საპარტნიორო ფონდი ეკონომიკის განვითარებისთვის: გამჭვირვალობის პრობლემა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარტნიორო ფონდი ეკონომიკის განვითარებისთვის: გამჭვირვალობის პრობლემა

06 ივნისი, 2011
2011 წლის თებერვალში, პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა და პრემიერის ხელმძღვანელობით, მინისტრებისგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო მართავს. საბჭო, თავის მხრივ, პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. კანონმდებლებმა მთავრობის ინიციატივა მესამე მოსმენით აპრილში დაამტკიცეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ფონდის შექმნის მთავარ მიზანს შეფერხებული პროექტების დასრულება, ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. პროექტის ავტორების თქმით, ფონდის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები, კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოძიებული თანხები, პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები და ფონდის მიერ დაფუძნებული, სახელმწიფოს მიერ ფონდისთვის გადაცემული ან უშუალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების/კომპანიების დივიდენდები. აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის შედეგად მიღებული ფინანსები სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშემოსავლო ნაწილს წარმოადგენს. 2011 წლის ბიუჯეტში პრივატიზებიდან მისაღები თანხების გეგმა 150 მილიონ ლარს შეადგენს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდებიდან კი გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარის (ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტში - აპრილი 2011, თავი II) მიღება, რაც, ჯამში ბიუჯეტის შემოსავლის (6,304,657,000 ლარი) დაახლოებით 3%-ს შეადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ საპარტნიორო ფონდის ჩამოყალიბება სააქციო საზოგადოების (საზოგადოება, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოხდა, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია თავად აქციონერთა ვინაობა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, კანონში აქციონერთა სახელების ჩაწერა არ მოხდა იმ მიზეზით, რომ მათი ვინაობა ხშირად შეიძლება შეიცვალოს და დამოკიდებული იქნება განხორციელებულ პროექტებზე. საპარტნიორო ფონდის მიერ პროექტის განხილვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი ღირებულება აგრარულ სფეროში მინიმუმ 5 მილიონი ლარი იქნება, არასასოფლო–სამეურნეო სექტორში კი არანაკლებ 30 მილიონი ლარი. ასევე, კერძო სექტორის მონაწილეობა პროექტში, მისი საბოლოო ღირებულების მინიმუმ 25%-ით განისაზღვრა, პროექტის დასრულების შემდეგ კი ფონდი თავისი წილის განსახელმწიფოებრიობას მოახდენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ:
  • მთავრობის მიერ დამატებით უნდა მოხდეს განმარტება, თუ რის საფუძველზე და რა სახით მოხდება პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდების იმ რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საპარტნიორო ფონდს გადაეცემა და მისი დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს; ასევე, გაურკვეველია ზემოთ ნახსენები თანხების შემოწმების საკითხი - დივიდენდები და პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა, თუ ბიუჯეტის გვერდის ავლით პირდაპირ გადაეცემა საპარტნიორო ფონდს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კონტროლის პალატა ვერ იქნება უფლებამოსილი აღნიშნული თანხების შემოწმებაზე, რადგან კონტროლის პალატის შესახებ კანონის მიხედვით (თავი II, მუხლი 6კ), მას კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობის იმ ნაწილის შემოწმების უფლება აქვს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართვასთანაა დაკავშირებული;
  • ფონდის ფინანსური საქმიანობა დამატებით ზედამხედველობას საჭიროებს. იმ ფინანსების გახარჯვა, რომელსაც ფონდი მიიღებს ბიუჯეტის გვერდის ავლით, ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, ვერ იქნება შემოწმებული კონტროლის პალატის მიერ და მასზე არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები გავრცელდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III, მუხლი 27ა), რადგან საჯაროდ მხოლოდ ის დაწესებულებები ითვლება, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან იღებენ. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სრული ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ფონდს პრეზიდენტის წინაშე ექნება. თუმცა, იმის გამო, რომ პროექტების დასაფინანსებლად შესაძლოა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდები და პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები იქნას გამოყენებული, მათი გახარჯვა დამატებით ანგარიშვალდებულებასა და კონტროლს საჭიროებს;
  • ასევე, როგორ წარიმართება საინვესტიციო პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობა - უნდა მოხდეს გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოს დადგენა, რაც უზრუნველყოფს საპარტნიორო ფონდის საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობის გამჭვირვალობას.
Author: ქეთი ბოლქვაძე