ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციები მეორე ტურის წინ

28 ოქტომბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პირველ ტურში, ასევე, 8 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

 
  1. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, პირველი ტურის დროს ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები კვალიფიკაციის დაბალი დონით გამოირჩეოდნენ. ხშირ შემთხვევაში კომპეტენციის ნაკლებობა ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესში მრავალ ტექნიკურ ხარვეზს იწვევდა. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კომისიის წევრები ზოგ შემთხვევაში არ ფლობდნენ სახელმწიფო ენას, რაც ასევე ართულებდა მათ მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოებას.

 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები, მათ შორის დამატებითი წერილობითი ინსტრუქციების მიწოდების სახით.

 
  1. საუბნო საარჩევნო კომისიებიდან პარტიების წევრების მასობრივი გაწვევის შემდეგ საოლქო კომისიებმა გამოაცხადეს ერთდღიანი კონკურსი ახალი წევრების დასანიშნად. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით ვაკანტური თანამდებობების შერჩევა შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს,  კონკურსანტების შერჩევის პროცესმა მაინც გააჩინა კითხვები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბათუმის სამი ოლქის 103 უბანში ახალი წევრები ისე დაინიშნენ, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია არც მედიისთვის და არც საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი არ ყოფილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რისკები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალდანიშნული წევრების არასათანადო კვალიფიკაციასთან.

 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ახლადარჩეული კომისიის წევრების კვალიფიკაციას. სამომავლოდ კი სასურველია, შემოღებულ იქნას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის რეზერვის ინსტიტუტი, რომელიც მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დასაზღვევად არის საჭირო.

 
  1. არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. დაფიქსირდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ცალკეული ფაქტები. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან მედიასაშუალებები აგრესიით გამოირჩეოდნენ საუბნოს საარჩევნო კომისის წევრების მიმართ, რაც აფერხებდა საარჩევნო პროცესს.  

 
 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუფერხებლად მიეცეს საშუალება, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს, ასევე, საადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესს.

 
  1. არჩევნების პირველი ტურის შემდეგზოგიერთი პარტიის ლიდერები ამობობდნენ, რომ საარჩევნო კომისიებში მათი წევრები მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებდნენ და ზოგ შემთხვევაში მოხდა მათზე ზეწოლა ან/და მოსყიდვა.

 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

  1. პოლიტიკური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველების მიმართ ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჩვენი გადამოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული განცხადებების დადასტურება ხშირად რთულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული  ფაქტები სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება..

 

რეკომენდაცია: აუცილებელია, წარიმართოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება გავრცელებული ფაქტების შესახებ და დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებული პირები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ფაქტები, ასეთი ქმედებები მათ მიმართ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნდობას ამცირებს.

 
  1. არჩევნების დღეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე და უბნის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რამაც შეაფერხა და ზოგ შემთხვევაში ჩაშალა საარჩევნო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში პოლიციამ ეფექტურად იმოქმედა, ზუგდიდში უბნის დარბევას ხელი არ შეუშალეს ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა. ასევე, არ მოხდა ყველა იმ პირის დაკავება, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის ორი უბნის დარბევაში.

 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული ფაქტების პრევენცია, დაძაბულობის შემთხვევაში კი, პოლიციამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა განმუხტოს დაძაბულობა. ასევე აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.

 
  1. არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია აქვთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც მათ აწვდიან ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, რის გადამოწმებასაც ახდენენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები. არის შემთხვევები როდესაც ასეთი კომუნიკაცია ცილდება ეთიკის ნორმებს, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, იმის გამო, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები მათ შეფასებებს არ ემთხვევა.

 

რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია იქონიონ ეთიკის ნორმების დაცვით.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“