აჭარის უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის დეპუტატების ბიზნესინტერესები
2016 წლის წლის 8 ოქტომბერს, აჭარის მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც აირჩია.
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით, ახალარჩეული საბჭოს პირველი სხდომა დანიშნა, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მეოთხე მოწვევის დეპუტაცია უფლებამოსილების შესრულებას 2016 წლის 28 ნოემბერს შეუდგა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უახლოეს მომავალში წარადგენს მესამე მოწვევის (2012-2016 წლების) უმაღლესი საბჭოს მუშაობის შეფასებას, ამჯერად კი გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ საჯარო რეესტრის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ტენდერების მონიტორინგის, პოლიტიკური შემოწირულებების და სხვა ბაზების გამოყენებით მოკვლეულ ინფორმაციას მეოთხე მოწვევის საბჭოს წევრების ბიზნესინტერესების, პარტიული შემოწირულებების, საბჭოს წევრებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და საბჭოს ზოგი წევრის ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ.
აღნიშნული კვლევის მომზადება დროში გაჭიანურდა იმის გამო, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდი რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობდა, შესაბამისად, არ შეგვეძლო ოფიციალური წყაროს გამოყენება და მონაცემების შედარება ჩვენ მიერ მოკვლეულ ინფორმაციასთან.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა:
-
საბჭოს რამდენიმე წევრმა, საბჭოში უფლებამოსილების ცნობამდე და ცნობის შემდეგ, კომპანიებში, სადაც ასრულებდნენ დირექტორის პოზიციას, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დათმეს ხელმძღვანელი პოზიციები, რამდენიმე დეპუტატმა კი დირექტორობასთან ერთად წილებიც დათმო ოჯახის წევრების სასარგებლოდ;
-
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე მოწვევის საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვე) 28 იანვარს ამოეწურათ, საბჭოს წევრების ნაწილს ეს ვალდებულება კანონით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია;
-
უმაღლეს საბჭოს წევრებს ზაზა ოქუაშვილსა და დავით თედორაძეს ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ;
-
საბჭოს რამდენიმე წევრთან დაკავშირებული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოების და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში. ნუგზარ სურმანიძესთან, გიორგი ცინცქილაძესთან, ხვიჩა შარაშიძესთან და გია აბულაძესთან დაკავშირებულ შპს-ებთან ათეულობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებიც გაფორმდა;
-
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი უკავშირდება, პოლიტიკური შემოწირულებების სახით, თანხები ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გადარიცხეს - 2016 წელს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებიათ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან” ხვიჩა შარაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროში კანონით დადგენლი ვადის გადაცილებით, 2017 წლის 30 იანვარს წარადგინა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შარაშიძე რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მეწილეა: „დუპლესი - სამშენებლო კომპანიაში”,„დუპლექსში”, „ვოქსში”, „ჩემს სახლში” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 50%-იან წილებს ფლობს. აღნიშნული კომპანიები ბათუმში საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ შარაშიძემ „დუპლექსიდან” 2016 წელს, შემოსავლის სახით 143 675 ლარი მიიღო.
დასახელებული კომპანიებიდან ერთ-ერთი - „ვოქსი” 2012 წელს აქტიურად აფორმებდა პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, კომპანიამ სარესტორნო მომსახურების 21-ჯერ გაწევის სანაცვლოდ უწყებისგან 36 000 ლარზე მეტი მიიღო.
ზაზა ოქუაშვილის ბიოგრაფია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. მისი უფლებამოსილება 2016 წლის, 27 დეკემბერს, უმაღლესმა საბჭომ მას შემდეგ ცნო, რაც აჭარაში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პროპორციული სიის პირველმა ნომერმა დავით თარხან-მოურავმა ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მანდატზე უარი თქვა. შესაბამისად, ოქუაშვილს მიმდინარე წლის 27 თებერვალს ეწურება ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადა. ზაზა ოქუაშვილი “ომეგა ჯგუფის” მფლობელია. “ომეგა ჯგუფი” რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროა სიგარეტების წარმოება და დისტრიბუცია.
20 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის უმაღლეს საბჭოს ზაზა ოქუაშვილის ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებით წერილით მიმართა: ინტერესთა შეუთავსელობას ის გარემოება წარმოადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და მისი მეუღლის ნატო ჩხეიძის კუთვნილი კომპანია „ბენმონტი” ფლობს ტელეკომპანია „იბერიას” 100%-იან წილს. მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აღსანიშნავია, რომ ზაზა ოქუაშვილის მსგავსად, კანონის ეს მოთხოვნა ირღვევა ოქუაშვილის მეუღლის ნატო ჩხეიძის შემთხვევაშიც, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პროპორციული სიით მოხვდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
20 იანვრის წერილის საპასუხოდ უმაღლესმა საბჭომ განმარტა, რომ ოქუაშვილის ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენის შემდეგ შეისწავლის ჩვენს წერილში აღნიშნულ გარემოებას ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ.
ორგანიზაცია ასევე დაუკავშირდა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. უწყებაში აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ტელეკომპანია „იბერიას” მფლობელებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია და კომისიის უახლოეს სხდომაზე საკითხზე იმსჯელებენ.
გიორგი ცინცქილაძე
უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი ცინცქილაძემ ქონებრივი დეკლარაცია ვადის დარღვევით წარადგინა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ცინცქილაძე 2016 წლის 12 დეკემბრამდე შპს „ხელვაჩაურის საგზაოს” დირექტორი იყო, ამჟამად კომპანიის დირექტორი ლევან შარაშიძეა. 30 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში ცინცქილაძეს არ მიუთითებია, აღნიშნულ კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის ფაქტი და არც ამ პოზიციიდან მიღებული შემოსავალი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას.
გიორგი ცინცქილაძის დირექტორობის დროს “ხელვაჩაურის საგზაომ” 34 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მათგან 25-ში გაიმარჯვა. ამ ტენდერებიდან 19-ში „ხელვაჩაურის საგზაოს” კონკურენტი არ ჰყოლია - ყველა კონტრაქტი კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტთან გააფორმა. ჯამში კომპანიამ ელექტრონულ ტენდერების გზით 1 782 642 ლარი მიიღო.
ამავე დეპარტამენტმა 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით, “ხელვაჩაურის საგზაოს” პირდაპირი შესყიდვის 9 ხელშეკრულება გაუფორმა - ჯამში კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების გაწევისთვის აღნიშნულ წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 384 206 ლარი მიიღო.
ნუგზარ სურმანიძე
უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანია „ვიტაფარმის” 10%-იანი წილის მფლობელია. 2017 წლის 20 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სურმანიძეს მითითებული აქვს, რომ აღნიშნულ კომპანიიდან 2016 წელს 2850 ლარი მიიღო.
სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგით დადგინდა, რომ აღნიშნულმა შპს-მ სამკურნალო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ 48 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 2012-2016 წლებში, როდესაც ნუგზარ სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მანამდე კი სურმანიძე ამავე უწყების მინისტრის მოადგილე იყო. აღსანიშნავია, რომ 48 ტენდერში, სადაც კომპანიამ გაიმარჯვა, “ვიტაფარმს” 27-ში კონკურენტი არ ჰყოლია.
შპს „ვიტაფარმთან” აჭარაში მოქმედი სამედიცინო და სხვა საჯარო დაწესებულებები აქტიურად აფორმებდნენ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებსაც: 2012 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანიას 44 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებით მიღებული აქვს 73 000 ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ 44 ხელშეკრულებიდან მხოლოდ 5 ითვალისწინებდა 5 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების გაწევას.
შპს „ვიტაფარმას” მომსახურების შემსყიდველებს შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო ლიდერობს, მას მოსდევს ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ა.შ.
ილია ვერძაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქიდან ილია ვერძაძე დღემდე იკავებს საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებს. ილია ვერძაძემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული პოზიციიდან შრომის ანაზღაურებას იღებს, თუმცა 2017 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში გასულ წელს აღნიშნული პოზიციიდან მიღებული შრომის ანაზღაურების მოცულობა არ მიუთითებია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნის უგულებელყოფაა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ ამ ორი პოზიციის შეთავსებამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კითხვები გაუჩინა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამ საკითხზე სამართლებრივ შეფასებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
ილია ვერძაძე პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების მიერ 2006 წელს დაფუძნებული შპს „პროფი პლიუსის” დირექტორიც იყო, თუმცა 2012 წლიდან ამ პოზიციას აღნიშნული გაერთიანების გამგეობის წევრი დარეჯან მექვაბიშვილი იკავებს.
ვერძაძეს უკავშირდება კიდევ ერთი კომპანია - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 15%-იან წილს ფლობს შპს „ცდა 2008-ში”, რომლის საქმიანობის სფერო მშენებლობაა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, არც „პროფი პლიუსს” და არც „ცდა 2008-ს” ელექტრონულ გამარტივებულ და პირდაპირ შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით, დავით ბაციკაძე მესამედ გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუმცა ამჯერად არა როგორც „საქართველოს კონსერვატიული პარტიის” წევრი, არამედ როგორც სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პროპორციულ სიაში შემავალი კანდიდატი. 2014 წლის 29 ივლისს, ბაციკაძემ 2 პარტნიორთან ერთად, დააფუძნა შპს როიალ ბათუმი, რომლის საქმიანობის სფერო მშენებლობა და რემონტია. კომპანიის დირექტორი ბაციკაძის მეუღლე ნანა ბაჯელიძეა, თავად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კი 25%-იან წილს ფლობს. კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას არ იღებს. 2017 წლის 5 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არც ბაციკაძეს და არც მის მეუღლეს „როიალ ბათუმიდან” შემოსავალი არ მიუღიათ.
დავით ბაციკაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი პარტიის ანგარიშზე ორჯერ გადარიცხა თანხა: „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ” 2012 წლის 24 მაისს, ბაციკაძისგან 16 500 ლარი მიიღო, ამავე წლის 2 ივლისს კი 11 000 ლარი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული წევრი გია აბულაძე, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 14 მარტის ჩათვლით, შპს „ოცნების” დირექტორი იყო. ეს შპს 1996 წელს დაფუძნდა, სამეურნეო საქონელს ყიდის და კომერციულ საქმიანობას ეწევა.
ამჟამად „ოცნების” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რაულ გაბაიძეა, რომელმაც 2012 წლის 30 აგვისტოს ა(ა)იპ „საქართველოს არ იყიდება” 15 000 ათასი ლარი შესწირა, „ოცნებასთან” დაკავშირებულმა კიდევ ერთმა პირმა - ზაურ გაბაიძემაც გადარიცხა თანხა პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე - „ოცნების” მაშინდელმა დირექტორმა 2012 წლის 11 ივლისს, 5 ათასი ლარი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა.
შპს „ოცნება”, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 7 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც ორში გაიმარჯვა და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 10 880 ლარი მიიღო. გაცილებით მეტია იმ ხელშეკრულებათა რაოდენობა, რომელიც პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდა შპს-თან: 2012 წლის 26 მარტიდან 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან შპს „ოცნებამ” მომსახურების პირდაპირი გზით გაწევის მიზნით, 62 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 44 026 ლარი მიიღო, მათ შორის გია აბულაძის დირექტორობის დროს გაფორმდა 19 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 11 438 ლარი. არცერთი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 5 000 ლარს ზევით ღირებულების მომსახურების გაწევას არ ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ გია აბულაძე 2010-2012 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო. მასთან დაკავშირებული კომპანიის - „ოცნების” პირდაპირი შესყიდვების უმრავლესობა სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო, სასპორტო და სახელოვნებო სკოლებისთვის მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. „ოცნების” დირექტორობის დროს გია აბულაძის მიერ გაფორმებული 19-ვე პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების ხელმომწერები ზემოდასახელებული სკოლების, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის, აჭარის განათლების ფონდის, კოლეჯ “ბლექსის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არიან.
გია აბულაძე სხვა კომპანიის დირექტორიც იყო - აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2016 წლის 1 აგვისტოს, კომპანია „ჯიაიემჯი აპარტმენტის” ხელმძღვანელობიდან გადადგა. 2013 წლის 19 ივლისს რეგისტრირული შპს-ს 100%-იანი წილი ავსტრიაში რეგისტრირებულ კომპანია GIMG-ს ეკუთვნის და საქმიანობის სფერო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაა. 2014 წლის 29 აგვისტოს აღნიშნულ კომპანიასთან, გია აბულაძის დირექტორობის დროს, ბათუმის კულტურის ცენტრმა მომსახურების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა: „ჯიაიემჯი აპარტმენტს”, 1500 ლარის მიღების სანაცვლოდ, ბათუმობის დღესასწაულზე მიწვეული სტუმრების ფურშეტით გამასპინძლება დაევალა.
უცნობია, რა თანხა მიიღო გია აბულაძემ „ჯიაიემჯი აპარტმენტის” დირექტორობიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, რადგან 2017 წლის 23 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამ კომპანიიდან მიღებულ შემოსავალზე არაფერია მითითებული, რაც წინა ანალიგიური შემთხვევების მსგავსად, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაა.
დავით გაბაიძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნამდე დავით გაბაიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო, კიდევ უფრო ადრე კი ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2010 წელს, დავით გაბაიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა იურიდიული საკონსულტაციო კომპანია „გაბაიძე და პარტნიორები”, 2016 წლის დეკემბერში კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე დღეში, დავით გაბაიძემ საკუთარი 25%-იანი წილის მართვა ამავე კომპანიის დირექტორს ედნარ ბოლქვაძეს გადააბარა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიმდინარე წლის 30 იანვარს, ვადის დარღვევით შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარეს „გაბაიძე და პარტნიორებიდან” 2016 წელს შემოსავალი არ მიუღია.
გიორგი მანველიძე
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში არჩეული გიორგი მანველიძე 2012 წელს დაფუძნებული შპს I-G-ს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა უმაღლეს საბჭოში მანველიძის უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღეში კომპანიის დირექტორი დეპუტატის ბიზნესპარტნიორი ირაკლი აბუსერიძე გახდა. 2017 წლის 27 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში გიორგი მანველიძეს არ მიუთითებია აღნიშნული კომპანიიდან მიღებული შემოსავალი და არც ის, რომ 50%-იან წილს ფლობს, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, გიორგი მანველიძესთან და მის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გიორგი რომანაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე 2016 წლის ნოემბრამდე 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია G.T. Group-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა ამჟამად კომპანიის მენეჯმენტი და ყველა აქტივი გიორგი რომანაძის მეუღლის თეონა ნუმანიშვილის განკარგულებაშია. G.T. Group-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ცნობამდე (2016 წლის 28 ნოემბერი), კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რომანაძემ კიდევ ერთი კომპანიის დირექტორობა გადააბარა მეუღლეს, თეონა ნუმანიშვილი ამჟამად კომპანია „გორა +-ის” ხელმძღვანელია, მანამდე კი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი რომანაძე იყო. მსგავსი გადაფორმება მოხდა „ჯიემთი კომპანის” შემთხვევაშიც.
გიორგი რომანაძის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 4 ნოემბრით თარიღდება, შესაბამისად, 2017 წლის 4 ნოემბრის შემდეგ გაირკვევა, რა შემოსავალი მიიღო უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა აღნიშნული კომპანიებიდან 2016 წელს.
ირაკლი ჭეიშვილი
ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, 2015 წლის მარტში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, საკუთარი 50%-იანი წილი კომპანია „ეიჩ ენდ ემში” არჩილ ლაბაძეს აჩუქა, შპს-ს დირექტორიც ლაბაძე გახდა. კომპანიას არც ირაკლი ჭეიშვილის დირექტორობის დროს და არც მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.
ელგუჯა ბაგრატიონი
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ელგუჯა ბაგრატიონი არც რომელიმე საწარმოში იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას და არც წილებს ფლობს კომპანიებში. „ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ბაგრატიონმა პარტიას 8 სექტემბერს 5 ათასი ლარი გადაურიცხა. 2014-2016 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თავმჯდომარეობდა, ამჟამადაც ამავე პარტიის ფრაქციის ხელძღვანელია აჭარის უმაღლეს საბჭოში. მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 26 სექტემბრით თარიღდება.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიით არჩეული დავით თედორაძე, უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ დრომდე ჟურნალ “ჭოროხის” სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარეა. დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით დგინდება, რომ აღნიშნული ჟურნალის რედაქტორობიდან თედორაძემ 2016 წელს 4 000 ლარამდე მიიღო. გაზეთ “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დაადასტურა, რომ ამჟამად რედაქტორის მოადგილის პოზიციიდან შრომის ანაზღაურების სახით ხელფასს ამ დრომდე იღებს. ა(ა)იპ “აჭარის მწერალთა სახლი” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება - 2017 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული 130 ათასი ლარიდან მწერალთა სახლი თანამშრომელთა, მათ შორის დავით თედორაძის შრომის ანაზღაურებაზე 87 ათას ლარს დახარჯავს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს, უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”
-
მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართონ საბჭოს აღნიშნულ წევრს;
-
მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივი დეკლარაციებში და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობით/სხვა ანაზღაურებადი სამუშაო პოზიციიდან მიღებული შემოსავალი;
-
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს - დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საბჭოს იმ წევრებისთვის სანქციების დასაკისრებლად, რომელთაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში ან/და სრულად არ წარუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია.
1კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციას უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წელს ბიზნესში საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადაუგზავნა, თუმცა თავად ბიურომ არ ჩათვალა საჭიროდ ამ მონაცემების გამოქვეყნება. შესაბამისად,დეპუტატის თქმით, მას კანონი არ დაუღვევია. მოგვიანებით, გია აბულაძემ ორგანიზაციას გამოუგზავნა დეკლარაციის ის გვერდი, სადაც ეს მონაცემები ნამდვილად ასახული აქვს, მაგრამ ბიურომ დეკლარაციის გასაჯაროებამდე გია აბულაძის შემოსავლები ამოიღო. როგორც გაირკვა, ბიურომ იხელმძღვანელა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის" მე-19 მუხლით, სადაც ნათქვამია, რომ პირის თანამდებობაზე პირველ განწესებამდე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ შეიძლება იყოს საჯარო ინფორმაცია.
ორგანიზაციამ კვლევის მომზადებისას იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ გია აბულაძე 2016 წელს უმაღლეს საბჭოში არჩევამდეც იყო განწესებული საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე - აჭარის მთავრობაში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო 2010-2012 წლებში, თუმცა მაშინ მას ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა არ ევალებოდა. შემდგომ წლებში შეტანილი ცვლილებებითა და მთავრობის ახალი დადგენილებებით,აჭარის მთავრობის მინისტრებს უკვე ევალებათ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა.
ფაქტობრივად გამოდის, რომ გია აბულაძე 2016 წლამდეც იყო განწესებული თანამდებობაზე, თუმცა დეკლარაციის წარდგენა არ ევალებოდა.
ორგანიზაციას ვერ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გია აბულაძემ მიუთითა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის შემოსავლები დეკლარაციაში, რომელიც მერე ბიურომ არ ასახა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კვლევაში მითითებული მოსაზრება, რომ გია აბულაძემ კანონის მოთხოვნა უგულებელყო, მცდარია.