ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნაირა ხაბულიანი რამდენიმე ანაზღაურებად საქმიანობას ითავსებს. მათ შორის ერთ-ერთი „ახალციხის კლინიკა იმედში“ ეპიდემიოლოგის პოზიციაა. იგი, როგორც ააიპ-ის ხელმძღვანელი, ეპიდზედამხედეველობას საკუთარ თავსაც უწევს. გარდა ამისა, კორონავირუსის დროს სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ცხელების ორივე ცენტრში ხაბულიანი ეპიდემიოლოგად ერთდროულად მუშაობდა, რასაც კანონი კრძალავდა. სამსახურს კი, რომელიც ეპიდზედამხედველობას მთელ რეგიონში ახორციელებს, ნაირა ხაბულიანის შვილი ხელმძღვანელობს - ნინო ზედგინიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსია.
ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში.
სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს.
უფრო ზუსტად:
- ნაირა ხაბულიანის ააიპ-ი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახორციელებს მონიტორინგს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე, ასევე, საავადმყოფოებში შიდა ინფექციების პროფილაქტიკაზე. მონიტორინგი, ბუნერივია, ვრცელდება „ახალციხის კლინიკა იმედზეც“, სადაც თავადაა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე პასუხისმგებელი პირი და შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის თავის შვილს დაქვემდებარებულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულ განყოფილებას.
- ამავე განყოფილებიდან, სადაც მძღოლად ნაირა ხაბულიანის მეუღლე და ნინო ზედგინიძის მამა, თენგიზ ზედგინიძე მუშაობს, ააიპ-ი იღებს იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინებს, შრატებსა და სხვა მასალებს, რასაც შემდეგ ანაწილებს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
- ნაირა ხაბულიანის ააიპ-ი ატარებს ვაქცინაციის მონიტორინგს მუნიციპალიტეტში, ითვლის და ადარებს კლინიკებიდან მოწოდებულ ინფორმაციას გახარჯულ ვაქცინებზე.
- დაავადებთა კონტროლის რეგიონული განყოფილებიდან მიღებულ B ჰეპატიტის იმუნოგლობულინს და C ჰეპატიტის სკრინინგის ტესტებს ანაწილებს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები სწორედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა, სადაც ნაირა ხაბულიანი ეპიდემიოლოგიად მუშაობს. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ და „ახალციხის კლინიკა იმედის“ დირექტორები გვიდასტურებენ, რომ 17 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით ხაბულიანი ორივე დაწესებულებაში ეპიდემიოლოგად მუშაობას ერთდროულად აგრძელებდა. საქართველოს მთავრობის N253-ე დადგენილების მიხედვით, მას მუშაობა მხოლოდ ერთ ცხელების ცენტრში შეეძლო. ბუნებრივია, აღნიშნული ცხელების ცენტრებიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ხაბულიანის შვილის დაქვემდებარებულ რეგიონულ ცენტრს მიეწოდებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იმ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ხარჯები და შესრულების ეფექტიანობა, რომლებსაც დედა-შვილს დაქვემდებარებული უწყებები ერთობლივად ახორციელებენ.