ვის უნდა ჰქონდეს წვდომა მობილური ოპერატორების აბონენტების მონაცემებზე: დებატები პარლამენტში (განახლებადი ბლოგი) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვის უნდა ჰქონდეს წვდომა მობილური ოპერატორების აბონენტების მონაცემებზე: დებატები პარლამენტში (განახლებადი ბლოგი)

27 ნოემბერი, 2014

 

ვის უნდა ჰქონდეს წვდომა მობილურ ოპერატორებთან დაცულ აბონენტების მონაცემებზე? დეპუტატებს არჩევანის გაკეთება, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივასა და ვახტანგ ხმალაძის პროექტს შორის უწევთ. ამ ბლოგპოსტში მოგაწვდით ინფორმაციას იმ დებატების შესახებ, რომელიც ცვლილებათა განხილვას მოჰყვა პარლამენტში.

განახლება, 28 ნოემბერი, 16:00 სთ.

პარლამენტის პლენარული სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკნონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიმდინარე დღეებში დაჩქარებული წესით განიხილება.

მომხსენებელმა ეკა ბესელიამ (ქართული ოცნება) გამოსვლისას აღნიშნა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ავტორებმა გაითვალისწინეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შენიშვნები, კერძოდ, თვისობრივად მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამატებით, ინსპექტორი მონიტორინგს განახორციელებს სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებზეც  (კანონის 35-ე პრიმა მუხლი); ასევე, წელიწადში ორჯერ, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ასევე შსს შესაბამის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

მოხსენების შემდგომ პოზიცია დააფიქსირეს ენმ-ს წევრებმა. ჩიორა თაქთაქიშვილმა (ენმ) აღნიშნა, რომ კანონპროექტში არცერთი არსებითი ხასიათის ცვლილება არ შესულა და მთავარი პრობლემა კვლავ რჩება, რომ ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეს შსს-ს. მისი პოზიცია გაიზიარეს აკაკი მინაშვილმა და დავით დარჩიაშვილმა.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის (ე.წ. ოტო) წარმომადგენლები, რომლებთან შეთანხმების გარეშე არ ხდებოდა ტექნიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. წარმოდგენილ  კანონპროექტზე შენიშვნა ჰქონდა შალვა შავგულიძეს, რასაც გამოსვლით დაეთანხმა ერთ-ერთი თანაავტორი გედევან ფოფხაძე (ქართული ოცნება). შენიშვნა შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოხსენების ფარგლებს, სადაც არა მხოლოდ სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებულ საქმეებთან, არამედ, ზოგადად, ინტერნეტკომუნიკაციების კონტროლის განხორციელების შესახებაც უნდა ყოფილიყო საუბარი.

გამოსვლის დროს პოზიცია დაფიქსირეს ირაკლი ჩიქოვანმა (თავისუფალი დემოკრატები), რომელმაც ფრაქციის სახით აღნიშნა, რომ არ მიიღებდა კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობას, ასევე მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თინა ხიდაშელმა (რესპუბლიკელები) მიერ. დავით საგანელიძემ (ქართული ოცნება) კი აღნიშნა, წარმოდგენილი შენიშვნები ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს - შსს-ს როლის დაკნინებას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობის საგნად იქცა და კითხვა დაისვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ  კანონის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით. პრობლემა შეიძლება ყოფილიყო 1 დეკემბრის შემდგომ გამოქვეყნებისას (რაც ტექნიკური ფაქტორებით იქნებოდა განპირობებული). გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონპროექტში მითითება ყოფილიყო კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედების შესახებ. შეთანხმდენენ, რომ მესამე მოსმენამდე გადაწყდებოდა კანონის ამოქმედების წესის საკითხი. 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შენიშვნა, რაც  გაზიარებულ იქნა ავტორთა მხრიდან შეეხებოდა ტერმინს „მომხმარებლის მონაცემები“, რომელიც შეიცვალა ტერმინით  „მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები“.

რაც შეეხება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს, მასში არ იქნა პირველი მოსმენისას და საკომიტეტო განხილვებისას დაფიქსირებული შენიშვნები გათვალისწინებული, ისევე როგორც ზემოხსენებულ ორ კანონპრპოექტში.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შენიშვნების გაზიარება შეცვლიდა წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპებსა და არსს.

კენჭისყრაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. პირველ სამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 74-მა წევრმა, ხოლო მეოთხე კანონპროექტს 75-მა წევრმა.

განახლება, 27 ნოემბერი, 19:45 სთ

პარლამენტმა, 75 ხმით 58-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას.

ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა ჩავარდა: კანონპროექტს მხოლოდ 61 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივა ამ წუთებში მეორე საკომიტეტო მოსმენით განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. დღესვე არის დაგეგმილი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე.   

კონტექსტი და ზოგადი ინფორმაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ადგენს ორდონიან სისტემას, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენების ე.წ. გასაღები უნდა გადაეცეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მეორე კანონპროექტი წარმოადგენს ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც განსხვავებით პირველი პროექტისაგან, გასაღების გადაცემას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გულისხმობს.

საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებით გამოვიდნენ კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეებიც. შემოთავაზებული ვარიანტით, კომუნიკაციის მონაცემებზე პირდაპირი წვდომა მხოლოდ მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ (ვისაც აბონენტებმა თავისი პერსონალური მონაცემის დაცვა მიანდეს), რომლებიც, თავის მხრივ, ამ მონაცემებს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის დადგენილების საფუძველზე უნდა გადასცემდნენ ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს. კამპანიის მიერ მხარდაჭერილი წინადადება ამ დრომდე არ ქცეულა კანონპროექტად.

პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პრემიერმინისტრის მიერ მოწონებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი როგორც მმართველი კოალიციის ნაწილმა, ასევე უმცირესობამ გააკრიტიკა. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბესელია-ფოფხაძე სესიაშვილის კანონპროექტი ეწინააღმდეგება 2014 წლის 1 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციების სულისკვეთებას. ამ კანონპროექტით შემოთავაზებულ დებულებებს უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლიან კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები.

რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კი არც პრემიერმინისტრი და არც მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ იწონებენ.

27 ნოემბერი

სხდომაზე დასაწყისში დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი კანოპროექტის (ორგასაღებიანი სისტემა: შსს/პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი) ავტორი ეკა ბესელია (ქართული ოცნება), რომელმაც წინადადების სახით აღნიშნა, რომ ვინაიდან კრიტიკის ავტორებისთვის პრობლემას ქმნიდა ინსპექტორის მონაწილეობა ამ პროცესში, ანუ არ ჰქონოდა ე.წ. ღილაკზე დაჭერის უფლებამოსილება და მხოლოდ ეკონტროლებინა შსს, აღნიშნა: „თუ თვლით, რომ ამით უფრო წარმოჩინდება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მაკონტროლებელი ფუნქცია, მაშინ განვიხილოთ წინადადება: არ იყოს ეს პროცესი ორეტაპიანი და იყოს ერთეტაპიანი, ე.წ. გასაღები რჩება შსს-ში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მხოლოდ მონიტორინგის განახორციელებელ პირად დარჩება“.

  • ეკა ბესელიამ თანმდევი კანონპროექტის განხილვისას, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, აღნიშნა, რომ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მითითებული შენიშვნები. ასევე თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შენიშვნაც, რომ დაუყოვნებლივ მიწოდებულიყო მისთვის ინფორმაცია გადაუდებელ შემთხვევებში ფარული საგამოძებო მოქმედებების დაწყების თაობაზე.

  • გამოსვლის შემდეგ კითხვები ჰქონდათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ჩიორა თაქთაქიშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს. ჩიორა თაქთაქიშვილმა (ენმ) განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო რასთან დაკავშრებით ხდებოდა კენჭისყრა. ასევე, „შსს წერს პროგრამას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს აძლევს ფუნქციას“, – ეს გარემოება შეუსაბამოდ მიიჩნია კითხვის ავტორმა.

  • ხათუნა გოგორიშვილი (ენმ): იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე განიხილავს საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობას ფარულ მოსმენებზე, თუკი არ მოხდება მისი დაკმაყოფილება, შეიძლება თუ არა ახალი გარემოებების შემთხვევაში მუდმივ რეჟიმში კვლავ მიმართონ სასამართლოს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით? რა პერიოდი არის საჭირო ამ კანონპროექტის შესაბამისად ტექნიკური საკითხების მოსამზადებლად?

  • შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები): წარმოდგენილი ორგასაღებიანი სისტემა და ე.წ. პერსონალურ მოანცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებეელი ფუნქცია შეეხება მხოლოდ სატელეფონო მოსმენას. რატომ არ მოიცავს ის ინტერნეტკომუნიკაციების საკითხს? 

  • თინათინ ხიდაშელი (ქართული ოცნება):  პასუხისმგებლობის განსაზღვრისას შეუზღუდავია ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ფუნქცია, განახორციელოს ნებისმიერ პირზე მონიტორინგი.

  • პავლე კუბლაშვილი (ენმ): რა იგულისხმება ორ ეტაპიან ელექტრონულ სისტემაში, არის თუ არა ეს ე.წ. ორ გასაღებიანი სისტემა და რამდენად არის შესაძლებელი რომ შსს-ს ჰქონდეს პარალელური სისტემის შექმნის შესაძლებლობა ისე, რომ ამ პროცესზე წვდომა ვერ განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა.

  • ეკა ბესელიამ საკუთარ პასუხში აღნიშნა, რომ ვერ მოისმინა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკნინებს ინსპექტორის ფუნქციას ე.წ. ღილაკზე ხელის დაჭერა, ფარული მიყურადებისას ნებისმიერ ეტაპზე ინსპექტორი ახორციელებს კონტროლს. 4 თვიან პერიოდთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ეს დრო საჭირო იყო პროგრამული უზრუნველყოფის მომზადებისათვის, ხარჯებს რაც შეეხება, იგი შეადგენს მინიმუმ 300 000 ლარს, თუმცა სავარაუდოდ ეს ციფრი გაიზრდება. ხიდაშელისა და შავგულიძს კითხვას ინტერნეტ სისტემის კონტროლთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ამ სფეროს კონტროლის არანაირი ბერკეტი გააჩნია ინსპექტორს. ეს სივრცე საჭიროებს უძვირესი პროგრამის ჰქონას, რომლის არსებობის დროსაც კი ვერ მოხდება ჩართვა ორდონიანი პროგრამის პროცესში. პარალელური სისტემების (ე.წ. ინტერფეისების) შექმნაზე აღნიშნა, რომ ლოგირების სისტემის არსებობისას, ყველა ბრძანება ე.წ. შავ ყუთში იყრის თავს. სწორედ ეს სისტემა მიიჩნია ეკა ბესელიამ გარანტად იმისა, რომ გამოვლენილ იქნეს სხვა პარალელური სისტემის არსებობა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის პროგრამის შსს-ს მიერ დაწერას, სხვა ალტერნატიულ ვარიანტს იგი ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ არც სხვა კოლეგებისგან ყოფილა რაიმე სახის შემოთავაზება.

ვახტანგ ხმალაძემ (ქართული ოცნება) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მთელი რიგი შენიშვნები წარმოადგინა და კვლავ გაუსვა ხაზი კანონპროექტის ხარვეზებს, ასევე იმაზეც, რომ შენიშნები არასწორად იქნა გაგებული და შემდგომ გაზიარებული კანონპროექტის ავტორთა მხრიდან. მან შეკითხვით მიმართა ასევე მათ ამ კანოპროექტიდან გამომდინარე არის კი და უნდა იყოს თუ რა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი (ე.წ. ოტო) ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო და როგორ ხორციელდება მოსმენა თუ არ არსებობს პირდაპირი მიერთება სატელეფონო კომპანიებსა და შსს შორის.

  • შეკითხვებით ვახტანგ ხმალაძეს რამდენიმე დეპუტატმა მიმართა: აკაკი მინაშვილმა (ენმ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარატამენტის ფუნქციებთან და როლთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა, გიგლა აგულაშვილმა (ქართული ოცნება) – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხმალაძემ ე.წ. ოტოს ფუნქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა, მაგალითად – გამომძიებელმა, უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების შესრულება. მან არ უნდა მოისმინოს ამ ტიპის ინფორმაცია და, შესაბამისად, არ უნდა მოახდინოს ანალიზი.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“