ახალი 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი: გამჭვირვალობა წარმატების საწინდარი იქნება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი: გამჭვირვალობა წარმატების საწინდარი იქნება

25 ნოემბერი, 2013

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სექტემბრის ბოლოს კერძო საინვესტიციო ფონდი აამოქმედა, რომელმაც საქართველოს კერძო სექტორში ინვესტირება უნდა წაახალისოს. მისი განცხადებით, აღნიშნულმა კერძო სააქციო ფონდმა კერძო ინვესტორებისგან 6 მილიარდი აშშ დოლარი უკვე მოიზიდა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტია. 

ბიძინა ივანიშვილი ახალ თანაინვესტირების ფონდში, სხვა ინვესტორების პარალელურად, საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებს. ფონდში თავმოყრილი ქონების 80 პროცენტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციად ჩაიდება. მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდს კერძო ინვესტორები, და არა სახელმწიფო, აფინანსებენ, როგორც ჩანს, იგი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც კი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულა.

თანაინვესტირების ფონდი, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოსთვის მეტად საჭირო, თუმცა ძვირადღირებული, ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტებისთვის ფართო მასშტაბიანი დაფინანსების მოპოვებაში. პრეზენტაციის დროს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ფონდი ანაკლიაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებოდა. პორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოზიციის შენარჩუნებისა და სარგებლიანობის გაზრდისთვის. ღრმა საზღვაო პორტი ეფექტიანობასაც გაზრდის, რადგან იგი მეტი კონტეინერის მიღებასა და პანამაქსის (განსაკუთრებულად დიდი ზომის) სატვირთო გემების მიღებას შეძლებს.  

აღნიშნული პროექტი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობაში ყოფნის დროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდის ფინანსური დახმარებით, ანაკლიასთან ახლოს ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობის პროექტი წამოიწყო . პრემიერმინისტრ ივანიშვილის განცხადებით, მთავრობა ახლა მუშაობს კონსორციუმის შექმნაზე, რომელიც ანაკლიის პორტს დააფინანსებს. მისი თქმით, „ეს შეიძლება ყველაზე დიდი პროექტი გახდეს საქართველოში“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გამოგზავნილ იმეილში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავრობა პორტისთვის საუკეთესო ალტერნატიული ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესშია და რომ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, თუ რომელი შემოთავაზებული პროექტი შეირჩევა, ჯერ არ გაჟღერებულა.  

თანაინვესტირების ფონდი იმით არის განსაკუთრებული, რომ იგი არ არის შეზღუდული მინორიტარული მეწილის სტატუსით (როგორც, მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი) და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ღირებულების 75%-ის დაფინანსება შეუძლია. ეს თვისება მას მეტი საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების წამოწყების საშუალებას აძლევს, რაც საქართველოს ეკონომიკასა და დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად უნდა აისახოს.   

თუმცა თანაინვესტირების ფონდი არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას მისი პროექტებისა და ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ. ის არც ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აპირებს. გარდა ამისა, ფონდის მიერ გამოცხადებული ინვესტორების ნაწილს (დეტალები იხილეთ ქვემოთ) საეჭვო საქმიანი რეპუტაცია გააჩნიათ, რაც ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს. თანაინვესტირების ფონდის მნიშვნელოვანი ფინანსური ძალისა და მთავრობისა და ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფონდმა უნდა ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და გამოცდილი სამეთვალყურეო საბჭო, და საჯაროდ გამოაცხადოს მისი ინვესტორების ვინაობა და მათი საინვესტიციო მიმართულებები. ამგვარი გახსნილობა მნიშვნელოვანი იქნება იმ ინვესტორების მოსაზიდად, რომლებიც ფონდთან ერთად თანაინვესტირებაზე ფიქრობენ ან აპირებენ ინვესტიცია ისეთ პროექტში ჩადონ, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გაუწევს კონკურენციას.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გადამწყვეტი ფაქტორები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა საკმარისი ინფორმაცია გაასაჯაროოს დაგეგმილი პროექტებისა და საქმიანობის შესახებ, ასევე მისი თანაინვესტორების, ფონდის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებული დაფინანსების შესახებ.

რაში ჩადებს თანაინვესტირების ფონდი ინვესტიციებს?

ფონდის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციის სახით ყოველწლიურად 1,6 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებდა და რომ ფონდს უკვე ჰქონდა მიღებული მასთან თანაინვესტირების მსურველი 80 კერძო ინვესტორის შემოთავაზება. ეს ინფორმაცია ფონდის ხელმძღვანელობამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იმეილითაც დაუდასტურა. ფონდში ამბობენ, რომ უკვე შერჩეულია ათი პროექტი, რომელიც კომპლექსური შემოწმებისა და განხორციელების სტადიებზეა, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ შესახებ მეტი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავა. ბაჩიაშვილის თქმით, ფონდში იმედოვნებენ, რომ 2014 წლის ბოლომდე მას რამდენიმე კონკრეტულ პროექტში თანაინვესტირების სახით 1 მილიარდი აშშ დოლარი ექნება ჩადებული. ესენია: ორი დიდი ჰესი, ერთი წარმოების, ერთი აგრობიზნესისა და რამდენიმე სასტუმროს პროექტი.   

თანაინვესტირების ფონდი და საპარტნიორო ფონდი

თანაინვესტირების ფონდი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფონდების პარალელურად იფუნქციონირებს (იგულისხმება, პირველ რიგში, საპარტნიორო ფონდი, რომელიც ამჟამად რესტრუქტურიზაციას განიცდის და სუვერენულ ფონდად ყალიბდება, და ასევე მისი შვილობილი, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარდგენილი ინოვაციური პროექტების ვენტურული ფონდი). ყველა ეს ფონდი ერთმანეთს ერთი და იგივე საბაზრო სექტორების (ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ.) პროექტების დაფინანსებაში, გარკვეულწილად, კონკურენციას გაუწევს და შეეცდება ინვესტორებს თანაინვესტირებაში არჩევანი შესთავაზოს: „განსახორციელებელი პროექტების მასშტაბების, ხანგრძლივობისა და წილობრივი მონაწილეობის დონის მეტ-ნაკლებად განსხვავებული მანდატებით“, – ამბობს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი ბაჩიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბრისას. ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობები ერთდროულად ეკავა. საპარტნიორო ფონდი მან თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე დატოვა.

კერძო ფონდი უზარმაზარი გავლენის პოტენციალით: მოთხოვნები კეთილსინდისიერი მმართველობისთვის

თანაინვესტირების ფონდი კერძო სააქციო ფონდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 100 პროცენტით ინვესტორების საკუთრებას წარმოადგენს. მისი გაცხადებული მიზანია „ქვეყანაში უმაღლესი დონის სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვა“ და „ინვესტორებისთვის მაღალი სარგებლის მოტანა“. მიზნის მისაღწევად ფონდის მმართველ გუნდს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს.

ამ დროისთვის გაურკვეველია, რეალურად უკვე არსებობს თუ არა დაფინანსება და თითოეულ ინვესტორს ფონდში რა თანხა აქვს დაბანდებული. ბიძინა ივანიშვილის მიერ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ სავარაუდო პროექტად ანაკლიის პორტის დასახელების პარალელურად, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – 28 წლის გიორგი ბაჩიაშვილი ეეცადა ხაზი გაესვა იმ გარემოებისთვის, რომ ინვესტორები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, შეზღუდული უფლებების პარტნიორები არიან და თანაინვესტირების ფონდის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევიან.

თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ორი შვილობილი კომპანია ჰყავს, ერთი ლუქსემბურგში და ერთიც ჰონგკონგში. ფონდის ხელმძღვანელობის თქმით, კაიმანის კუნძულებზე დაგროვებული კაპიტალი საქართველოში ინვესტიციად ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთის გავლით ჩაიდება. ფონდს ქართული კომპანია „GCF Partners“ (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) მართავს, რომლის წილთა 42%  ბაჩიაშვილს ეკუთვნის, 16% – ლევან ვასაძეს, ხოლო 42% – უჩა მამაცაშვილს. ამ დროისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს ფონდი და როგორ უნდა იმართებოდეს იგი ინვესტორებისგან დამოუკიდებლად. კითხვაზე – დაეზუსტებინა ვასაძისა და მამაცაშვილის როლი, ბაჩიაშვილმა გვიპასუხა, რომ ისინი „მართვის კომპანიის აქციონერები არიან ... [მათ] არ აქვთ რაიმე  აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც „GCF Partners“ მართავს.“

ფონდის ვებგვერდზე ამ დროისთვის არ არის განთავსებული დეტალური ინფორმაცია რაიმე სახის საზედამხედველო მექანიზმების შესახებ. ვებგვერდზე არსებული „მრჩეველთა საბჭოს“ განყოფილებაც ცარიელია. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია განახლდება და მრჩეველთა საბჭოს შემდეგი მოვალეობები დაეკისრება: „განიხილოს სესხების გაცემა, პროექტების მიმდინარეობა და აუდიტორთა დანიშვნა / გათავისუფლება, ასევე განიხილოს ნებისმიერი სახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი გენერალურ პარტნიორს, მენეჯერს ან თანაინვესტირების ფონდის დაქვემდებარებაში მყოფ პირებსა და ფონდის პარტნიორებს შორის". ბაჩიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ლევან ვასაძე, სავარაუდოდ, მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება, ენდრიუ კაკაბაძესა და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, რომლებსაც ინვესტორები წარადგენენ.

გიორგი ბაჩიაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდი „ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით იმართება“. ამის შესახებ განმარტების გაკეთების თხოვნაზე ბაჩიაშვილმა და ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გვიპასუხეს, რომ „აღნიშნულ პრაქტიკებს ფონდის მმართველობა მის საერთაშორისო იურიდიული მრჩევლებთან ერთად ნერგავს“.  

მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდი კერძო საკუთრებაშია, იგი მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ფონდი დიდი რაოდენობით კაპიტალს ფლობს, მისი ინვესტიციების წარმატება ან წარუმატებლობა პოტენციურად მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს არა მარტო მის ინვესტორებზე, არამედ ეკონომიკის იმ სეგმენტებზე, რომლებშიც მოხდება ინვესტირება. ამის გამო, ფონდი უნდა იყოს გახსნილი და ანგარიშვალდებული, მან ძლიერი მმართველობის სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც ინვესტორებისა და ხელისუფლებისგან მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

ფონდის მხარდამჭერები

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე გიორგი ბაჩიაშვილმა შემდეგი ინვესტორები დაასახელა (ისინი ფონდის ვებგვერდზეც არიან მოხსენიებული): დაბი გრუფი (Dhabi Group – არაბთა გაერთიანებული საემიროები), რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო  (RAK Investment Authority – არაბთა გაერთიანებული საემიროები), აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited – ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ KazTransOil-ს), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holdings AS – თურქეთი), მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგს გრუფი (Milestone International Holdings Group Limited – ჩინეთი), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. ბაჩიაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხას ჩადებს თითოეული ინვესტორი ფონდში. მისი განმარტებით, ინვესტორები თანხას ერთობლივ ფონდში მოათავსებენ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა ფონდის მანდატის ფარგლებს მიღმა არსებული პროექტის დაფინანსებას გადაწყვეტს, მას შეუძლია იგი სხვა ინვესტორებს შესთავაზოს და დაფინანსება სხვა წყაროდან მოიპოვოს.   

ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი უფრთხიან რეპუტაციასთან დაკავშირებულ იმ რისკებს, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის ზოგიერთი ინვესტორის გვერდიგვერდ ინვესტირებამ შეიძლება გააჩინოს.

მაგალითისთვის, ალექსანდრე მაშკევიჩი მილიარდერი ყაზახეთის სამთო სექტორიდან გახდა. 2011 წლის ივნისში ბელგიის სახელმწიფო პროკურორმა მაშკევიჩსა და მის ორ ბიზნეს პარტნიორს ჯარიმის სანაცვლოდ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. ბელგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე საქმე იყო.

კიდევ ერთ ინვესტორს – აჰმედ ჩალიკს, ჩალიკ ჰოლდინგის დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე, ახლო ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვთან („თურქმენბაში“), რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (2006 წელი) მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტოტალიტარულ, რეპრესიულ და ექსცენტრიულ დიქტატორად მიიჩნეოდა. 2004 წლამდე თურქმენბაშის რეჟიმის დროს აჰმედ ჩალიკს არაერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, მათ შორის ტექსტილის მინისტრის , პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლისა და თურქმენეთის ენერგო რესურსების საერთაშორისო მარკეტინგის მრჩევლის თანამდებობები. ამ დროის განმავლობაში იგი მილიარდერი გახდა და ჩალიკ ჰოლდინგი ისე გააფართოვა, რომ მასში სხვადასხვა სექტორში მომუშავე (დაწყებული ენერგეტიკის, ნავთობის, ტექსტილის სექტორებით და დამთავრებული ბანკით ალბანეთში) 34 კომპანია შევიდა. ცნობისათვის  wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2007 წლით დათარიღებული ამერიკული დეპეშის მიხედვით,  ელჩ რიჩარდ ჰოგლანდთან ვახშმისას აჰმედ ჩალიკმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტი ნიაზოვი „მას ისე ეპყრობოდა, როგორც შვილს“. Global Witness-ის მიხედვით, იმ პერიოდში თურქმენეთის სახელმწიფო სახსრების დაახლოებით 75 % ბიუჯეტის მიღმა იხარჯებოდა. თურქმენეთი ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში 176 ქვეყანას შორის 170-ე ადგილზეა. 2007 წელს ჩალიკ ჰოლდინგის აღმასრულებელ დირექტორად 26 წლის ბერატ ალბაირაკი დაინიშნა, რომელიც თურქეთის პრემიერმინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა.

ინვესტორების საქმიანობის გადამოწმების უფრო მკაცრი პროცედურების დანერგვითა და წლიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებით, თანაინვესტირების ფონდი შეძლებს მის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას. ფონდის ფინანსურმა დირექტორმა თეა ჯოხაძემ უარი თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ინტერვიუზე, რომლის დროსაც მისგან ინფორმაციის გადამოწმების პროცედურებზე დეტალების მოსმენა გვსურდა. ამის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილს შემდეგი კითხვით მივმართეთ: ინფორმაციის გადამოწმების რა პროცედურები ტარდება პოტენციურ ინვესტორზე სანამ ის ფონდის ინვესტორად შეირჩევა, და იღებს თუ არა ეს გადამოწმება მხედველობაში ინვესტორის მიმართ ოფიციალურ სისხლის სამართლის გამოძიებებსა და ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებებს, რაზეც მან და ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გვიპასუხეს: „ჩვენ არ გვაქვს უფლება კომენტარი გავაკეთოთ ჩვენი შეზღუდული პარტნიორებისა და მათი შესაძლო წარსული, მიმდინარე ან მომავალი საქმიანობის შესახებ. ინვესტორების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდისთვის ყველა მათგანი მისაღებია“. ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ზოგიერთი ინვესტორის შესახებ ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს ეჭვ ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობა.

ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდი სოფლის მეურნეობაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. აგრობიზნესის საინვესტიციო ოფიცრებმა ინტერვიუში დაგვიდასტურეს, რომ განიხილება ფონდში შემოსული 15 აგრო ბიზნესპროექტი, მათ შორის 40–50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რძის ფერმა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა, და რამდენიმე სათბურის პროექტი. ფონდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იკითხა, თუ როგორ შეძლებდა ფონდი  ამის გაკეთებას ბოლო დროს მიღებული კანონის პირობებში, რომლის ძალითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილ კომპანიებს, როგორიცაა, მაგალითად, თავად ეს ფონდი,  2014 წლის დეკემბრამდე ეკრძალებათ როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, ისე იმ კომპანიების შეძენა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვთ საკუთრებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გამოგზავნილ იმეილში ბაჩიაშვილი წერს, რომ „ფონდი უკრაინელ ინვესტორებთან ერთად აქტიურად განიხილავს სოფლის მეურნეობაში ინვესტირების შესაძლებლობას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის საკუთრებას პროექტისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, გრძელვადიანი იჯარაც საკმარისია“. ფონდის აგრობიზნესის საინვესტიციო ოფიცრების ცნობით, საქმე ეხება 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რძის ფერმის პოტენციურ პროექტს, რომელსაც, ფონდთან ერთად, უკრაინული კომპანია „ტერა ფუდ გრუფი“ დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ „ტერა ფუდ გრუფის“ სტრატეგიასა და ინვესტიციებზე პასუხისმგებელი დირექტორი, გიორგი კიკვიძე, ამავე დროს თანაინვესტირების ფონდის სოფლის მეურნეობის ინვესტიციების განმკარგველი დირექტორიცაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი (მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად. ჩვენი აზრით, ეს კანონი არაკონსტიტუციურია, ზიანის მომტანია სოფლის მეურნეობის ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ავნებს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს.

Author: ევა ანდერსონი