ჩვენი განმარტებები ფოთის მოსამართლის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პროკურატურა დაინტერესდა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით და იგი ორჯერ იქნა დაკითხვაზე დაბარებული.
ქალაქ ფოთის პროკურორის მიერ ერთ ერთ გამოცემასთან გაკეთებული განცხადებით, საქმე ეხება 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის უკანონო მსჯავრდების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ ის მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გაადწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და პირი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა უზეუნაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ფოთის პროკურატურის ქმედება კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე არასამთავრობო ორგანოზაციათა კოალიციამ - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურას განზრახული ჰქონდა მოსამართლისთვის კითხვები მის საქმესთან დაკავშირებით დაესვა, რაც კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.” ამავე მუხლის მესამე პოუქტი კი ამბობს, რომ „არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.” მოსამართლის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობას გადახედავის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს. პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის ზემოქმედებას და შესაბამისად, ამ კუთხით, ვერც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს ვერ დააყენებს. ყოველივე ამის გამო პროკურატურის ქმედება გაუმართლებელი იყო და კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
კანონის ამ ნორმათა მიზანს სასამართლოს მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და საგამოძიებო ორგანოების მიერ სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის აკრძალვას წარმოადგენს. სასამართლო სისტემაში სხვადასხვა ინსტანციის არსებობა თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს მოსამართლეთა მიერ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება.
ბუნებრივია პროკურატურა ვალდებულია გამოიძიოს კონრეტული შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ამავდროულად პროკურატურას არ აქვს უფლება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით კითხვები დაუსვას მოსამართლეს ან თუნდაც შეაფასოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. რასაც როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
მაშინაც კი თუკი არსებობს მოსამართლის მიერ ჩადენილი დანაშაულის მკაფიოდ გამოხატული ნიშნები (დანაშაული რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს), პროკურატურა ვალდებულია უზრუნველყოს საქმის სათანადოდ გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავემ კანონით გათვალისიწნებული პასუხიც უნდა აგოს. სხვა შემთხვევაში დაუშვებელია მოსამართლისთვის ანგარიშის ან თუნდაც განმარტებების მოთხოვნა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის მოტივით.
ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები არ უნდა გახდეს სასამართლო ხელისუფლებაში უხეში ჩარევის საფუძველი. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა შეწყვიტოს საქმე, იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსმართლეს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კონკრეტული დანაშაული. ნებისმიერი ქმედება სასამართლოს მიმართებაში უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ შეიქმნას მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო პროკურორების მიერ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის დაყენების პრეცედენტი. აღნიშნული ფაქტი ცალსახად წაშლის ზღვარს სასამართლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რაც გასული წლების განმავლობაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ ერთი შემაფერხებელი გარემოება იყო.