შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება: საკონსტიტუციო სასამართლოსა და საპარლამენტო უმრავლესობის განსხვავებული აზრი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება: საკონსტიტუციო სასამართლოსა და საპარლამენტო უმრავლესობის განსხვავებული აზრი

01 ივლისი, 2011

2011 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების პავლე კუბლაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილის, კახაბერ ანჯაფარიძის და აკაკი მინაშვილის მიერ ინიცირებულ იქნა პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ . ამ კანონპროექტის მიზანი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაცია და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებაა. თუმცა, ეს მიზანი მხოლოდ ნაწილობრივ არის მიღწეული.
ამ პროექტის მესამე და საბოლოო მოსმენა პარლამენტის 1 ივლისის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
ორგანიზატორსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და მეცხრე მუხლის 1 პუნქტის ახლებური ფორმულირება, უდავოდ არის პოზიტიური ნაბიჯი. თუმცა ასევე აშკარაა, რომ პროექტი მიზნად ისახავს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ისეთი ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომლებიც უგულებელყოფენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აწესებენ გაუმართლებელ შეზღუდვებს და წინააღმდეგობაში მოდიან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონპოროექტი
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შენობის შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შეზღუდვის გადაწყვეტილება უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულების მნიშვნელობიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე.
კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისი შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი, თუკი იგი ხელს უშლის ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირებას. ეს არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას. პრობლემა ისაა, რომ კანონში მოცემულ ტერმინთა განამარტებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს გამართული ფუნქციონირება. ამ შემთხევაში მომიტინგეთა მიერ მცირედი შეფერხების შექმნა, შესაძლოა, ნორმალური ფუნქციონირების შეზღუდვის მიზეზად ჩაითვალოს.
ამასთან, კანონპროექტი აბრუნებს არაკონსტიტუციურად ცნობილ შეზღუდვას ისეთი დაწესებულებების შემთხვევაში როგორიცაა: პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თვისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, სამართალდამცავი ორგანოები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და პორტები. აკრძალული იქნება შეკრება ამ დაწესებულებების შასასვლლებიდან 20 მეტრის რადიუსში, მიუხედავად იმისა, შეუშლის იგი ადმინისტრაცული ორგანოს ფუნქციონირებას ხელს, თუ არა.
კანონროექტი კრძალავს სამხედრო ნაწილებისა და მათი ობიექტებში, ასევე მათი შესასვლელიდან არა 20(როგორც ეს საკონსიტუტციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულ ნორმით იყო დადგენილი), არამედ 100 მეტრის რადიუსში შეკრებას. გარდა იმისა, რომ ამ კანონპროექტში არ არის განმარტებული სამედრო ნაწილისა თუ სამხედრო ობიექტის მნიშვნელობა, ჩვენი აზრით, ეს შეზღუდვა მეტისმეტად მკაცრია. მანიფესტაციის მონაწილეთა ძირითადი მიზანი ისეთი კატეგორიული მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა მანიფესტაცია, საკუთარი აზრის ადრესატამდე მიტანაა. 100 მეტრის რადიუსში შეკრების ჩატარების აკრძალვამ კი ეს, შესაძლოა შეზღუდოს.
კანონპროექტის ინოვაციები
კანონპროექტის მიხედვით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომელთაც, შესაძლოა, ხელი შეეშალოთ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენი აზრით აღნიშნულის კანონით განსაზღვრა აზრს მოკლებულია. თავისთავად ცხადია, რომ შეკრებამ შეიძლება ხელი შეუშალოს კონკრეტულ ადგილზე პირთა საქმიანობას, თუმცა ამან არ შეიძლება აქციოს შეკრება უკანონოდ.
კანონპროექტი აფართოებს მანიფესტაციებზე აკრძალული ნივთების ჩამონათვალს და არაკანონიერად მიიჩნევს შეკრებაში მონაწილეთა მიერ ნებისმიერი ისეთ ნივთის ტარებას, რომელმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვა პირთა ჯანმრთელობას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამა წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ცვლილების პროექტის თანახმად უკანონო ფორმირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფორმირება, რომელიც შეიარაღებულია ისეთი საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად, ანდა გასანადგურებლად; თუმცა ამგვარ საგნად ნებისმიერი ნივთი შეიძლება ჩაითვალოს. ამ ორი კანონპროექტის კუმულაციური ეფექტი არის ის, რომ ხელისუფლების ორგანოებს მიეცემათ ფართო დისკრეცია, ნებისმიერი შეკრება უკანონოდ გამოაცხადონ, ხოლო მისი მონაწილეები სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცენ.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება გასცდება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს, აქციის ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, 15 წუთის განმავლობაში მოუწოდოს აქციის მონაწილეებს დარღვევის აღმოფხვრისაკენ და მიმართოს ამისათვის ყველა გონივრულ ქმედებას. ჩვენი აზრით, დაწესებული 15 წუთი შეუსაბამოდ მოკლე პერიოდია და ამ ვადაში წარმოუდგენელია როგორც მოწოდება აქციის მონაწილეებისადმი, ისე დარღვევის აღმოფხვრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვლის, რომ:

  • ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესების შედარების საფუძველზე უნდა დადგინდეს, რომელ ინტერესს მიენიჭოს მეტი მნიშვნელობა, კონკრეტული პირების საქმიანობის ნაწილობრივ შეზღუდვას თუ აზრის გამოთქმის უფლებას.
  • შეკრებებსა და მანიფესტაციებზე აკრძალული ნივთების განსაზღვრება გაუმართლებლად ფართოა და მნიშვნელოვანია მისი გონივრულ საზღვრებში მოქცევა.
  • უკანონო ფორმირების განმარტება არის გაუმართლებლად ფართო, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ორგანოთა მიზანია სისხილისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის.
  • დაწესებული 15 წუთი მანიფესტაციის ორგანიზატორებისთვის აქციის დაშლისთვის შეუსაბამოდ მოკლე პერიოდია და ამ ვადაში წარმოუდგენელია როგორც მოწოდება აქციის მონაწილეებისადმი, ისე დარღვევის აღმოფხვრა.

და ბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის უფლებამოსილებას. საქართველოში მოქმედი ყველა კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს, არაკონსტიტუციური კანონი კი უკანონოა.

განახლება: 07,07,2011

Author: მარიამ გაბედავა და ნინო მერებაშვილი