დიდი ვარდნა გლობალურ რეიტინგებში – საქართველოში დემოკრატიის რღვევას 20 საერთაშორისო ინდექსი ასახავს
გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლები ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი, თითქოს საერთაშორისო შემფასებელთა შორის არსებობს რაიმე რაიმე აზრთა სხვადასხვაობა ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.
ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს 12 ავტორიტეტული ორანიზაციის მიერ წარმოებული 20-ზე მეტი საერთაშორისო ინდექსი, რომელიც ზომავს დემოკრატიის სხვადასხვა ასპექტს (კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები, კორუფციის დონე) და ვნახეთ, რომ ყველა მათგანში კლება ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, ჩვენ ჯერ შევამოწმეთ, როდის ჰქონდა საქართველოს აღნიშნულ 20 საერთაშორისო ინდექსში მაქსიმალური ქულა, რაც ძირითადად 2017-18 წლები აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ შევადარეთ უახლეს, ძირითადად 2025 წლის, მონაცემებს.
შედეგად მივიღეთ საგანგაშო სურათი: 2025 წლისთვის დემოკრატიის ხარისხის დამთვლელ 20 საერთაშორისო ინდექსში საქართველომ საკუთარი საუკეთესო შედეგი საშუალოდ 22%-ით გააუარესა, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 50%-საც კი უახლოვდება.
რამდენი %-ით დაიკლო საქართველოს ქულებმა დემოკრატიის საერთაშორისო რეიტინგებში მის საუკეთესო შედეგებთან შედარებით? | ||
# | ინდექსი | პროცენტული ვარდნა |
1 | სამოქალაქო სივრცის მონიტორი | 50% |
2 | ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი | 49% |
3 | პრესის თავისუფლების ინდექსი | 44% |
4 | პოლიტიკური ტრანსფორმაციის ინდექსი | 35.7% |
5 | მმართველობის ინდექსი | 28.3% |
6 | დემოკრატიის ინდექსი | 26% |
7 | GSoD: კანონის უზენაესობა | 25% |
8 | GSoD: წარმომადგენლობა | 25% |
9 | GSoD: სამოქალაქო ჩართულობა | 21% |
10 | თავისუფლება მსოფლიოში | 20% |
11 | GSoD: ადამიანის უფლებები | 17% |
12 | WGI: ხმის უფლება და ანგარიშვალდებულება | 15% |
13 | WGI: კორუფციის კონტროლი | 15% |
14 | ქვეყნები გარდამავალ პროცესში | 15% |
15 | კორუფციის აღქმის ინდექსი | 13.8% |
16 | WGI: პოლიტიკური სტაბილურობა | 14% |
17 | კანონის უზენაესობის ინდექსი | 12% |
18 | თავისუფლების ინდექსი | 9% |
19 | WGI: კანონის უზენაესობა | 6% |
20 | საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი | 4% |
შესწავლილი 20 ინდექსიდან 9 ინდექსი ქულების მინიჭების გარდა ასევე ადგენს გლობალურ რეიტინგებს. ჩვენ ჯერ შევამოწმეთ, როდის ჰქონდა საქართველოს აღნიშნულ 9 რეიტინგში საუკეთესო ადგილი და ვნახეთ, რომ ამ მხრივ საუკეთესო 2017-18 წლები იყო, ხოლო შემდეგ შევამოწმეთ თუ რა პოზიციაზე იყო ქვეყანა უახლესი მონაცემებით. შედეგად გამოჩნდა, რომ საქართველო 9-ვე რეიტინგში მნიშნელოვნად დაქვეითდა, საშუალოდ 33 ადგილით.
რამდენი ადგილით დაქვეითდა საქართველო დემოკრატიის საერთაშორისო რეიტინგებში? | ||||
# | ინდექსი | საუკეთესო რეიტინგი | ბოლო წლის რეიტინგი | კლება რეიტინგში |
1 | პრესის თავისუფლების ინდექსი | 61 | 135 | 74 |
2 | მმართველობის ინდექსი | 33 | 87 | 54 |
3 | ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი | 58 | 101 | 43 |
4 | პოლიტიკური ტრანსფორმაციის ინდექსი | 37 | 76 | 39 |
5 | თავისუფლების ინდექსი | 44 | 75 | 31 |
6 | დემოკრატიის ინდექსი | 79 | 99 | 20 |
7 | კანონის უზენაესობის ინდექსი | 33 | 52 | 19 |
8 | კორუფციის აღქმის ინდექსი | 41 | 56 | 15 |
9 | საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი | 29 | 38 | 9 |
1. სამოქალაქო სივრცის ინდექსი (Civicus Monitor)
სამოქალაქო ორგანიზაციების გლობალური ალიანსი Civicus-ი 2017 წლიდან 100 ქულიან სკალაზე ზომავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების (გამოხატვა, შეკრება, გაერთიანება) დონეს მსოფლიოს 198 ქვეყანაში. ქულების მინიჭების გარდა ინდექსი იყენებს შეფასების 5 კატეგორიას იმის მიხედვით, თუ რამდენად ღია ან დახურულია სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის: „ღია“, „შევიწროებული“, „შეფერხებული“, „რეპრესირებული“, „ჩაკეტილი“.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 68 – 2022 წელს დაუფიქსირდა (წინა წლების ქულები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი). 2025 წელს ქულამ 34-მდე – 50%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანას „შევიწროებულიდან“ ჯერ „შეფერხებული“ ხოლო ბოლოს „რეპრესირებული“ სტატუსი მიენიჭა.
Civicus-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს უშუალო მეზობლები, ესე იგი მსგავსი რეტინგის მქონე სახელმწიფოები, არიან ჰაიტი, ელ სალვადორი, მადაგასკარი და ყირგიზეთი.
2. ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი (Liberal Democracy Index)
შვედური კვლევითი ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები“ (Varieties of Democracy – V-Dem) დემოკრატიის ხარისხს მსოფლიოს 179 ქვეყანაში ზომავს. „ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი“ V-Dem-ის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომელიც 0-დან 1-მდე ქულიან სკალაზე ზომავს ლიბერალური დემოკრატიის მაჩვენებლებს ამა თუ იმ ქვეყანაში.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 0.55 – 2018 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 0.28-მდე – 49%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 43 ადგილით დაქვეითდა (58-დან 101-მდე).
საქართველოს მსგავსი რეიტინგი აქვთ ინდონეზიას, ფილიპინებს, იორდანიასა და ლიბანსაც.
3. პრესის თავისუფლების ინდექსი (Press Freedom Index)
საფრანგეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF - Reporters Sans Frontières) მსოფლიოს 180 ქვეყანაში 100 ქულიანი სკალით აფასებს მედიის თავისუფლებას, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო გარემოს.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 72.66 – 2018 წელს ჰქონდა. 2026 წელს ქულამ 40.77-მდე – 44%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 74 ადგილით დაქვეითდა (61-დან 135-მდე).
ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში მსგავსი შეფასება აქვს შრი ლანკას, ქუვეითს, ტუნისსა და კამერუნს.
4. ტრანსფორმაციის ინდექსი (Bertelsmann Transformation Index)
გერმანული კვლევითი ორგანიზაცია „ბერტელსმანის ფონდი“ (Bertelsmann Stiftung) ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 137 განვითარებად ქვეყანაში აფასებს დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხს (10 ქულიან სკალაზე).
4.1 პოლიტიკური ტრანსფორმაციის ინდექსი
პოლიტიკური ტრანსფორმაციის ინდექსში, რომელიც დემოკრატიის ხარისხს ზომავს, საქართველოს მაქსიმალური ქულა – 6.8 (10-დან) – 2017 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 4.37-მდე – 35.7%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 39 ადგილით დაქვეითდა (37-დან 76-მდე). საქართველოს მსგავსი შეფასება აქვს მავრიტანიას და უსწრებს ტოგო.
4.2 მმართველობის ინდექსი
მმართველობის ინდექსში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 5.87 – ასევე 2017 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 4.21-მდე – 28.3%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 54 ადგილით დაქვეითდა (33-დან 87-მდე). აქვე არიან ყირგიზეთი და ბოსნია-ჰერცეგოვნიაც.
5. დემოკრატიის ინდექსი (Democracy Index)
ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტის“ (The Economist) ანალიტიკური განყოფილება (The Economist Intelligence Unit – EIU) ყოველწლიურად 167 ქვეყანაში 10 ქულიან სკალაზე აფასებს დემოკრატიის ხარისხს.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 5.93 – 2017 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 4.36-მდე – 26%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 20 ადგილით დაქვეითდა (79-დან 99-მდე).
საქართველოს მსოფლიო რეიტინგში ემეზობლებიან - სიერა ლეონე, გამბია, უგანდა.
6. დემოკრატიის მდგომარეობის გლობალური ინდექსები (GSoD Indices)
„დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (International IDEA) შვედეთში ბაზირებული მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 173 ქვეყანაში 0-დან 1-მდე სკალის გამოყენებით აფასებს დემოკრატიის ხარისხს 4 ძირითადი მიმართულებით. ბოლო წლებში საქართველოს ქულა თითოეულ მათგანში იკლებს:
6.1 კანონის უზენაესობა (Rule of Law): მაქსიმალური ქულა – 0.55 – 2017-18 წლებში დაფიქსირდა. 2025 წელს ქულამ 0.41-მდე – 25%-ით დაიკლო.
6.2 წარმომადგენლობა (Representation): მაქსიმალური ქულა – 0.65 – 2016-17 წლებში დაფიქსირდა. 2025 წელს ქულამ 0.45-მდე – 25%-ით დაიკლო.
6.3 სამოქალაქო ჩართულობა (Participation): მაქსიმალური ქულა – 0.58 – 2018-19 წლებში დაფიქსირდა. 2025 წელს ქულამ 0.46-მდე – 21%-ით დაიკლო.
6.4 ადამიანის უფლებები (Rights): საქართველოს ქულა 2018-22 წლებში სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა 2025 წლისთვის მკვეთრად, 17%-ით დაიკლო.
7. Freedom House-ის ინდექსები
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს 2 მექანიზმით აფასებს:
7.1 „თავისუფლება მსოფლიოში“ (Freedom in the World)
ყოველწლიური კვლევა სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში“ 100 ქულიან სკალაზე აფასებს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონეს. ინდექსში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 64 – 2017 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 51-მდე – 20%-ით იკლო.
7.2 „ტრანზიტული ქვეყნების ინდექსი“ (Nations in Transit)
ინდექსი 100 ქულიან სკალაზე აფასებს დემოკრატიის დონესა და ინსტიტუციების სიმტკიცეს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში. ინდექსის წარმოება 2024 წელს შეჩერდა, თუმცა მონაცემები მაინც საგულისხმოა. საქართველოს მაქსიმალური ქულა – 39.88 – 2017 წელს ჰქონდა. 2024 წელს ქულამ 34-მდე – 15%-ით იკლო.
8. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators)
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის (World Bank) მიერ შემუშავებული კვლევითი მონაცემთა ბაზაა, რომელიც 2-ზე მეტი ათწლეულია 100 ქულიან სკალაზე აფასებს მმართველობის ხარისხს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში. შეფასება შედგება 6 კომპონენტისგან, რომელთაგან საქართველოს ქულამ 4-ში იკლო, ხოლო 2-ში არ შეცვლილა:
8.1 ხმის უფლება და ანგარიშვალდებულება (Voice and Accountability): მაქსიმალური ქულა – 61.74 – 2016 წელს დაფიქსირდა. 2024 წლისთვის ქულამ 52.41-მდე – 15%-ით იკლო.
8.2 კორუფციის კონტროლი (Control of Corruption): მაქსიმალური ქულა – 65.3 – 2017 წელს დაფიქსირდა. 2024 წლისთვის წულამ 55.57-მდე – 15%-ით იკლო.
8.3 პოლიტიკური სტაბილურობა (Political Stability): 2022 წლამდე ქულა სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა 2024 წლისთვის უკვე მკვეთრად – 14%-ით დაეცა.
8.2 კანონის უზენაესობა (Rule of Law): მაქსიმალური ქულა – 63.35 – 2016 წელს დაფიქსირდა. 2024 წლისთვის წულამ 59.53-მდე – 6%-ით იკლო.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების დარჩენილ 2 კომპონენტში („მთავრობის ეფექტურობა“ და „რეგულირების ხარისხი“) საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჰქონია არც მნიშვნელოვანი უკუსვლა და არც მნიშვნელოვანი წინსვლა.
9. კორუფციის აღქმის ინდექსი (Corruption Perceptions Index)
კორუფციასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მსოლფიოს 182 ქვეყანაში 100 ქულიან სკალაზე ზომავს კორუფციის აღქმას ამ ქვეყნების საჯარო სექტორში.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 58 – 2018 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 50-მდე – 13.8%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 15 ადგილით დაქვეითდა (41-დან 56-მდე).
მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მსგავსი შეფასება აქვს ომანს, ბაჰრეინსა და საბერძნეთს.
10. კანონის უზენაესობის ინდექსი (Rule of Law Index)
საერთაშორისო ოგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (World Justice Project) მსოფლიოს 143 ქვეყანაში ზომავს კანონის უზენაესობის ხარისხვს. 0-დან 1-მდე ქულიან სკალაზე იზომება 8 მიმართულება: ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 0.66 – 2015-16 წლებში ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 0.58-მდე – 12%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 19 ადგილით დაქვეითდა (33-დან 52-მდე). რეიტინგში საქართველო ბაჰამასა და ქუვეითს შორისაა.
გაუარესება უფრო მკაფიოა შემდეგ კატეგორიებში: 1 „მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა“ – 21%-იანი კლება; „სამოქალაქო მართლმსაჯულება“ – 20%-იანი კლევბა; „ფუნდამენტური უფლებები“ – 16%-იანი კლება; „კორუფციის არარსებობა“ – 14%-იანი კლება.
11. თავისუფლების ინდექსი (Freedom Index)
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“ (Atlantic Council) თავისუფლების დონეს მსოფლიოს 164 ქვეყანაში 3 პარამეტრით ზომავს: პოლიტიკური თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური თავისუფლება. გამოყენებულია 100 ქულიანი სკალა.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 73.3 – 2018 წელს ჰქონდა. 2025 წელს ქულამ 66.7-მდე – 9%-ით იკლო. ამავე პერიოდში ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 31 ადგილით დაქვეითდა (44-დან 75-მდე).
მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მსგავსი შეფასებები აქვთ იორდანიას, გამბიასა და მალავის.
12. საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი (Index of Public Integrity)
„ანტიკორუფციული და სახელმწიფოს მშენებლობის ევროპული კვლევითი ცენტრი“ (ERCAS) ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს 119 ქვეყანაში 10 ქულიან სკალაზე აფასებს საჯარო სექტორის კეთილსინდისიერებასა და მმართველობის ხარისხს.
რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური ქულა – 7.56 – 2022 წელს ჰქონდა. 2024 წელს ქულამ 7.22-მდე – 4%-ით იკლო. წლების განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებითაც 9 ადგილით დაქვეითდა (29-დან 39-მდე).
მსოფლიო რეიტინგში, ასეთივე შეფასებები აქვთ ალბანეთსა და უკრაინასაც.