებამაც 35 000 ლარი შეადგინა.
შემოწირულობა: ბესიკ ბრეგაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს 10 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 1200 ლარი შესწირა.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
დავით გოგისვანიძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი და პროპორციული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება :
დავით გოგისვანიძე პროფესიით ექიმია, იგი სამჯერ იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის სამსახურში, იყო ქუთაისის ჩხობაძის სახელობის სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამავე ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი; საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ქონება:
დავით გოგისვანიძე ფლობს საცხოვრებელ სახლს, არასაცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთს ქუთაისში.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
გიორგი წულაია - ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი (გოგი) წულაია ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი: 1992 წელს იგი პარლამენტის წევრი გახდა საარჩევნო ბლოკიდან “კონსერვატიული (მონარქისტების) პარტია”, 2008 წელს კი საარჩევნო ბლოკიდან “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები”. 1996-1999 წლებში იყო ქუთაისის, ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; ბოლო წლებში გიორგი წულაია პარტია „თავისუფალი საქათველოს“ რიგებს შეუერთდა და იმერეთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემთა თანახმად, გიორგი წულაია ფლობს ბინას ქუთაისში.
“დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
გრიგოლ ბახტაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გრიგოლ ბახტაძე ფლობს მიწის ნაკვეთს, შენობა-ნაგებობითურთ ხონში, ბინას ქალაქ ქუთაისში, ბინას ქალაქ თბილისში და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქუთაისში. გრიგოლ ბახტაძე ასევე არის ოთხი შპს-ის დირექტორი და ამ კომპანიების წილების მფლობელი, კერძოდ - შპს “ბემონი” 100% წილი და დირექტორი; შპს “ფაზისის” 25% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს“ლეგის” 50% წილის მფლობელი და დირექტორი და შპს “ბემონი XXI” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.
შემოწირულობა:
გრიგოლ ბახტაძემ 2016-2017 წლებში “საქართველოს პატრიორტთა ალიანსს” თანხა ცხრაჯერ შესწირა, ჯამში 11 431 ლარის ოდენობით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
კახაბერ მახათაძე - ზესტაფონის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1998-1999 წლებში იყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი; 1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა; 2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი, სამთავრობო კომისიის წევრი; 2011 წლიდან კვლავ საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია.
ქონება და ბიზნესინტერესები:
კახაბერ მახათაძე შპს „კაფ – ჯგუფისა“ , „ შპს „ჯეოლოტო“ და “შპს გრუზსპირტპრომი” 100% წილის მფლობელია, ასევე 65% წილის მესაკუთრეა შპს „იმერეთი 2011- ში“ და შპს „GVMT Group-ში“ 50% წილს ფლობს, ხოლო შპს „იმერეთი 777” -ში 34% წილის მესაკუთრეა. მან მიმდინარე წლის სექტემბერში სხვა პირებს გადააბარა როგორც ხელმძღვანელი პოზიციები, ასევე წილების მართვა.
შპს “იმერეთი 2011”-მა 2015 წელს გამარტივებული შესყიდვით 3 ხელშეკრულება დადო, რომელთა საერთო ღირებულებამ 1355 ლარი შეადგინა.
შემოწირულობა:
კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს 50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს-40 000 ლარი შესწირა.
ვახტანგ ღამბაშიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ვახტანგ ღამბაშიძე 2007–2012 წწ. სს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალების ქსელისა და განვითარების სამსახურის ლოჯისტიკის ოფიცერი იყო. 2012–2014 წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურში. 2014 წლიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ქონება:
ვახტანგ ღამბაშიძის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მამამისი აკაკი ღამბაშიძე ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ზესტაფონში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
დავით ფერაძე -ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
დავით ფერაძე არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. იგი 2016 წელს იყო ფრაქცია “დამოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე.” დღეის მდოგმარეობით იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ირიცხება.
ქონება:
დავით ფერაძის მიერ 2016 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ იგი სოფელ ზედა საქარაში ფლობს როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ ფართს, ხოლო მის მეუღლე თამარ ხელაშვილს აქვს ორი ბინა თბილისში.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
გელა სხილაძე - ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გელა სხილაძე ზესტაფონში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში სახელმწიფოს წარმომადგენლად მუშაობდა. ამჟამად ზესტაფონის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია. მან მანდატი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოიპოვა, მოგვიანებით კი - “მოძრაობა თავისუფლებითვის - ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გელა სხილაძე საცხოვრებელ ბინის მესაკუთრეა ქალაქ ზესტაფონში.
შემოწირულობა:
გელა სხილაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2014 წელს 1200 ლარი შესწირა.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
გივი თუთბერიძე - ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გივი თუთბერიძე არის ზესტაფონის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ფრაქცია “ზესტაფონის” თავმჯდომარე.
ქონება:
გივი თუთბერიძის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაში ირიცხება როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე მიწის ნაკვეთი ზესტაფონში.
შემოწირულობა:
მან 2015 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” 50 ლარი შესწირა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ბონდო სოფრომაძე - თერჯოლის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ბონდო სოფრომაძე 1991 წელს დაინიშნა თერჯოლის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 1993-1994 წლებში იყო ჯერ თერჯოლის რაიონის ავტომოტოსერვისის გაერთიანების დირექტორი; შემდეგ ზესტაფონის საბაჟო სამსახურის საგუშაგოს უფროსი; 1997 წელს იყო ქუთაისის საბაჟო სამსახურის საფინანსო საგადასახადო და სტატისტიკის სამსახურის უფროსი; 2000 წელს მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსად. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსი; 2010 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2014 - 2015 წლებში იყო შპს „ახალი დონის“ დირექტორი; 2015 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ინპექტირების მთავარ სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს უფროსად; 2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ბონდო სოფრომაძე, 2017 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ნაკვეთებს სოფელ დიღომში (5000 აშშ დოლარად), გარდაბანსა და თერჯოლაში, ასევე საცხოვრებელ სახლს თერჯოლაში, ბინას თბილისსა და ქობულეთში. მისი მეუღლე, ირმა ჩაფიჩაძე, ფლობს საცხოვრებელ სახლს, ბინასა და არასაცხოვრებელ ფართს ქ.თბილისში, ხოლო შვილი, გიორგი სოფრომაძე, თბილისში ბინის მესაკუთრეა.
ბონდო სოფრომაძე არის შპს “ახალი დონის” 100% წილის მესაკუთრე, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი შვილი გიორგი სოფრომაძე.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
ტარიელი ფანჩულიძე - თერჯოლის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ტარიელ ფანჩულიძე 2016 წლამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, თუმცა მოგვიანებით, “მოძრაობა თავისუფლებითვის - ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა. 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე “მოძრაობა თავისუფლებითვის - ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტარიელ ფანჩულიძის სახელზე რაიმე ქონება არ არის რეგისტრირებული.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
რევაზ მაჭარაშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
რევაზი მაჭარაშვილი არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე.
ქონება:
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ რევაზ მაჭარაშვილს საკუთრებაში აქვს 3 მიწის ნაკვეთი, ასევე საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთის ეზო თერჯოლაში.
“დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ხვიჩა წკეპლაძე - თერჯოლის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
ქონება და ბიზნესინტერესები:
ხვიჩა წკეპლაძეს შპს “ავტოპარკინგში” 33,4% წილის, შპს “ინვესტინგ ჯორჯიას” დირექტორი და 67% წილის მესაკუთრეა. ის ასევე არის შპს “ალელთას” დირექტორი და 100% წილის მფლობელი. ამასთან, ხვიჩა წკეპლაძე ააიპ “ანტიმონოპოლიური, ანტიკორუფციული ორგანიზაცია ამიკოს” გამგეობის წევრია.
შემოწირულობა:
ხვიჩა წკეპლაძემ 2014-1016 წლებში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 89 234 ლარი შესწირა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
არჩილ გოგსაძე - თერჯოლის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
არჩილ გოგსაძე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. 1998-2012 წლებში “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის“ ფინანსური მენეჯერი, დირექტორის მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი იყო; 2016 წლიდან ბოლო დრომდე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა;
ქონება და ბიზნესინტერესები:
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ორი ბინის მესაკუთრეა ქ. თბილისში (2001 წელს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ბინის შესაძენად 20000 აშშ დოლარი, 2009 წელს კი ამავე მისამართზე ახალი ბინისთვის 65000 აშშ დოლარი გადაიხადა).
არჩილ გოგსაძე ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის „ღვინის პარკის“ დირექტორის თანამდებობას იკავებს; ამასთან, არჩილ გოგსაძე შპს „აგუნას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია, ასევე შპს “გრანდის” 50 % წილის და შპს “არქიტექსის” 50%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა შპს “არქიტექსის” წილი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს .
შალვა მშვილდაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
შალვა მშვილდაძე ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს, ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრი. 2017 წლის არჩევნებზე კენჭს იყრის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის პირველ ნომრად.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
გიორგი რობაქიძე - ბაღდათის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გიორგი რობაქიძე 1998-2002 წლებში ბაღდათის რაიონის საკრებულოს წევრი იყო. 2004-2005 წლებში ბაღდათის რაიონის გამგებელის პირველი მოადგილის, ხოლო 2005-2006 წლებში ბაღდათის რაიონის გამგებელის თანამდებობა ეკავა. 2006-2010 წლებში, ასევე 2010-2014 წლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ქონება:
გიორგი რობაქიძე, 2017 წელს შევსებული დეკლარაციით, ბაღდათში მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ ფართს ფლობს, ხოლო მისი შვილი, ჯუმბერ რობაქიძე - თბილისში მდებარე საცხოვრებელ ბინას (შვილის სახელზე თბილისში არსებული ბინის შესაძენად 2016 წელს 44000 დოლარი გადაიხადეს, ბაღდათში სახლისა და მიწის ნაკვეთისთვის კი 2006 წელს ჯამში 20000 ლარი).
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
შალვა დათუაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
შალვა დათუაძეს 2004-2008 წლებში იმერეთში გუბერნატორის მოდგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შალვა დათუაძე ბინის მესაკუთრეა ქ. თბილისში.
შემოწირულობა:
2014 წელს შალვა დათუაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადასცა 1200 ლარი არაფულადი სახით.
“დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
როლანდ გაჩეჩილაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
როლანდ გაჩეჩილაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მან საკრებულოში ადგილი მოიპოვა “ქართული ოცნების” პარტიული სიით, თუმცა მალევე დატოვა “ქართული ოცნების” რიგები და ამჟამად “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით იყრის კენჭს.
ხონის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ლადო ჯურხაძე - ხონის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლადო ჯურხაძე 2000-2006 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე „ენერგოგენერაციაში“; 2007 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შიდა აუდიტორად, შემდეგ კი გახდა სს „ტრანსმშენის“ ფინანსური დირექტორი; 2009-2017 წლებში მუშაობდა ჰოლდინგურ კომპანია „კაუკაზუს ოტომოუტივ რითეილში“ ფინანსურ დირექტორად.
ქონება და ბიზნეს ინტერესები:
საჯარო რეესტრში ლადო ჯურხაძის სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის რეგისტრირებული.
იგი რამდენიმე შპს-ის დირექტორი და მეწილეა, კერძოდ: შპს “გლობალ ენერჯი სოლუშენს”- დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “ბატონო ტრეველიძე” - დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “მახაუტო” - დირექტორი და 100% წილის მფლობელი.
ვალერი ბახტაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ვალერი ბახტაძე 2001-2003 წლებში იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2003-2005 წლებში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შიდა გადაზიდვების სამსახურის უფროსად; 2013-2014წწ. იყო თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის აღრიცხვის სპეციალისტი; 2014 წლიდან კი არის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ქონება:
ვალერი ჯურხაძის მიერ 2017 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ხონში და ბინა ქალაქ თბილისში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ნაზიბროლა გეგია - ხონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხონის მერობის კანდიდატი ნაზიბროლა გეგიაა, თუმცა ჩვენ ინფორმაცია მისი სამუშაო გამოცდილებისა თუ ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ ვერ მოვიპოვეთ. მის სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემებში რაიმე სახის ქონება ან ბიზნეს წილი არ არის რეგისტრირებული.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
აკაკი ბობოხიძე - ხონის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1990-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, 1992 წელს გახდა სახელმწიფო საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, 1998-2001 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის რწმუნებულის პოზიციაზე, 2006 წელს იყო თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2006-2008 წლებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში. აკაკი ბობოხიძე არის საქართველოს V,VI, VII, VIII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი.
ქონება:
აკაკი ბობოხიძის მიერ 2017 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ საცხოვრებელ სახლს ქალაქ თბილისში, ასევე მიწის ნაკვეთებს თბილისში, ქუთაისსა და საგარეჯოში (2004 წელს აკაკი ბობოხიძემ თბილისში, დიღომში ბინის შესაძენად 80 000 ლარი გადაიხადა; მეუღლემ ნანა გოდერძიშვილმა 2005 წელს საგარეჯოში 45 ჰექტარი მიწის შესაძენად 13200 ლარი გადაიხადა; 2010 წელს ბობოხიძემ 90000 აშშ დოლარად ვაშლიჯვარში სახლი შეიძინა, 2011 წელს 36000 აშშ დოლარად კი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. ბოლო შენაძენი 2013 წლით თარიღდება - 39000 დოლარად ქუთაისში 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა).
შემოწირულობა:
აკაკი ბობოხიძემ 2012 -2016 წლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” 35 990 ლარი, ხოლო 2017 წელს “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” 15 000 ლარი შესწირა.
ზურაბ ჯიბუხაია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ზურაბ ჯიბუხაია ხონის ყოფილი გამგებელია. 2014 წელს დააპატიმრეს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც კენჭს იყრიდა გამგებლის თანამდებობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატთან მეორე ტურში დამარცხდა.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ჯიბუხაია ფლობს საკარმიდამო ნაკვეთსა და სახლს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში.
ვანის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ალექსანდრე გოგორიშვილი - ვანის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ალექსანდრე გოგორიშვილი 1992 წლიდან არის “ლიბერთი ბანკის” ვანის ფილიალის მმართველი.
ქონება:
ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული სახლის თანამესაკუთრეა.
ალექსანდრე ლილუაშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ალექსანდრე ლილუაშვილი 2012 წლის აპრილიდან არის „ქართული ოცნების“ ვანის საარჩევნო შტაბის იურისტი. 2014 წლის მარტიდან დღემდე პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას იყო კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვანის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ქონება:
ალექსანდრე ლილუაშვილი, 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა (დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ლილუაშვილს 2012 წელს ბათუმში 25000 ლარად შეძენილი ბინის 50% ეკუთვნის. 2017 წელს ლილუაშვილმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 4500 ლარად შეისყიდა). მისი ძმის, ბაკურ ლილუაშვილის, საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი სახლი ვანში, ასევე ალექსანდრე ლილუაშვილის შვილის, დაჩი ლილუაშვილის, სახელზე ირიცხება ვანში მდებარე მიწის ნაკვეთი .
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
თორნიკე ერისთავი - ვანის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
1998-2006 წწ. სოფელ სალომინაოს საკრებულოს თავმჯდომარე იყო; 2006-დღემდე სამჯერ გახდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2006-2010 წწ. – საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე იყო; 2010-2014 წწ. კი - ფრაქცია „ნაციონალების“, 2014 წლის აგვისტოდან – საკრებულოს ფრაქცია „ენმ-ავამუშაოთ ვანის” თავმჯდომარე.
ქონება:
თორნიკე ერისთავის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მის სახელზე ვანის ტერიტორიაზე ირიცხება მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი (მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო არასაცხოვრებელი გართი 2012 წელს 500 ლარად შეიძინა). ასევე თორნიკე ერისთავის დედა, ნონა ერისთავი, არის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ვანში.
პაატა ლეჟავა - პარტიული სიის პირველი ნომერი ვანის მუნიციპალიტეტში
სამუშაო გამოცდილება:
პაატა ლეჟავა 1996-2001 წწ. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2001 - 2003 წწ. გაეროს განვითარების პროგრამის იურისტის თანამდებობა ეკავა. 2004-2016 წლებში საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ქონება და ბიზნესინტერესები:
პაატა ლეჟავა საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია თბილისში მდებარე ორი არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი წყნეთში.
პაატა ლეჟავა არის შპს “დილატო ფიტნეს კლუბის” 33%-იანი წილის მფლობელი, რომელსაც ამჟამად ლაშა ლეჟავა მართავს..
შემოწირულობა:
პაატა ლეჟავას 2016 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირული აქვს 20 000 ლარი.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
გია ოჩხიკიძე - ვანის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გია ოჩხიკიძე 1998-2006 წლებში სოფელ ტობანიერის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2006-2010 წწ. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მას წინა მომწვევის საკრებულოშიც ეკავა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილის თანამდებობა.
კობა ძაგნიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი.
სამუშაო გამოცდილება:
კობა ძაგნიძე 2015 წელს იკავებდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და შემდგომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კობა ძაგნიძე არის არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე ვანში და ასევე ბინის მესაკუთრე ქ.ქუთაისში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ვალერიან ფოცხვერია - სამტრედიის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ვალერიან ფოცხვერიას 1998-1999 წლებში სამტრედიის რაიონის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა; 1999-2002 წლებში სამტრედიის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე იყო; 2002-2004 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის სოფ. ეწერის გამგებლად; 2012 წლიდან არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, ხოლო 2014 წლიდან სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ქონება და ბინზნეს ინტერესები:
ვალერიან ფოცხვერია 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მიწის ნაკვეთს ფლობს სამტრედიაში, რომელიც შევსების ფორმით მიიღო. ხოლო დედამ, მედეა ფოცხვერიამ, მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში.
ვალერიან ფოცხვერია შპს “ელიტა 5 +” 20% წილის მესაკუთრეა.
ნუგზარ ჯამბურია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ნუგზარ ჯამბურია 2008-2011 წწ. იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის და აღორძინების ფონდის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი. ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ქონება და ბიზნეს ინტერესები:
ნუგზარ ჯამბურიას მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ჯამბურია ორი მიწის ნაკვეთისა და ერთი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ( ერთი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით მიიღო, რომლის 33 % წილის მესაკუთრეა, ხოლო 2000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი 2012 წელს შეიძინა). მისი მეუღლე ნანა ივანიშვილი არასაცხოვრებლი ფართისა და ასევე ბინის მესაკუთრეა თბილისში, რომელიც 2002 წელს 7500 დოლარად შეიძინა.
ნუგზარ ჯამბურია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
მამუკა ბიბილეიშვილი - სამტრედიის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
მამუკა ბიბილეიშვილი 1995 წელს მუშაობას შეუდგა პარლამენტის წევრის ბიუროში, დეპუტატის თანაშემწედ; 1998 წელს არჩეული იქნა სამტრედიის რაიონის საკრებულოში ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომისიის თავმჯდომარედ; 2000 წელს დაინიშნა სამტრედიის ქალაქის გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსად; 2002 წელს იყო სამტრედიის ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსი; 2004 წელს არჩეული იქნა სოფელ დიდი ჯიხაიშის საკრებულოს თავმჯდომარედ; 2006 წელს აირჩიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, სადაც საფინანსო საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო; 2008 წელს დაინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ; 2011-2015 წლებში მუშაობდა სს “ბანკ რესპუბლიკაში”. 2014 წლის 15 ივნისიდან აირჩიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. არის პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
ემზარ შუბლაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ემზარ შუბლაძე 1998-2008 წლებში ადვოკატად მუშაობდა. 2008-2009 წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. 2009-2010 წწ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2010-2014 წლებში იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ხოლო 2014 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ქონება და ბიზნესინტერესები:
ემზარ შუბლაძეს 2016 წლის შევსებული დეკლარაციის მიხედვით საკუთრებაში აქვს 4 მიწის ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.
ემზარ შუბლაძის მეუღლეს, ლელა გოლიაძეს, შპს “ქარვასლაში” აქვს 25%-იანი წილი და ასევე 15%-იანი წილის მესაკუთრეა შპს “ელიტაში”.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
ავთანდილ სტურუა - მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ავთანდილ სტურუა 2006-2008 წლებში იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2008-2012 წლებში მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოდან” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით. შედგომში, ავთანდილ სტურუამ დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გადაინაცვლა პარტია “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ავთანდილ სტურუას საკუთრებაშია სამტრედიაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.
შემოწირულობა:
ავთანდილ სტურუამ 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 3000 ლარი, ხოლო 2017 წელს “ევროპულ საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 1000 ლარი.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
ვლადიმერ ქანთარია - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ვლადიმერ ქანთარია ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის წევრია.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ბენიამინ ფალავანდიშვილი - საჩხერის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ბენიამინ ფალავანდიშვილი 1998 - 2007 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია „თბილისი 96“-ში; 2007 - 2014 წლებში იყო შპს „ელიტაბურჯის“ არქიტექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური უფროსის თანამდებობაზე;
2014 წლიდან დღემდე მუშაობს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ლევანი ივანაშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან ივანაშვილი 2013-2014 წლებში იყო სოფ. ჭორვილის საჯარო სკოლის დირექტორი, 2014 წელს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”-ს საჩხერის რაიონული ბიუროს პარტიის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შტაბის უფროსი. 2014 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეა.
ქონება:
ლევანი ივანაშვილის მიერ 2017 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მის საკუთრებაშია თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა, საცხოვრებელი ფართი, ასევე მემკვიდრეობით მიღებული საჩხერეში არსებული მიწის ნაკვეთიც. ხოლო მისი მამის ჯემალი ივანაშვილის საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული უძრავი ქონება ჯემალ ივანიშვილს მემკვიდრეობით გადაეცა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ირინე გრძელიშვილი - საჩხერის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ირინე გრძელიშვილი 1991-93 წლებში მუშაობდა ქ. ჭიათურის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში; 1993-95 წლებში - ქ. ჭიათურის სახ.საწარმოო „პასიეთში“. 1996 -2015 წლებში იყო ქ.საჩხერის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი სხვადასხვა თანამდებობებზე. 2016 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩხერის ქალთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
თედორე კალმახელიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
თედორე კალმახელიძე იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე 2012 წელს.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თედორე კალმახელიძე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა საჩხერეში.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
კობა მოდებაძე - საჩხერის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
ბიზნეს ინტერესები:
კობა მოდებაძე არის შპს “ჯიემჯის” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი, ასევე არის 2 ააიპ-ის “კავკასიური ინიციატივა” და “განვითარების ინტერპარტიული რეგიონალური ინსტიტუტი” გამგეობის წევრი. იგი არის ასევე შპს “ორბის” დირექტორი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
თემურ ჩუბინიძე - ტყიბულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
თემურ ჩუბინიძე 1981-2004 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში - არის პოლიციის პოლკოვნიკი; 1994-1997 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1997-1998 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსის მოადგილედ;1998-2001 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების (ქ. ხაშური) უფროსის თანამდებობა; 2001-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 2004-2009 წლებში მუშაობდა შპს „კასპიან კრედოს“ დაცვის სამსახურში; 2012-2013 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2013-2014 წლებში ეკავა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა; 2014-2016 წლებში მუშაობდა შპს „სინათლის ქალაქში“ ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ - განყოფილების უფროსად; 2016 წლის ივლისიდან ბოლო დრომდე ეკავა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა;
ქონება:
თემურ ჩუბინიძის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია ტყიბულში მდებარე ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო, ასევე ორი საცხოვრებელი ფართი ტყიბულში, რომელთაგანაც ერთი იყიდა 5000 მანეთად, ხოლო მეორე ააშენა 5000 ლარად. ასევე თემურ ჩუბინიძეს საკუთრებაში აქვს თბილისში 16 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი ფართი და 1000 ლარად აშენებული ავტოფარეხი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ლევან დოხნაძე - ტყიბულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ლევან დოხნაძე 2007-2012 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ასევე, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
დავით ქათამაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
დავითი ქათამაძე არის 2014 წლიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ქონება:
დავით ქათამაძის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია თბილისში მდებარე ბინა (რომელიც 2008 წელს 15000 დოლარად შეიძინა), ხოლო მისი დედის, ფერიდე ობოლაძის, სახელზე ირიცხება ასევე ბინა ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
რუსლან ჯულაყიძე - ტყიბულის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იურისტად.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
თენგიზ ჭიქაბერიძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
1985-1988წწ. იყო არხანგელსკის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი, ონკოლოგიური დისპანსერის ონკო-გინეკოლოგი; 1988 წელს ტყიბულის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1992-1995წწ. ქირურგიული განყოფილების გამგე და ქალაქის საკრებულოს დეპუტატი. იგი იყო მე-4 პარლამენტის მოწვევის დეპუტატი.
ქონება და ბიზნესინტერესები:
თენგიზ ჭიქაბერიძე არის თბილისში ფართის მესაკუთრე.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით ის რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ.
შემოწირულობა:
თენგიზ ჭიქაბერიძემ 2013 წელს 874 ლარი გადარიცხა შემოწირულობის სახით “დემოკარტიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის”.
“დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
გოდერძი ცნობილაძე - ტყიბულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გოდერძი ცნობილაძე 1998-2006 წლებში მუშაობდა სოჩხეთის თემის გამგებლად. 2006-2012 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის სკოლის დირექტორი. 2013-2014 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე. ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის საკუთრებაშია ერთი მიწის ნაკვეთი მდებარე ტყიბულში, სოფელ სოჩხეთში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
გრიგოლ იოსელიანი - წყალტუბოს მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
გრიგოლ იოსელიანი იყო 1994-1996 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1997-2004 წლებში ეკავა „წყალტუბოგაზის” დირექტორის მოადგილის თანამდებობა; 2004 წლიდან ბოლო დრომდე იყო „ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის მენეჯერი;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ზაზა მეტრეველი - წყალტუბოს მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ზაზა მეტრეველი 2012-2013 წლებში იკავებდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.
ქონება:
ზაზა მეტრეველს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, აქვს ორი ბინა თბილისში.
მამუკა საღარეიშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
მამუკა საღარეიშვილს 1995-1998 წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამართველოს წამყვანი სპეციალისტის პოზიცია ეკავა. 1998-2002 წწ. იყო წყალტუბოს რაიონის საკრებულოს წევრი. ხოლო 2002 წელს ქალაქ წყალტუბოს გამგებელი. 2006-2010 წწ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. იგი მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ქონება და ბიზნეს ინტერესები:
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედით მამუკა საღარეიშვილი 3 ბინის მესაკუთრეა ქ.წყალტუბოში, ასევე ორი მიწის ნაკვეთის სოფელ ფარცხანაყანევსა და გუმბრაში ( მან ორი ბინა შეიძინა 2013 წელს 16000-16000 ლარად, მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება კი - 17 000 ლარია) . მისი მეუღლე, ირინა კუხიანიძე, არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ქ. ქუთაისში , რომელიც 2007 წელს 88 000 ლარად იყიდა.
მამუკა საღარეიშვილი შპს “კურორტტურის” (ს/კ 221278613) 25% წილის მესაკუთრეა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ აქვს მითითებული დეკლარაციაში.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
სევერიან გორდულაძე - წყალტუბოს მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი.
ქონება:
სევერიან გორდულაძე არის საცხოვრებელი ბინისა და ფართის მესაკუთრე ქ. წყალტუბოში.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
გოჩა უგულავა - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
გოჩა უგულავას 2004-2007 წლებში ეკავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობა, 2013-2014 წლებში ის იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
პაატა ნადირაძე - ჭიათურის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
პაატა ნადირაძე 1998 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, რეგიონული მმართველობისა და თვითმმართველობის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად; 1998-2000 წლებში ეკავა ქ. ჭიათურის ვიცემერის თანამდებობა; 2002-2003 წლებში იყო ქ. ჭიათურის საკრებულოს წევრი; 2003-2004 წლებში მუშაობდა შპს ,,საქართველოს რკინიგზაში“ ჯერ ტრანსპორტის სამსახურის უფროსად, შემდეგ ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2004-2007 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით; 2012-2014 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იმერეთის რეგიონის საარჩევნო შტაბების კოორდინატორი და იმერეთის რეგიონის რაიონული ორგანიზაციების კოორდინატორი; 2014-2015 წლებში მუშაობდა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ადმინისტრაციის უფროსად; 2015 წლის მარტიდან ბოლო დრომდე ეკავა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა;
ალექსანდრე ციცქიშვილი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ალექსანდრე ციცქიშვილი 2008-2011 დასაქმებული იყო ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 2009-2014 წლებში მუშაობდა სს საჩხერის საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების მორიგე ექიმად, ხოლო 2014 - დღემდე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ქონება:
ალექსანდრე ციცქიშვილის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მის საკუთრებაში ირიცხება მემკვიდრეობით მიღებული ერთი მიწის ნაკვეთი და ასევე ბინა ჭიათურაში, ხოლო მის მეუღლეს,ნათელა ღუღუნიშვილს, ეკუთვნის მემკვიდრეობით მიღებული ბინა ჭიათურაში.
შემოწირულობა:
ალექსანდრე ციცქიშვილმა 2012 წელს 1000 ლარი შესწირა “თავისუფალ დემოკრატებს”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
პროკოფ ჩიკვილაძე - ჭიათურის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
პროკოფ ჩიკვილაძე 2010-2012 წლებში იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მანამდე იგი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსად.
ქონება და სამეწარმეო საქმიანობა:
პროკოფ ჩიკვილაძეს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ფართი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
თენგიზ სამხარაძე - ჭიათურის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
თენგიზ სამხარაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით თენგიზ სამხარაძე სოფელ წყალშავსა და სოფელ უსახელოში სასოფლო- სამეურნეო მიწის მესაკუთრეა .
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”
ნიკოლოზ თოფურიძე - ხარაგაულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ნიკოლოზ თოფურიძე 2001-2002 წლებში საქართველოს ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში მუშაობდა; 2002-2003 წლებში სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს საგარეო განყოფილების უფროსი იყო; 2004-2005 წლებში ეკავა ხარაგაულის სატყეო მეურნეობის დირექტორის თანამდებობა; 2005-2009 წლებში იყო „ცენტრ პოინტის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2011 წლებში „ბლექ სი გრუპში“ პროექტის მენეჯერად მუშაობდა; 2012-2016 წლებში „საქართველოს ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტი იყო; 2016 წლის ნოემბრიდან ბოლო დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა;
ქონება:
2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ ნიკოლოზ თოფურიძეს საკუთრებაში აქვს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ერთი საცხოვრებელი სახლი და ასევე ერთი მიწის ნაკვეთი მდებარე ხარაგაულში. იგი არის ასევე ხარაგაულში მდებარე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლებიც აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირა. მისი მეუღლის, ეკატერინე კახიანის, საკუთრებაშია დუშეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 5000 ლარად იყიდა და ასევე თბილისში მდებარე ბინა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში.
მანანა ბარბაქაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
მანანა ბარბაქაძე 2012 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარეა, ასევე 2014 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი. 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2016 წლის 14 ნოემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
ქონება და ბიზნეს ინტერესები:
მანანა ბარბაქაძის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მას საკუთრებაში აქვს თბილისში ორი ბინა, რომლებიც 1991 და 1992 წლებში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და ასევე თბილისში მდებარე ერთი ავტოფარეხი, რომელზეც საკუთრების უფლება დაირეგისტრირა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე 2008 წელს. მანანა ბარბაქაძის საკუთრებაშია მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი მდებარე ხარაგაულში.
მანანა ბარბაქაძე არის შპს “მან ტური 2007”-ის დამფუძნებელი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ აქვს მითითებული დეკლარაციაში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
თორნიკე ავალიშვილი - ხარაგაულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
თორნიკე ავალიშვილი 2005 წელს „ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03“–ის ხელმძღვანელად დაინიშნა; 2006 წელს მონაწილეობა მიიღო თვითმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობიდან და აირჩიეს დაბის მაჟორიტარ დეპუტატად; 2007-2010 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობიდან და აირჩიეს დაბის მაჟორიტარ-დეპუტატად; 2010 წელს საკრებულომ აირჩია მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა.
ქონება:
თორნიკე ავალიშვილის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მას არ აქვს უძრავი ქონება.
ქეთევან ზუმბაძე - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
ქეთევან ზუმბაძე 1997-1999 წლებში სოფელ ფარცხნალის არასრული საშუალო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა; ხოლო 1999-2002 წლებში ლუდის ქარხანაში, ქიმიური ლაბორატორიის გამგედ; 2003-2005 წლებში იყო თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ ,,გორგასალში’’ ბიოლოგიის მასწავლებელი; 2009-2010 წლებში ხარაგაულის მე-2 საბავშვო ბაღის გამგედ დაინიშნა; 2010-2014 წლებში იყო ხარაგაულის ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი; 2014 წლიდან არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან."
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ქეთევან ზუმბაძე ქ.თბილისში ბინის მესაკუთრეა.
“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის”
ჯაბა მაღლაკელიძე - ხარაგაულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
ჯაბა მაღლაკელიძემ დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების მართვისა და წარმოების ორგანიზაციის სპეციალობით. იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, ასევე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი 2008-2012.
აკაკი მაჭავარიანი - პარტიული სიის პირველი ნომერი
სამუშაო გამოცდილება:
აკაკი მაჭავარიანი 2010 - 2014 წლებში იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. იგი დღემდე არის ხარაგაული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ქონება:
აკაკი მაჭავარიანის საკუთრებაში ირიცხება ორი მიწის ნაკვეთი ხარაგაულში, სოფელ ლაშეში, და ასევე, ერთი მიწის ნაკვეთი დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე.
“დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
პაატა კიკნაძე - ხარაგაულის მერობის კანდიდატი
სამუშაო გამოცდილება:
პაატა კიკნაძემ მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორის თანამდებობაზე. 1998 წელს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურისა და მხაზველობითი გეომეტრიის კათედრებზე გააგრძელა მუშაობა. ხოლო შემდგომში სამი წელი ქართულ-ებრაულ სამშენებლო კომპანიაში იყო დასაქმებული.
ბიზნესინტერესები:
პაატა კიკნაძე არის შპს “საპროექტო-სამშენებლო კომპანია ნიუ ბილდინგ”-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.