აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ახალ თანამდებობებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ახალ თანამდებობებზე

27 თებერვალი, 2017

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ წევრებს სხვადასხვა პოზიციაზე ნიშნავს. როგორც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა თეიმურაზ ჭკუასელმა განაცხადა, დაპირება ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ პარლამენტარობის დროს 2016 წლის იანვარში, უშუალოდ ყოფილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს. კერძოდ, მისი თქმით, პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებოდნენ, სხვადასხვა პოზიციაზე გადაინაცვლებდნენ, მათ შორის  აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში ან ბიზნესში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოების განხილვის საგანი ნამდვილად გახდა ყოფილი თანაგუნდელების სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველო” დაინტერესდა აჭარის უამღლეს საბჭოსა და მთავრობაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობით. დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მსგავს პრაქტიკას აქვს ადგილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა  და უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც.  კერძოდ,  2017 წლის 9 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. დებულების თანახმად, ამ დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საკანონმდებლო სფეროში ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა უნდა უზრუნველყოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბერიძესთან ერთად, ამ პოზიციაზე საბჭოს კიდევ ერთ ყოფილ წევრს ალექსანდრე ჩიტიშვილსაც განიხილავდნენ, თუმცა ჩიტიშვილი ამ დრომდე არცერთ პოზიციაზე არ დაუნიშნავთ. ასევე ამ გადაწყვეტილებამდე ადგილობრივ მედიაში აქტიურად განიხილებოდა ბერიძის განათლებისა და კულტურის შესაძლო მინისტრობაც.

აჭარის უმაღლეს საბჭოში დასაქმდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი აკაკი ძნელაძე, რომელიც ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწეა, აღნიშნულ კომისიას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს.

13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციაში  - საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

გარდა მმართველი გუნდის წევრებისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურში დასაქმდა პარტია “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი სულხან ღლონტიც. იგი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

სახელისუფლებო პარტიიდან პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო შპს-ებში დასაქმება, როგორც ჩანს, მასობრივ ხასიათს იღებს. საზოგადოებაში არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია საბიუჯეტო ორგანიზაციებში ისეთი პირების დასაქმება, რომლებიც აღარ არიან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებაში და სანაცვლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში  თანამდებობებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წერობის გამო იკავებენ. მსგავსი პრაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდშიც როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებში, თბილისის მერიასა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ ჩნდებოდეს კითხვები ამა თუ იმ საკადრო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი დეპუტატობა არ უნდა იყოს გარანტი საჯარო უწყებებში პოზიციების დასაკავებლად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“