ENG

დროში გაწელილი რეორგანიზაცია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში

15 აგვისტო, 2016

 

2015 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში რეორგანიზაცია დაიწყო. მარეგულირებლის განცხადებით, საპარლამენტო კომისიის დასკვნის, ევროკავშირთან რეგულაციების ჰარმონიზაციისა და ორგანიზაციაში სამუშაო პრაქტიკის ცვლილებამ ორგანიზაციაში რეფორმის საჭიროება განაპირობა. თავდაპირველი გეგმით, რეორგანიზაციის გახორციელება 2015 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება.

რეორგანიზაციის პროცესში საკონსულტაციო სამუშაოებისთვის კომისიამ ტენდერის საფუძველზე ვადიანი არასაშტატო ხელშეკრულებით „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი”  (PMCG)  დაიქირავა.

როგორც მარეგულირებლის 2015 წლის ანგარიშიდან ირკვევა, მარეგულირებელმა საკონსულტაციო ჯგუფს შემდეგი სამუშაოს შესრულება დაუკვეთა:

  • ორგანიზაციის მისიის, მიზნების და სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალიწინებით, კომისიის ახალი დებულების, სტრუქტურის და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;

  • კომისიის თანამშრომელთა სამუშაოსა და დატვირთვის ანალიზი, კომისიის ორგანიზაციული კვლევა;

  • თანამშრომელთა მზაობის და მოლოდინების შესწავლა, ორგანიზაციული კულტურის შეფასება;

  • რეორგანიზაციის პროცესის სამართლებრივი კონსულტირება, მათ შორის თანამშრომელთა ატესტაციისა და ხელახალი შერჩევის პროცესის ანალიზი;

  • ადამიანური რესურსის მართვის სისტემის ჩამოყალიბება;

  • თითოეული სტრუქტურული ერთეულის ეფექტურობის შესაფასებლად საქმიანობის ძირითადი ინდიკატორების (Key Performance Indicators) ბადის შემუშავება, ძირითადი და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა;

  • შესრულებული სამუშაოს შეფასების და სამოტივაციო სისტემის შემუშავება, კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული თანამდებობების რანჟირების სისტემის განსაზღვრა;

  • შრომითი ურთიერთობების დოკუმენტაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

14 კვირიანი მუშაობის შემდეგ 2015 წლის 22 ოქტომბერს საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა კომისიის ორგანიზაციული შეფასების ანგარიში და ახალი დებულების პროექტი.

რა მდგომარეობაა რეორგანიზაციის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ მარეგულირებელში?

რეორგანიზაციის პროცესის დაწყებიდან თითქმის 10 თვის შემდეგ მარეგულირებელ კომისიაში რამდნეიმე ცვლილებაა: მიღებულია ახალი დებულება, (ამოქმედების თარიღი 2016 წლის 30 დეკემბერი, ახალი დებულებით გასაზღვრულია ორგანიზაციის ახალი სტრუქტურა) მიიღებულია გადაწყვეტილება, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” საუბარში, მარეგულირებელში კონსულტანტი რეორგანიზაციის საკითხებში, თამარ ბოკუჩავა განმარტავს, რომ დებულების დამტკიცებას დასჭირდა რამდენიმე თვე, რადგან დრო წაიღო ყველა დაინტერესებული პირის პოზიციის მოსმენამ და ასახვამ დებულებაში.

ისევე, როგორც რეორგანიზაციის დაწყებამდე, მარეგულირებელში არ არსებობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და პოლიტიკა; თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია დაწინაურების სისტემის შესახებ; მარეგულირებელი კომისიის კანონით გაწერილი ზოგიერთი ფუნქციის განსახორციელებლად ორგანიზაციაში არ არსებობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. პრობლემად რჩება კონკრეტული პოზიციების სამუშაოს აღწერილობები და პოზიციების რანჟირების სისტემა. თამარ ბოკუჩავას თქმით, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვა აბარია ერთ პირს, რომელიც რეალურად მხოლოდ ტექნიკურ დოკუმენტაცია აწესრიგებს.

რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა შეფასების საკითხი დროში გაწელილია და თანამშომლებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. თანამშრომელთა შეფასება კომისიის არსებობის მანძილზე არ მომხდარა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება თანამშრომელთა ნაწილში იწვევს ეჭვს, რომ რეორგანიზაციის მიზანი, ძველი კადრების გათავისუფლება და კომისიაში ახალი კადრების პროტექციით დასაქმება შეიძლება იყოს.

თანამშრომელთა ატესტაციის განხორციელების მიზნით კომისიამ ტენდერი 27 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცხადდა. ცენტრმა კომისიას ზოგადი უნარების შესაფასებელი სტანდარტიზებული ტესტისა და მენეჯერული უნარების შესაფასებელი ტესტების შექმნის/ადაპტაციის, ადმინისტრირებისა და აპელაციის მომსახურება უნდა გაუწიოს. ბოკუჩავას განმარტებით, ტესტირება ატესტაციის პირველი ეტაპია: “მეორე ეტაპია თანამშრომელთა შეფასება ზეპირი გასაუბრებით, სტრუქტურირებული ინტერვიუთი, რომელსაც ჩაატარებს კომისიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.”  

ბოკუჩავას განხადებით გადასახედია სახელფასო პოლიტიკაც და ამ მიმართულებით, იგეგმება სახელფასო კვლევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მარეგულირებელი კომისია, ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიები. კვლევა ორგანიზაციას დაეხმარება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის ადეკვატური ანაზღაურების დადგენაში.

მარეგულირებლში შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ შრომის ანაზღაურებასა და პრემიებში იხარჯება. 2015 წელს მარეგულირებლის შემოსავალი 8,519,796 ლარი იყო, საიდანაც 6,878,010 ხელფასსა და პრემიაში დაიხარჯა რაც საერთო ბიუჯეტის 80%-ს შეადგენს.

მარეგულირებელში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, თუმცა რეორგანიზაციის კონსულტანტი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან” საუბარში აცხადებს: “პროცესი მიდის უფრო ნელა ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. თუმცა, პროცესი მიდის სწორად. კომისია კოლეგიალური ორგანოა და გადაწყვეტილებას ხუთი კაცი იღებს. ისინი სხვა უამრავ საკითხზეც მუშაობენ და ზოგჯერ ძნელდება მათი შეკრება აღნიშნული საკითხისთვის. ამას თავისი წვლილი შეაქვს ვადების გადაწევაში”.


 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“