ENG

აჭარაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა უმაღლეს საბჭოს აქვს

19 სექტემბერი, 2018

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა უმაღლეს საბჭოს აქვს.

რეგიონის მეოთხე მოწვევის წარმომადგენლობითმა ორგანომ გაითვალისწინა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში არსებული ხარვეზები, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უთითებდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი საკუთარ ვებგვერდზე მნიშვნელოვნად გაზარდა.

პირველი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის ფუნქციონირებისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც წარმომადგენლობითმა ორგანომ 2014 წლის 20 მარტს მიიღო დადგენილება “საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ უწყება ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას სრულყოფილად არ ასრულებდა და  მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით ინტერნეტრესურსს სათანადოდ არ იყენებდა: ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ზოგადი ცნობები უმაღლესი საბჭოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ, საბჭოს კომისიების საქმიანობის ანგარიშები, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური რაოდენობა, საბჭოს მიერ ინიცირებული კანონპროექტები და სამართლებრივი აქტები.

ამჟამად მოქმედი ვებ-გვერდი კი სრულად აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უმაღლესი საბჭოს მიერ  დადგენილ სტანდარტს როგორც რაოდენობრივად, ასევე შინაარსობრივად, რაც მოცემულია ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილებში:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას,  საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად სრული სახით გამოქვეყნოს ვებგვერდზე - ეს ხელს უწყობს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდას, ასევე დაინტერესებული პირებისთვის ამარტივებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და წარმომადგენლობითი ორგანოს კონტროლს. მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შემავალ სამინისტროებს, საქვეუწყებო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე, უზრუნველყონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საკუთარ ვებგვერდებზე და აღმოფხვრან გამოვლენილი ხარვეზები.

ბლოგი მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით