არასრული ინფორმაცია და არასაკმარისი გამჭვირვალობა იმერეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების მთავარ გამოწვევებად რჩება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, 2016 წლის მსგავსად, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამჭვირვალედ მუშაობის საკითხით დაინტერესდა. გამჭვირვალობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა და შინაარსი. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება) ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების გამართულად მუშაობის ხარისხი კვლავ მოექცა ჩვენს მონიტორინგში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2016 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ჯეროვნად არ ასრულებენ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ანალოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა ერთი წლის ინტერვალით. კვლევის მიზანს წარმოადგენს, გაარკვიოს, თუ რა ქმედითი ღონისძიებები გაატარეს მუნიციპალიტეტებმა თავიანთი ოფიციალური ვებგვერდების გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კვლევამ ამჯერადაც მოიცვა ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. კვლევის მეთოდები წინა კვლევის ანალოგიურია: შევისწავლეთ საკანონმდებლო ბაზა და მუნიციპალიტეტების ელექტრონული რესურსები და აღნიშნული ელექტრონული რესურსებიდან მიღებული ინფორმაცია გავაანალიზეთ. ასევე გამოვიკვლიეთ ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი. კვლევა 2017 წლის იანვრის მონაცემებს ეყრდობა.
სამართლებრივი ბაზის ანალიზი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, პროაქტიული გამოქვეყნება გულისხმობს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსებას. აღნიშნული კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, როგორც საჯარო დაწესებულებებს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ევალებათ. გარდა ამისა, კოდექსი საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს განსაზღვრონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმები მოცემულია კოდექსის იმ თავში, რომელიც ეხება მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. შესაბამისად, ნორმის მიზანიც ნათელია: უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. კოდექსი შეიცავს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პროაქტიულად გამოქვეყნებას, თუმცა ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უტოვებს უფლებას გააფართოვონ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დეტალურ ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილება.
ამრიგად, სამართლებრივი ბაზის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ცალსახად ავალდებულებს, მიზანი - აღნიშნული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა და ამ გზით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა.
კვლევის ძირითადი მიგნებები
-
კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ამჯერადაც არ შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას წინა კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები.
-
შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან 9 მუნიციპალიტეტს ( ბაღდათი, ვანი, ჭიათურა, ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერის მუნიციპალიტეტებს 2016 წელს მიღებული აქვთ ახალი დადგენილებები, რომელშიც პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა დეტალურადაა მოცემული დანართის სახით და პასუხობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს. ჭიათურის, წყალტუბოს, ხონის, ტყიბულის მუნიციპალიტეტები სარგებლობენ 2014-2015 წლებში მიღებული დადგენილებებით, რომელიც აღარ პასუხობს მოქმედ სტნდარტებს. სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებს შესაბამისი დადგენილებები ამ დრომდე არ მიუღიათ.
-
განთავსებული ინფორმაციის სიმცირის კუთხით გამოირჩევა თერჯოლისა (www.terjola.ge) და ხონის ( www.khoni.gov.ge ) ოფიციალური ვებგვერდები. კვლავ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი (www.vani.gov.ge). წინა კვლევის დროს არ ფუნქციონირებდა წყალტუბოს (www.tskaltubo.gov.ge) ვებგვერდი. მართალია, ამჟამად ის ფუნქციონირებს, თუმცა მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზებით.
-
მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების შესწავლამ ცხადყო, რომ არცერთ მათგანს არ აქვს განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ. სამართლებრივი აქტების განთავსების სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, მათზე ინფორმაცია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არასრულადაა წარმოდგენილი.
-
სიახლეების განთავსების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მუნიციპალიტეტების ვებგვერდები მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსებას. ამ მიზნით ისინი ასევე სარგებლობენ სოციალურ ქსელ Facebook-ით, რომელიც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, გარდა ზესტაფონის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა. შესაბამისად, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მწირია.
-
მუნიციპალიტეტების ნაწილს (ბაღდათი, თერჯოლა) კვლავაც არ აქვთ მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც დაინტერესებული მოქალაქეები დაკავშირებას და მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
ვებგვერდების შეფასების კრიტერიუმები და მონიტორინგის შედეგები
წინა კვლევის მსგავსად, მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობის ხარისხის დასადგენად, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და ცალკეული მუნიციპალიტეტების დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხიდან შევარჩიეთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომლის განთავსებაც სავალდებულოდ მივიჩნიეთ მუნიციპალიტეტების ელექტრონულ რესურსებზე. ჩვენს მიერ ამჯერადაც შეირჩა წინა კვლევის იდენტური შემდეგი ტიპის ინფორმაცია:
-
მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები.
-
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
-
ანგარიში საკრებულოს საქმიანობის შესახებ.
-
შესყიდვების წლიური გეგმა.
-
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტი
2016 წლის 29 იანვარს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ. ახალი დადგენილება უფრო დახვეწილია, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა მოცემულია დანართის სახით, წინა დადგენილებისაგან განსხვავებით, მისი მოცულობა გაზრდილია და პასუხობს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მოცემული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.bagdati.gov.ge
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ამჯერადაც ვერ პასუხობს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს. მართალია, შექმნილია “პროაქტიული გამოქვეყნების” გრაფა, მაგრამ იგი განთავსებულია “განცხადებების” გრაფაში. სასურველი იქნებოდა “პროაქტიული გამოქვეყნების” გრაფა დამოუკიდებელ გრაფად შექმნილიყო ვებგვერდზე. ამ გზით ის უფრო თვალსაჩინო გახდებოდა მოქალაქეთათვის.
“პროაქტიულად გამოქვეყნების” გრაფაში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი pdf პორმატში. ამავე გრაფაში მოცემულია გამგებლის ცალკეული ბრძანებები, საკრებულოს განკარგულებები და დადგენილებები. სასურველი იქნებოდა, “პროაქტიული გამოქვეყნების” გრაფა ჩაშლილი სახით ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელშიც ცალკე იქნებოდა გამოყოფილი “სამართლებრივი აქტების” გრაფა. ვებგვერდის ზოგადი ანალიზი ქმნის შთაბეჭდილებას ინფორმაციის არასისტემატიზებული ფორმით განთავსების შესახებ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჯერადაც არ არის წარმოდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია არასრულია. არ არის წარმოდგენილი მონაცემები მუნიციპალიტეტის გამგებლის შესახებ, რაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” ცნობილია ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ვებგვერდზე უნდა იყოს მითითება და შესაბამისი ინფორმაცია გამგებლის ან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
“ახალი ამბების” გრაფაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამავე გრაფაში ვხვდებით ინფორმაციას საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. ვებგვერდი ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის წარმოდგენას გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ანგარიშების შესახებ. ამ კუთხით ვებგვერდი დადებით შეფასებას იმსახურებს.
მუნიციპალიტეტი სარგებლობს სოციაალურ ქსელ facebook-ით.
2. ვანის მუნიციპალიტეტი
2016 წლის თებერვალში ვანის მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის შესახებ. ბაღდათის ანალოგიური შინაარსის დადგენილების მსგავსად, ეს დადგენილებაც უფრო სრულყოფილია და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა აქაც დანართის სახითაა წარმოდგენილი. კვლავ მოქმედია ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება, რომლის თანახმად ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.vani.gov.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, 2016 წლის მსგავსად, ახლაც მითითებულია, რომ ის სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია სისრულის მხრივ ვერ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას. ვებგვერდზე ცალკეულ გრაფებში მოთავსებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, თავმჯდომარის, მისი მოადგილის, გამგებლისა და მისი მოადგილეების ბიოგრაფიული მონაცემები ფოტოსურათებით, ასევე მათი საკონტაქტო მონაცემები, გარდა გამგებლის საკონტაქტო მონაცემებისა. რაც შეეხება გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს და მათ ხელმძღვანელებს, ტექნიკური გაუმართაობის გამო მხოლოდ ორი სტრუქტურული ერთეულისა და მისი ხელმძღვანელის შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი.
ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ცალკე გრაფა აქვს დათმობილი საჯარო ინფორმაციას, რომელშიც ჩაშლილი სახითაა წარმოდგენილი ნორმატიული ბაზა და ბიუჯეტი. ნორმატიული ბაზის ქვეშ განთავსებულია საკრებულოს დადგენილებების, სხდომის ოქმებისა და გამგებლის ბრძანებების ქვეგრაფები და ზოგიერთი მათგანი ცარიელია ან საჭიროებს განახლებას. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას სრულყოფილად გავეცნოთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესახებ. ბიუჯეტის ქვეშ წარმოდგენილია 2017 წლის ბიუჯეტი, ვებგვერდზე კვლავ ვერ ვხვდებით ინფორმაციას შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო სარგებლობს სოცილაურ ქსელ facebook-ით, თუმცა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჭიროებს განახლებას.
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კვლავ მოქმედია ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. აღნიშნული დადგენილებით მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.chiatura.org.ge
ვებგვერდზე განთავსებულია საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, გამგებლისა და მისი მოადგილეების, სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია, რომელიც არასრულია. მაგალითისათვის არ არის ხელმისაწვდომი საკრებულოს ზოგიერთი წევრის, გამგებლის მოადგილეების შესახებ ბიოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები, ასევე გამგებლის საკონტაქტო მონაცემები. ცალკე გრაფა აქვს დათმობილი ბიუჯეტს, რომლის ქვეშაც განთავსებულია ადგილობრივი ბიუჯეტისა და შესყიდვების გეგმის გრაფები. ადგილობრივი ბიუჯეტის გრაფაში წარმოდგენილია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. ასევე 2014 წლის ბიუჯეტი და 2015, 2016 წლების ბიუჯეტის პროექტები. საყურადღებოა, რომ 2015 და 2016 წლების ბიუჯეტები პროექტების სახითაა წარმოდგენილი. შესყიდვების გეგმის გრაფა ცარიელია. ვებგვერდზე ცალკე გრაფა აქვს დათმობილი საკრებულოს წევრის ანგარიშს, რომლის ქვეშაც მოცემულია საკრებულოს ცალკეული წევრის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, თუმცა არცერთ მათგანზე არ არის მითითებული დოკუმენტის შედგენის თარიღი და ასევე მათში წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა.შესაბამისად, ამ გრაფაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა საკრებულოს საქმიანობის დეტალური ანალიზის შესაძლებლობას.
დამოუკიდებელი გრაფა აქვს დათმობილი სამართლებრივ აქტებს. აქ უმთავრესად წარმოდგენილია საკრებულოს დადგენილებები და განკარგულებები. რაც შეეხება “ბრძანებების”, “საკრებულოს სხდომის ოქმების” და “სამართლებრივი აქტების პროექტების” ქვეგრაფებს, ამ ნაწილში ინფორმაცია განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, გამგებლის მიერ გამოცემული ცალკეული ბრძანებები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცალკეულ საკითხებზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ვხვდებით ასევე ინფორმაციას მუნიციპალიტეტში განხორციელებული აქტივობების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ასევე იყენებს სოციალურ ქსელ facebook-ს.
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
2016 წლის 23 სექტემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ. აღნიშნულ დადგენილებას წინ უძღოდა 2014 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.zestaphoni.com
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია არასრულადაა განთავსებული: არ არის წარმოდგენილი გამგებლისა და საკრებულოს წევრების ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ასევე არ არის წარმოდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ცალკე გრაფის სახითაა წარმოდგენილი, რომელშიც ვხვდებით 2008-2017 წლების ბიუჯეტებს. ცალკე გრაფა აქვს დათმობილი კანონმდებლობას, თუმცა ამ გრაფაში წარმოდგენილი ინფორმაცია მწირია და საჭიროებს განახლებას. მეტიც, საკრებულოს დადგენილებებსა და გამგებლის ბრძანებებზე წვდომა შეუძლებელია.
მუნიციპალიტეტის ვებგვერდი შეიცავს ვრცელ ჩამონათვალს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ამ მიზნით გამგეობა ასევე სარგებლობს სოციალურ ქსელ facebook-ით. რაც შეეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მას ოფიციალური facebook გვერდი არ აქვს. შესაბამისად, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია საკრებულოს მიერ სხდომებზე განხილული საკითხების და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 28 ნოემბერს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.tskaltubo.gov.ge
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი არ ფუნქციონირებდა, ახლანდელი მდგომარეობით ტექნიკური ხარვეზებით მუშაობს. ვებგვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია გამგებლის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის შესახებ. არ გვხვდება მონაცემები საკრებულოს წევრების შესახებ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე გრაფაში ინფორმაცია არ არის განთავსებული. არ არის წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და შესყიდვების წლიური გეგმა, ანგარიში საკრებულოს საქმიანობის შესახებ.სამართლებრივი აქტების გრაფაში მხოლოდ გამგებლის ბრძანებებია წარმოდგენილი და მისი განახლების ინტერვალიც დიდია. ბოლო ბრძანება 2016 წლის 1 აგვისტოს თარიღითაა მიღებული. ვებგვერდი არ შეიცავს მონაცემებს მუნიციპალიტეტის მაშტაბით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა სარგებლობს facebook გვერდით. უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოს facebook გვერდზე ინფორმაცია განახლებას საჭიროებს.
6. ხონის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 15 დეკემბერს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.khoni.ge, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ვებგვერდი არ ფუნქციონირებს. ფუნქციონირებს www.khoni.gov.ge-ზე.
ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების შესახებ ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემების მითითებით. არ გვხვდება ინფორმაცია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან მთელ რიგ საკითხებზე. არ არის წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი, შესყიდვების წლიური გეგმა, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. ვებგვერდის საშუალებით მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების გაცნობის შესაძლებლობასაც მოკლებული ვართ.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა სარგებლობს facebook გვერდით.
7. საჩხერის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 20 იანვარს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ. საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.sachkhere.gov.ge
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდი არ შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ. კანონმდებლობის გრაფაში წარმოდგენილი სამართლებრივი აქტები მწირია და საჭიროებს განახლებას.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა სარგებლობს სოციალურ ქსელ facebook-ით, რომელზედაც აქტიურად აქვეყნებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ აქტივობებს, ინფორმაციას საკრებულოს სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ. სიახლეების გრაფა წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
8. თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 1 თებერვალს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.terjola.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი არ შეიცავს მონაცემებს მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული მთელი რიგი გრაფები ცარიელია.არ არის წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. სამართლებრივი აქტების ქვეშ განლაგებული მთელი რიგი ქვეგრაფები ცარიელია ან საჭიროებს განახლებას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელ facebook-ს, რომლის საშუალებითაც ისინი მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საკრებულოს სხდომებისა და მუნიციპალიტეტის მაშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ.
9. ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 18 თებერვალს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.tkibuli.ge
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია გამგებლის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და საკრებულოს წევრების შესახებ. თუმცა მონაცემები საჭიროებს სრულყოფას. ცალკეული თანამდებობის პირების გრაფაში არ არის მოცემული მისი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ბიუჯეტის გრაფაში წარმოდგენილია 2010-2016 წლების ბიუჯეტი. 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ არის განთავსებული.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არ არის წარმოდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. სამართლებრივი აქტების გრაფაში წარმოდგენილი ინფორმაცია მწირია. აქ უმთავრესად ვხვდებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და საკრებულოს კომისიების შესახებ დებულებებს. ცალკე გრაფაშია განთავსებული საკრებულოს ცალკეული დადგენილებები და განკარგულებები. ვებგვერდზე არ არის განთავსებული გამგებლის ბრძანებები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელ facebook-ით სარგებლობს მხოლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური facebook გვერდი არ აქვს.
10. სამტრედიის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.samtredia.com.ge
მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სრულყოფილადაა მოცემული მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია. ვებგვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2016 წლის ბიუჯეტი. რაც შეეხება შესყიდვების წლიურ გეგმას, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს, მათ შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე არ ვხვდებით. სამართლებრივი აქტებიდან წარმოდგენილია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანებები და ამ ნაწილშიც ინფორმაცია განახლებას საჭიროებს. შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალობის პრინციპს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარგებლობს facebook გვერდით.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.kharagauli.ge
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემების მითითებით. ბიუჯეტის გრაფაში წარმოდგენილია 2013-2017 წლების ბიუჯეტი. ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული სამართლებრივი აქტების გრაფაზე წვდომა შეუძლებელია. არ არის განთავსებული გამგებლის ბრძანებები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ვებგვერდზე ასევე არ არის წარმოდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა და ანგარიში საკრებულოს საქმიანობის შესახებ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა სარგებლობს სოცილურ ქსელ facebook-ით, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობებისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ. სიახლეების განთავსება ასევე ხდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
ცხელი ხაზი
კვლევამ აჩვენა, რომ ცხელი ხაზი აქვთ წყალტუბოს, ტყიბულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს კონტაქტის გრაფაში წარმოდგენილი აქვს გამგებლის მისაღებისა და კანცელარიის ტელეფონის ნომრები. აღსანიშნავია, რომ გამგეობასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომერი გვხვდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ facebook გვერდზეც. საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეც ცალკე გრაფა აქვს გამოყოფილი კონტაქტს, რომელშიც განთავსებულია ტელეფონის ნომერი. აღნიშნული საკონტაქტო ნომერი გვხვდება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ facebook გვერდზეც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის კონტაქტის გრაფაში წარმოდგენილია მოქალაქეთა მისაღების ტელეფონის ნომერი, ასევე ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ მისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს facebook გვერდზეც ვხვდებით საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი და მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მითითებული აქვს ვანის მუნიციპალიტეტს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გვხვდება ხონის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზეც.
რაც შეეხება ბაღდათის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებს, მათ ცხელი ხაზის ნომერი არ აქვთ და კონტაქტების გრაფაც ცარიელია. საკონტაქტო მონაცემებს არ შეიცავს მათი ოფიციალური ვებგვერდებიც.
დასკვნა და რეკომენდაციები
ერთი წლის ინტერვალით ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტები კვლავაც არაჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას. მათ მიერ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არასრულია და არ პასუხობს საქართველოს კანონმდებლობითა და თავად მუნიციპალიტეტების დადგენილებებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტს (სამტრედია, ხარაგაული) კვლავაც არ მიუღიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებები. კვლავ სატესტო მდგომარეობაში მუშაობს ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი. ერთი წლის ინტერვალით მეტი ინფორმაციის განთავსების კუთხით თითქმის ვერ ვხედავთ გაუმჯობესებულ მდგომარეობას.
შესაბამისად, კვლავ აქტუალური რჩება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციები:
-
იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც ჯერ არ შეუმუშავებიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმები, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა. ხოლო რიგმა მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც სარგებლობენ 2014-2015 წლების დადგენილებებით, მიიღონ ახალი დადგენილებები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან.
-
იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც შექმნეს ოფიციალური ვებგვერდები, მაგრამ მცირე ინფორმაცია განათავსეს, დროულად უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა.
-
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
-
იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც არ აქვთ მოწესრიგებული ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი, დროულად არმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.
კვლევის ფარგლებში შეფასებული ვებგვერდები
-
ბაღდათის მუნიციპალიტეტი - www.bagdati.gov.ge
-
ვანის მუნიციპალიტეტი - www.vani.gov.ge
-
ჭიათურის მუნიციპალიტეტი - www.chiatura.org.ge
-
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - www.zestaphoni.com
-
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - www.tskaltubo.gov.ge
-
ხონის მუნიციპალიტეტი - www.khoni.gov.ge
-
საჩხერის მუნიციპალიტეტი - www.sachkhere.gov.ge
-
თერჯოლის მუნიციპალიტეტი - www.terjola.ge
-
ტყიბულის მუნიციპალიტეტი - www.tkibuli.ge
-
სამტრედიის მუნიციპალიტეტი - www.samtredia.com.ge
-
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - www.kharagauli.ge