ENG

საქართველო შეუერთდა პარიზის დეკლარაციას დახმარების ეფექტურობაზე

16 ივნისი, 2011

ამა წლის აპრილში საქართველო გახდა 135–ე ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად შეუერთდა პარიზის დეკლარაციას დახმარების ეფექტურობაზე და აკრას სამოქმედო გეგმას. აღნიშნული ინიციატივები შესაბამისად 2005 და 2008 წელს შემუშავდა, რათა საერთაშორისო დახმარების ინდუსტრიაში არსებული ის პრობლემები აღმოფხვრილიყო, რომლებიც ამ დახმარებას უშედეგოს და არაეფექტურს ხდის. 2010 წლის დეკემბერში, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ორგანიზებულ დონორების კოორდინაციის ეროვნულ კონფერენციაზე, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა შეუერთდეს პარიზის დეკლარაციას დახმარების ეფექტურობაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ დეკლარაციას ხელს აწერენ არა მარტო დახმარების მიმღები ქვეყნები, არამედ დონორებიც. დონორთა შორის არიან ისეთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები და ევროკავშირის კომისია. საქართველოს მიერ დეკლარაციის ხელმოწერის შედეგად საქართველოს მთავრობა დანარჩენ მონაწილეებთან ერთად ოფიციალურად გახდა დეკლარაციის მხარე ქვეყნის დახმარების ინდუსტრიაში.

ამ ეტაპზე, როდესაც ყველა მხარემ უკვე ხელი მოაწერა დეკლარაციას, ჩვენ გვინდა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით. მოახდენს თუ არა ეს გავლენას საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების გაწევაზე და მის სტრუქტურაზე და თუ მოახდენს, მაშინ როგორ? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ნათელი არ არის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სწრაფვა სტანდარტული პრინციპებისაკენ ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც შემდგომში არსებით ცვლილებებს მოიტანს.

პარიზის დეკლარაცია ხუთ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული. საქართველოს კონტექსტში ეს გულისხმობს:

  • სახელმწიფო საკუთრება: დონორებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ როლს განვითარებისა და ფინანსური მართვის საკითხებში და თუ/როდესაც მთავრობის ეს ფუნქცია შეიზღუდება, დონორებმა ხელი უნდა შეუწყონ მის აღდგენას და ამასთანავე, მჭიდროდ ითანამშრომლონ სახელმწიფო სტრუქტურებთან.
  • შესაბამისობა: დონორთა სტრატეგიები განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითად სამოქმედო გეგმებს უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც ასახულია ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა: ძირითადი მონაცემები და მიმართულებები და ასევე სხვა სტრატეგიული დოკუმენტები, რომელიც ქვემოთ არის ნახსენები.
  • ჰარმონიზაცია: დონორებმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ, რათა არ მოხდეს ერთმანეთის სამუშაოს დუბლირება.
  • შედეგებზე ორიენტირებული მართვა: როგორც დონორებს, ისე საქართველოს მთავრობას თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრია მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგების შესახებ შინაარსიანი ანგარიშების წარდგენის საკითხში.
  • ორმხრივი ანგარიშვალდებულება: დონორებსა და საქართველოს მთავრობას აკისრიათ თანაბარი პასუხისმგებლობა გაწეული საერთაშორისო დახმარების შედეგებზე. კონკრეტულად, საქართველოს მთავრობამ აქტიური ლიდერის როლი უნდა შეასრულოს დეკლარაციის მეოთხე პრინციპის განხორციელებაში – ’’შედეგებზე ორიენტირებული მართვა’’ - და ეს ფუნქცია მხოლოდ დონორებს არ უნდა დააკისროს.

საქართველოს ყოველწლიურ ბიუჯეტში საერთაშორისო დახმარებას თვალსაჩინო ადგილი უკავია. 2009–11 წლებში დონორებმა საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად 1.5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი (დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარი) გამოუყვეს. ეს დახმარება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი აღდგენისათვის დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ნაწილია და ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებით, მთავრობამ უკვე რეალურად აღნიშნულ თანხაზე მეტი მიიღო. საქართველოს წლიური ბიუჯეტი 2009-2011 წლებში შესაბამისად 6.75, 6.97 და 7.35 მილიარდი ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ყოველწლიურ ბიუჯეტში უცხოური დახმარების წილის ზუსტი გაანგარიშება, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ყოველწიური დანახარჯის მნიშვნელოვან ნაწილს დონორების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება შეადგენს. შესაბამისად, დახმარების საიმედოობა ¬– ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც პარიზის დეკლარაციის მიხედვით უნდა გაუმჯობესდეს – მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს მთავრობის საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესში.

ქვეყანაში არსებული რამდენიმე სექტორი კრიტიკის საგანი გახდა დახმარების სუსტი და არაეფექტური კოორდინაციის გამო. 2011 წლის ივნისის ანგარიშში, რომელიც შეეხებოდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას საქართველოში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ “მომავალში მთავრობამ უფრო ძლიერი როლი უნდა ითამაშოს დონორთა კოორდინაციის სფეროში’’. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანალოგიური შენიშვნები დეკემბრის დასაწყისში თავის ერთ-ერთ გამოსვლაშიც გააკეთა. გარდა ამისა, 2010 წელს ევროპული კვლევითი ცენტრი „ფრიდეს“(FRIDE) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ „საქართველოში დემოკრატიის განვითარების სირთულემ გამოიწვია დონორთა შორის სუსტი კოორდინაცია და თანამშრომლობა.’’ აღნიშნულმა ანგარიშში დონორები რამდენიმე მიმართულებითა გაკრიტიკიებული: პრიორიტეტების სწრაფი შეცვლა, პრიორიტეტული სექტორების არაეფექტური განსაზღვრა ბევრ სფეროში, ერთმანეთის საქმიანობის დუბლირება და გრძელვადიანი სტრატეგიების ნაკლებობა, ასევე დონორების მხრიდან ზედმეტი სიფრთხილე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში უფრო ძლიერი დემოკრატიული რეფორმების გატარებას. კიდევ ერთ ანგარიშში, რომელიც გაზეთების მსოფლიო ასოციაციამ და ახალი ამბების გამომცემლობამ ამ თვეში გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ მედიის სფეროში, “საერთაშორისო დახმარების ზოგიერთი ელემენტი შეიძლება არაპროდუქტიული იყოს.’’ ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსათვის გამოყოფილი ყველა ტიპის საერთაშორისო დახმარება სუსტად არის კოორდინირებული, თუმცა მსგავსი ანგარიშები ნათელს ხდის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელება.

საქართველოში არსებობს განვითარების რამოდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ქვეყნის ყველა სექტორში დონორთა ინვესტიციების გზამკვლევი იყოს. მაგალითად, 2008 წლის საერთო საჭიროებების შეფასება ფაქტიურად დონორთა კორდინააციის სახელმძღვანელო დოკუმენტია, თუმცა ის უკვე დიდი ხანია მოძველდა და მისი განახლებული ვარიანტი მხოლოდ 2008 წლის ომის შემდგომი სასწრაფო რეკონსტრუქციის საჭიროებებს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო საჭიროებების შეფასების დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძირითადი სახელმძღვანელოა, რათა მან გააუმჯობესოს საკუთარი ძალისხმევა ქვეყანაში შემოსული დახმარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოქვეყნებაში, ამ დოკუმენტის სრული ვერსია საჯარო არასდროს ყოფილა და დღეს იგი დონორთა გზამკვლევად აღარ გამოდგება. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება, როგორც საქართველოში დახმარების კოორდინაციის მექანიზმი, არის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები. ეს დოკუმენტი ყოველწლიურად გამოიცემა ქვეყნის ბიუჯეტთან ერთად და განსაზღვრავს მთავრობის ხარჯვის/პოლიტიკის პრიორიტეტებს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. კონკრეტულ სექტორებში, მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ან სისხლის სამართლის რეფორმა, უფრო დეტალური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების არსებობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აღნიშნული სექტორების შემდგომი გზამკვლევი. ამასთან, როგორც წესი, მსგავსი დოკუმენტების ხარისხიანობა და მართებულობა სექტორების მიხედვით იცვლება.

საერთაშოსირო დახმარების მიმღებმა ზოგიერთმა ქვეყანამ შეიმუშავა პარიზის დეკლარაციის განმახორციელებელი სამოქმედო გეგმები, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს არ არის სავალდებულო და როგორც ჩანს, იგი მხოლოდ დონორთა მიერ დაწესებული მოთხოვნაა შესაბამისი ქვეყნებისათვის, რათა მათ მიიღონ შემდგომი დახმარება. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის არცერთ დახმარების მიმღებ ქვეყანას არ აქვს შემუშავებული პარიზის დეკლარაციის განმახორციელებელი კონკრეტული სამოქმედო გეგმები. ამასთან, არ დგება რაიმე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს დეკლარაციის პრინციპების დაცვას.

თავის მხრივ, ბევრი დონორი, რომელმაც ხელი მოაწერა დეკლარაციას, მიიჩნევს, რომ რთულია ყველა მოთხოვნის შესრულება. მაგალითად, ამერიკის განვითარების სააგენტოს 2011 წლის შეფასებით, რომელიც შეეხება ამ სააგენტოს მიერ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელებას, მიუხედავად უამრავი ძალისხმევისა, ხშირ შემთხვევაში არსებობს “ეჭვები პარიზის დეკლარაციის პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზოგიერთ იმ ქვეყანაში, სადაც ამერიკის განვითარების სააგენტო საქმიანობს. კონკრეტულად, სააგენტოს [თანამშრომლები] კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დახმარების მიმღები ქვეყნების შესაძლებლობასა და (ზოგიერთ შემთხვევაში) მათ სურვილს საკუთარ თავზე აიღონ მათი წილი პასუხისმგებლობა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც კოორდინაციას უწევს პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელებას, აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დახმარების მიმღები ქვეყნების შესაძლებლობებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობს ვალდებულება, რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და ასევე არ დგება პასუხისმგებლობა თუ არ მოხდა დეკლარაციის პრინციპების შესრულება. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ არის ის, რომ უნდა მოხდეს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გადახედვა, რომელიც ყოველ 3–4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება.

აქედან გამომდინარე, პარიზის დეკლარაციის პრინციპების შესრულება მნიშვნელოვანწილად ნებაყოფლობითია და ხშირად მთლიანად არც კი სრულდება, თუმცა აღნიშნული პრინციპები წარმოადგენს ძლიერ მექანიზმს იმ დონორებისა და დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის, რომელთაც სურთ, რომ გამოყოფილი დახმარებით უკეთესი შედეგები მიიღონ. ვფიქრობთ, ეს შესანიშნავი მიზეზია, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიურად დაიწყოს დეკლარაციის პრინციპების შესრულება. კონკრეტულად, აქცენტი უნდა გაკეთდეს დეკლარაციის ბოლო ორ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს შედეგებზე ორიენტირებულ მართვასა და ორმხრივ ანგარიშვალდებულებას.

Author: ქეითლინ რაიენი და ლაშა გოგიძე