ათი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისელი უფასო სასადილოებით ვერც 2016 წელს ისარგებლებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ათი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისელი უფასო სასადილოებით ვერც 2016 წელს ისარგებლებს

30 ნოემბერი, 2015

 

თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაში უფასო სასადილოების თემამ ბოლო დღეებში აქტუალობა შეიძინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამ საკითხით რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა და შეისწავლა ამ კუთხით არსებული მდგომარეობა. წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულ ანალიზსა და რეკომენდაციებს.

2015 წელს თბილისის 10 რაიონში 60-ზე მეტი უფასო სასადილო ყოველდღიურად 32,157 სოციალურად დაუცველ ადამიანს უწევს მომსახურებას. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარს დღეში ერთხელ შეუძლია. დღიურად თითოეული ბენეფიციარის გამოკვების ზედა ზღვარი 1.18 ლარია, თუმცა თბილისის არაერთი რაიონის გამგეობამ უფრო დაბალფასიანი მომწოდებლებიც გამოავლინა.  

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების დაფინანსება 407.9 ათასი ლარით 13.89 მილიონიდან 14.29 მილიონამდე იზრდება, რაც დამატებით მხოლოდ 1402 ადამიანს მისცემს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალებას, მაშინ როცა დაახლოებით 10,500 ადამიანი კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება საკვების მოლოდინში. მომლოდინე ადამიანების რიცხვი კი ყოველდღე იზრდება. ჩვენი გათვლებით, მომლოდინეთა სიებში არსებული პირების - ანუ თბილისის ყველა იმ მოქალაქის გამოსაკვებად, რომელიც უფასო სასადილოს მომსახურებით არის დაინტერესებული, წელიწადში დაახლოებით 4.5 მილიონი ლარის დამატებაა საჭირო, რის შედეგადაც, ამ პროექტის მთლიანი დაფინანსება 20 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს. ეს თანხა თბილისის 810 მილიონიანი ბიუჯეტისთვის დიდ თანხას არ უნდა წარმოადგენდეს.

დიაგრამა 1. უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობები და მომსახურების გარეშე დარჩენილი კონტიგენტი 2015-2016 წლებში 1

1. უფასო სასადილოების მომსახურება: წინ გადადგმული ნაბიჯები

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსება 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 93.5%-ით იმატებს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. ამასთანავე, როგორც არაერთ ბენეფიციართან გასაუბრებამ2 გვაჩვენა, გაუმჯობესდა საკვების ხარისხი და სანიტარული პირობები. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 10,500 ადამიანი1 კვლავ განუსაზღვრელი დროით დარჩება საკვების მოლოდინში.  

თბილისის ათივე რაიონის გამგეობების სოციალური განყოფილებების უფროსების და სპეციალისტების დაკვირვებით, უფასო სასადილოების მომსახურებით მოსარგებლეთა უმრავლესობას ნამდვილად სჭირდება უფასო საკვები.

როგორც ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, უფასო სასადილოების დაფინანსების ზრდა გამოწვეულია არა იმით, რომ უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობა დაიწყეს იმ ადამინებმა, ვისაც რეალურად არ სჭირდება უფასო საკვები, არამედ იმით, რომ საკვების ხარისხის ზრდისა და უკეთესი სანიტარული წესრიგის გამო უფასო სასადილოების მომსახურებამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნდობა მოიპოვა და უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეიტყო მომსახურების შესახებ. შესაბამისად, იმის რისკი, რომ უფასო სასადილოების მომსახურების მეტი მსურველისთვის შეთავაზებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მსურველი გააჩინოს, რომელთაც რეალურად არ სჭირდებათ უფასო საკვები, მინიმალურია.

დიაგრამა 2. თბილისის უფასო სასადილოების დაფინანსება 2013-2016 წლებში (ათას ლარებში)

2. პრობლემები

თბილისის ათივე რაიონში უფასო სასადილოებით მომსახურების შესახებ ჩვენმა კვლევამ შემდეგი ხუთი პრობლემა გამოკვეთა:

2.1. საკვების გარეშე დარჩენილი უმწეო ადამიანები დამატებით და სარეზერვო სიებში3: როგორც აღვნიშნეთ, არსებული მდგომარეობით, თბილისის ათ რაიონში მომლოდინეთა რიგებში 10,500-ზე მეტი ადამიანია, ვინც უფასო სასადილოების მომსახურების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს. როდესაც ძირითად სიას აკლდება სოციალურად დაუცველი მოქალაქე გარდაცვალების, სოც. სტატუსის ცვლილების ან გაცდენების გამო (ათ გაცდენაზე მეტის შემთხვევაში), მის ადგილს სარეზერვო სიის ბენეფიციარი იკავებს. ამდენად, მომლოდინეთა სიებში მყოფი ადამიანები თავის რიგს ხშირად თვეობით ან წლობით ელოდებიან.

თბილისის რაიონების გამგეობებს მომლოდინე ადამიანები დამატებით და სარეზერვო სიებში ჰყავთ შეყვანილი. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ საკვები ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩება, თუმცა სარეზერვო სიის ბენეფიციარები ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ დამატებით სიაში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მომსახურებას ვერ იღებს, ვინაიდან საკვები უფასო სასადილოებში ძირითადად არ რჩება. ამის გამო, დამატებითი სიის ბენეფიციარების აბსოლუტური უმრავლესობა უფასო სასადილოებს არ აკითხავს.

2.2. ბიუროკრატული დაბრკოლებები: უფასო სასადილოს მომსახურების მისაღებად დასარეგისტრირებლად საჭიროა მთელი რიგი საბუთები, კერძოდ:

  • სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

  • 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის ასლი;

  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა) თუ ბენეფიციარს ოჯახის წევრისთვის სურს საკვების წაღება.

2.3. ექვს წლამდე ასაკის ბავშვები: სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე უფასო სასადილოების მომსახურების გავრცელება, რაც მძიმე ტვირთად აწვება აღნიშნული ასაკის ბავშვების სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

2.4. საბურთალოსა და ისნის რაიონები: ამ რაიონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითადი სიის ბენეფიციარების რაოდენობა, მაშინ როცა დადებული ხელშეკრულებები ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების არსებული კონტიგენტის მოცვას, მაგალითად:

  • ისნის რაიონში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 3400-დან 3904-მდე, მაშინ როცა მომწოდებელთან ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულება 3400 ადამიანზე და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სრულიად არასაკმარისია რაიონის კონტიგენტის დასაფარად.

  • საბურთალოს რაიონის გამგეობას 2015 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამ სასადილოში 978 ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებით მომსახურებაზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ინდმეწარმე თამაზ სიხარულიძესთან და გამარტივებული შესყიდვის სამი მცირე ხელშეკრულება იმავე მომწოდებელთან (ჯამური თანხით დაახლოებით 100,000 ლარი), მაშინ როცა საბურთალოს რაიონის მხოლოდ ძირითად სიაში 2016 წელს 1833 ბენეფიციარი იქნება, ხოლო მიმდინარე წელს --1645. მომლოდინეთა სიებისგან განსხვავებით, ძირითადი სიის ყველა ბენეფიციარი უნდა იღებდეს უფასო სასადილოების მომსახურებას. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ აპირებს საბურთალოს რაიონის გამგეობა ასობით სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოკვებას.

ამგვარ შემთხვევებში თუ ახალი სახელმწიფო შესყიდვა არ გამოცხადდა და გამგეობამ არსებულ მომწოდებელს დააკისრა გაზრდილი ვალდებულება, ბენეფიციართა რაოდენობის ზრდამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს  საკვების ხარისხი.

მიმწოდებლების ვალდებულებების და სანქციების დაკონკრეტება: თბილისის მერის ბრძანებით (თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანება 1879) განსაზღვრული ხელშეკრულებით, არასაკმარისადაა დეტალიზებული უფასო სასადილოებით მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები და ის სანქციები, რაც პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ უნდა დაეკისროთ.

3. რეკომენდაციები

ჩამოთვლილი პრობლემების შესამსუბუქებლად, ჩვენი აზრით, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:

  • თბილისის მერიამ გაზარდოს თბილისის ათივე რაიონის გამგეობების უფასო სასადილოების ქვეპროგრამების დაფინანსება, რაც, გამგეობების სოციალური სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული ჩვენი გათვლებით, წელიწადში 4.5 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს რათა 10,500 ადამიანი, ვინც 2015 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სარეზერვო და დამატებით სიებშია, ძირითად სიებში იქნან გადაყვანილი;

  • მნიშვნელოვანია, თბილისის რაიონების სოციალურმა განყოფილებებმა მოიპოვონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ბაზებთან წვდომა, რათა სოციალური პრობლემებით დამძიმებულ ბენეფიციარებს ეს ბიუროკრატიული აუცილებლობა თავიდან აარიდონ. არაერთი ბენეფიციარი სწორედ ამ ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ ახერხებს მომსახურებისთვის რეგისტრაციას;

ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ მოქალაქისთვის უფასო სასადილოების მომსახურებით გასაწევად აუცილებელია გადამოწმება აკმაყოფილებს თუ იგი არა დადგენილ კრიტერიუმებს, თუმცა ამის გაკეთება თავად რაიონების სოციალურ განყოფილებებს საკმაოდ მარტივად შეუძლიათ;

  • თბილისის მერის ბრძანებით (თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანება 1879) განსაზღვრული ხელშეკრულებით აუცილებელია მოხდეს უფასო სასადილოებით მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებების და სანქციების უფრო მკაფიო დეტალიზება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს საკვების/მომსახურების ხარისხის გაუარესების რისკები;

  • უფასო სასადილოების ქვეპროგრამები მენიუს შესაბამისი ცვლილებების შემდეგ გავრცელდეს ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე, რამაც შესაძლოა ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება მოითხოვოს. როგორც აღვნიშნეთ, ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ქვეპროგრამიდან ამორთვა მძიმე ტვირთად აწვება ამ ასაკის ბავშვების სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

___________________________________________

1 უფასო სასადილოების სარეზერვო და და დამატებითი სიების ბენეფიციარების ჯამური მონაცემები, რაც მუდმივად იცვლება, მოყვანილია თბილისის რაიონების გამგეობების სოციალური განყოფილებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2015 წლის 16-17 ნოემბრის მდგომარეობით, თუმცა 30 ნოემბრამდე შუალედში თბილისის ათივე რაიონში დაახლოებით 1000 ადამიანი უკვე დაემატა სარეზერვო და დამატებით სიებს, რის გამოც მომსახურების გარეშე დარჩენილი კონტიგენტი 10,500 ადამიანს აჭარბებს.

თბილისის 5 რაიონში დაახლოებით 10 ბენეფიციარი გამოვიკითხეთ.

3გარკვეულ რაიონებში, მაგალითად, ნაძალადევის რაიონში, საკვები დამატებითი სიის ბენეფიციარებისთვისაც რჩება, თუმცა არაერთ რაიონში ან არ რჩება (განსაკუთრებით ხორციანი კერძის დღეებში), ან რჩება, მაგრამ არასაკმარისი, ან როგორც აღვნიშნეთ, ბენეფიციარები არ მიდიან, რადგან არ აქვთ იმედი, რომ დარჩება. ამდენად, სარეზერვო და დამატებითი სიების ერთად დაჯგუფების მიზანს წარმოადგენს ის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისი რესურსი გამოიყოს.

Author: მიხეილ კუკავა