ბათუმის მერიის თანამდებობის პირების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბათუმის მერიის თანამდებობის პირების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში

15 აპრილი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების თანამდებობის პირების ბიზნესინტერესების კვლევას. 2015 წლის მარტში ჩვენ ბათუმის საკრებულოს დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კვლევის შედეგები გამოვაქვეყნეთ.

ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბათუმის მერიაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების შესახებ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, ბათუმის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირი ამ დრომდე შპს-ების მართვაში მონაწილეობს, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი;

  • რამდენიმე თანამდებობის პირს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ შეტანილი არ აქვს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა;

  • ბათუმის მერიის თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ;

  • ერთადერთი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება ბათუმის მერის მოადგილესთან ზურაბ ბერიძესთან დაკავშირებულ შპს „აჭარა ელიტაუდიტთან“ გაფორმდა;

  • ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინფორმაცია მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, რაც, ერთი მხრივ, მოქალაქეებს ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაციის დროს დაბრკოლებას უქმნის, მეორე მხრივ კი დაინტერესებული პირების მხრიდან ამ სამსახურების ხელძღვანელების სამუშაო გამოცდილების გაცნობას ვერ უზრუნველყოფს;

  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის დადგენილებით, თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და­ფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირებისა და საწარმოების ხელმძღვანელებსაც დაევალათ, რომელთა წილის 100 პრო­ცენტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­განო ფლობს და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკ­ლ­არაციის მიხედვით, ასი ათას ლარს აღემატება. ამ მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის მერიის კუთვნილებაში არსებული არც ერთი შპს-ს დირექტორს და არც არასამეწარმო იურიდიული პირის ხელმძღვანელს ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროში ამ დრომდე წარდგენილი არ აქვს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას ბათუმის მერიის იმ თანამდებობის პირთა შესახებ, რომლებიც რეესტრის მონაცემებით, სხვადასხვა კომპანიას მართავენ და შპს-ს მეწილეები არიან:

ბაგრატ მანველიძე, ვიცე მერი

ვიცე მერი შპს „ელიტ-ფლორას“ (ს/კ 445391692) 100%-იანი წილის მფლობელია და ამ დრომდე დირექტორობასაც ათავსებს, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი. 2010 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებულ კომპანიას არც სახელმწიფო ელეტრონულ ტენდერებში მიუღია მონაწილეობა, ადმინისტრაციულ ორგანოებს მასთან არც პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გაუფორმებიათ. კომპანიის საქმიანობის სფერო, რეესტრის მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობა, სანერგე მეურნეობა, ყვავილების მოყვანა-რეალიზაციაა.

ბაგრატ მანველიძეს თანამდებობის პირის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს ზემოაღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. შესაბამისად, ჩვენთვის ისიც უცნობია, მიიღო თუ არა შემოსავალი აღნიშნული საქმიანობიდან მერიის მაღალი თანამდებობის პირმა.

ზურაბ ბერიძე, მერის მოადგილე

რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2014 წლის 27 აგვისტოს, საკუთარი სურვილის საფუძველზე, შპს „აჭარა ელიტაუდიტში“ (ს/კ 445403224) დირექტორის პოზიცია დათმო, ასევე 50%-იანი წილი, მართვის უფლებით, დიმიტრი თედორაძეს გადასცა. 2014 წლის 6 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ზურაბ ბერიძემ მიუთითა, რომ 2013 წელს ამ შპს-ს დირექტორობიდან და 50%-იანი წილის ფლობიდან 104 748 ლარი მიიღო.

2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „აჭარა ელიტაუდიტთან“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიოს მენეჯმენტმა. შპს-მ, 2500 ლარის მიღების სანაცვლოდ, მაუწყებლის აუდიტორული შემოწმება ჩაატარა.

ზურაბ ბერიძე, პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 7 აგვისტოს, კიდევ ერთი კომპანიის, „ბათუმი ბიზნეს ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა „ბათუმი ბიზნეს ჯგუფში“ (ს/კ 445426833) ის ამ დრომდე ფლობს 25%-იან წილს, რის შესახებაც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. შესაბამისად, არც ის ჩანს, თუ რა შემოსავალი მიიღო ბერიძემ ამ პოზიციიდან და ზემოაღნიშნული წილის ფლობიდან.

ბათუმის მერის მოადგილეს არც შპს „სამეწარმეო და სამოქალაქო დავათა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი BT COMPANY“-ში 50%-იანი წილის ფლობის შესახებ აქვს მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში (ს/კ 445416452). ის ამავე კომპანიის დირექტორი იყო 2014 წლის 7 აგვისტომდე. ქონებრივ დეკლარაციაში ამ პოზიციიდან მიღებული შემოსავალიც არ ჩანს.

ბათუმის მერის კიდევ ერთი მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი არც ერთი კომპანიის მმართველობაში ჩართული არ არის და არც წილს ფლობს. 2014 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამა - გაბრიელ მითაიშვილი შპს „ინფოლტ ბათუმსა“ (ს/კ 245435907) და „ინფოლტ ჯორჯიაში“ (ს/კ 245576602) წილს ფლობს და ორივე საქმიანობიდან შემოსავლის სახით ჯამში, 2013 წელს 5 ათას ლარზე მეტი მიიღო. თუმცა მერის მოადგილეს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ მისი მამა კიდევ ერთი შპს „ალთეის“ (ს/კ 445389115) დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. 2010 წლის 17 სექტემბერს რეგისტრირებული შპს-ს საქმიანობის სფერო საზოგადოებრივი კვების ობიექტების გახსნა, სასაწყობე მეურნეობების შექმნა და სურსათის წარმოება, რეალიზაცია, დისტრიბუციაა.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 26 სექტემბერს შეავსო. დოკუმენტში მითითებული არ არის, რომ მისი მეუღლე რევაზ ვერძაძე, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს ბათუმის მერიის ბონი-გოროდოკის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი იყო, 25%-იან წილს ფლობს 2010 წლის 8 ივლისს დარეგისტრირებულ შპს „ხელმარჯვე ოსტატში“ (ს/კ 445387590). რეესტრის მონაცემებით, შპს საქმიანობის ძირითადი სფერო წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის დადგენილების 32-ე და 33-ე მუხლების თანახმად, ქონებრივი დეკლარაციები უნდა შეავსონ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა, ასევე, იმ საწარმოების ხელმძღვანელებმა, რომელთა აქციათა ან წილის 100 პრო­ცენტს ფლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­განო და რომლის წინა წლის ბრუნვა, მოგების ყოველწლიური დეკ­ლ­არაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს ბათუმის მერიაში განუცხადეს, შესაბამისი პირები დეკლარაციებს უახლოეს მომავალში შეავსებენ, რის შემდეგაც ორგანიზაციას საშუალება ექნება, გაცილებით ფართო მასშტაბის კვლევა ჩაატაროს.

ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების მსგავსად, მერიის თანამდებობის პირთა მხრიდან ქონებრივი დეკლარაციების არასრულად შევსება პრობლემას წარმოადგენს, რაც მათი მხრიდან საკანონმდებლო რეგულაციების უგულებელყოფას გამოხატავს.

მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, ასევე თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერს კვლევის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შესაბამის თანამდებობის პირებს დეკლარაციაში მითითებული მონაცემების დაუყოვნებლივ შესწორება მოთხოვოს.

ამასთან, ბათუმის მერიამ დროულად უზრუნველყოს, მის დაქვემდებარებასა და საკუთრებაში არსებული იმ ა(ა)იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების შევსება, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის დადგენილება ეხებათ.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“