2 წელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე – მოქმედების დროა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2 წელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე – მოქმედების დროა

17 ივნისი, 2013

ზუსტად 2 წელიწადში, 2015 წლის 17 ივნისს, საქართველო ვალდებულია ანალოგური სატელევიზიო სიგნალი გათიშოს და ის ციფრული სიგნალით ჩაანაცვლოს. დღეს საქართველოს მოსახლეობა სატელევიზიო ანტენების საშუალებით სწორედ ანალოგურ სიგნალს იღებს. თუმცა ამ ამოცანის შესასრულებლად და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვადების დასაცავად, ხელისუფლებამ დროულად უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს საქართველოს, მის მეზობელ ქვეყნებსა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება განსაზღვრავს.

ქსელის ოპერატორების შერჩევის გამჭვირვალე პროცესი

მთავრობამ ქსელის ოპერატორი კომპანიებისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი უნდა უზრუნველყოს. კომპანიას შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ციფრული გადამცემის (მულტიპლექსის) აგება და ოპერირება დაევალოს, რომელიც  ქვეყნის მასშტაბით ტელევიზიებს გაუწევს მომსახურებას. თუ ქსელს ქართული ან უცხოური კერძო კომპანია, ან კომპანიების მიერ შექმნილი კონსორციუმი გაუწევს ოპერირებას, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს მედია გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში; მედია გაძლიერდება როგორც ბიზნესი და დაცული იქნება მთავრობის ჩარევისაგან.

ხოლო თუ ქსელის აგება სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას “საქართველოს ტელერადიოცენტრს” (წარსულში შპს “ალფაკომი”) დაევალება, მაშინ მთავრობა საჭიროზე მეტ გავლენას მოიპოვებს მედია სექტორზე. ამასთან, ამ შემთხვევაში საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება მოზიდული, რაც გადასახადის გადამხდელებისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, კერძო კომპანიებს გაცილებით დიდი გამოცდილება გააჩნიათ და ციფრული ქსელის ასაგებად მეტ რესურსებსა და საჭირო ინფრასტრუქტურას ფლობენ.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროა

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. თუ მთავრობას გამჭვირვალე და კონკურენტული პროცესის წარმართვა სურს, მაშინ ქსელი ოპერატორებისთვის კონკურსი უკვე შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. თუ მთავრობა ე.წ. „სილამაზის კონკურსის“ ჩატარებას გეგმავს (ჯერ მოიწვევს კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი რიგი კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესო კომპანიას აარჩევს), მაშინ საჭიროა ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები ახლავე შევიდეს. პროცესის შემოდგომიდან დაწყება, შესაძლოა, უკვე გვიანი აღმოჩნდეს.

თუ ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურებას, საქართველო მისთვის 2015 წლისთვის დადგენილ ვადას დაარღვევს. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა, კონტროლი დაკარგოს საკუთარ სიხშირეებზე, რომლებიც ახლა მეზობელ ქვეყნებთან მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებშია დაცული. ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ ინტერესებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამაუწყებლო და საკომუნიკაციო სექტორის განვითარებას.    

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას პროფესიონალთა გუნდი ესაჭიროება

2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ მიღწეულა. არსებული შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ამ პროცესის მართვა ევალება, შესაფერისი ადამიანური რესურსებისა და გამოცდილების ნაკლებობას განიცდის.        

ხელისუფლებამ უნდა შექმნას სამოქმედო ჯგუფი, რომელიც გამოცდილი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება პროცესის თანმიმდევრულობაზე, სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ამოცანებისა და ვალდებულებების კოორდინაციასა და, მოქალაქეების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მომზადების მიზნით საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაზე.

ციფრულ მაუწყებლობას რიგი უპირატესობები გააჩნია:

  • გაუმჯობესებული ხარისხი: ციფრული მიწისზედა ტელევიზია ანალოგურ ტელევიზიასთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხის ხმას და გამოსახულებას იძლევა; მათ შორის, ზოგიერთ არხს მაღალი გარჩევადობის (HD) სტანდარტით მაუწყებლობაც შეეძლება.
  • დამატებითი მომსახურებები: მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ახალი ტექნიკური მომსახურებებით, მათ შორის ელექტრონული პროგრამების კატალოგით, სუბტიტრებით ან მაუწყებლობით ერთდროულად რამდენიმე ენაზე.
  • მეტი არხი: იზრდება არხების რაოდენობა და მაყურებელს არჩევანის მეტი თავისუფლება ექნება. ამჟამად, თავისუფალი სიხშირეების დეფიციტის გამო, სატელევიზიო არხების რაოდენობა შეზღუდულია.
  • ციფრული დივიდენდი: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სიხშირული სპექტრის უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. შედეგად, შესაძლებელი გახდება გამოთავისუფლებული სიშირეები ახალი მომსახურებების, მაგალითად, ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტის  დასანერგად იქნას გამოყენებული. ამ სიხშირეების აუქციონზე გატანა სახელმწიფოს დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალებას მისცემს.

ციფრული მაუწყებლობის მისაღებად თითოეულ ოჯახს თავიანთი ტელევიზორების გადამყვან მოწყობილობასთან (სეტ-ტოპ ბოქსი) დაკავშირება მოუწევს, თუ, რა თქმა უნდა, სახლში DVB-T2 სტანდარტის ტელევიზორი არ აქვთ, რომელიც ციფრულ სიგნალს ისედაც აღიქვამს. მათზე, ვინც სიგნალს ანტენის საშუალებით არ იღებს და საკაბელო ან სატელიტური მომსახურებით სარგებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა პირდაპირ გავლენას არ მოახდენს.

 

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ბლოგპოსტის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და აშშ-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

 

Author: მატიას ჰუტერი
Media