ENG

სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლებისა და პრემიების მონიტორინგი

01 თებერვალი, 2011

 

 

რამდენია მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავალი საქართველოში? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავალი ფორმალურად საჯარო ინფორმაციაა, თუმცა მონაცემები არ არის თანმიმდევრული და ზოგიერთი სამთავრობო უწყება, საჭიროების გარეშეც კი, ცდილობს დამალოს ეს ინფორმაცია.

2010 წლის დასაწყისში ჩვენ საჯარო ინფორმაციის ხუთი სხვადასხვა მოთხოვნა გავუგზავნეთ იუსტიციის, ფინანსთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ვთხოვეთ ამ უწყებებს, მოეწოდებინათ ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირების პრემიათა ოდენობის შესახებ. თუმცა სრულყოფილი პასუხი არცერთი უწყებისგან არ მიგვიღია. ზოგიერთი მათგანი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობაზე მიგვითითებდა, ზოგი – პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებაზე (რომელიც მხოლოდ ყოველთვიური ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს), სხვებმა კი უბრალოდ არ გაგვცეს პასუხი დასმულ შეკითხვაზე. თუმცა, ყველა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ მალავს და ზოგიერთი მათგანი გამჭირვალობის გარკვეულ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა კოლეგებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI) გამოაქვეყნეს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების 2009 წლის ხელფასებისა და პრემიების ნუსხა, რომელიც მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შედეგად მოიპოვეს. 

გაუგებარია, თუ რატომ რეაგირებენ გარკვეული სამთავრობო უწყებები გამჭვირვალობის ასეთ ელემენტარულ მოთხოვნაზე უხალისოდ ან მტრულადაც კი. გაუგებარია, რადგანაც (თუ გარემოს დაცვის სამინისტროს შედარებით საჯაროობასა და გამჭვირვალობას გავითვალისწინებთ), ეს მოთხოვნა არაერთგვაროვნად არის აღქმული სხვადასხვა უწყების მიერ. მეორეც, თანამდებობის პირთა შემოსავალთა დეკლარაციები უკვე გასაჯაროებულია და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე declaration.ge. ვიდრე ეს ვებგვერდი ამუშავდებოდა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მეშვეობით ამ სახის საჯარო ინფორმაციის მიღება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა არ ხდებოდა მონაცემების სისტემატური გამოქვეყნება, განახლება, გადამოწმება ან გაანალიზება. ჩვენი აზრით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ყველა მაღალი თანამდებობის პირის შემოსავლების (მათ შორის, პრემიების) შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

თანამდებობის პირთა უმრავლესობის ხელფასებს (უნდა მოხდეს „კანონით განსაზღვრული ხელფასისა“ და „შემოსავლის“ გამიჯვნა, რადგანაც ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც კანონით განსაზღვრულ ხელფასს, ასევე სხვა სახის შემოსავლებსაც) სახელმწიფო ინსტიტუტების კანონმქვემდებარე აქტები განსაზღვრავს. პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება განსაზღვრავს მინისტრის (3.540 ლარი), მინისტრის პირველი მოადგილისა (2.950 ლარი) და მინისტრის მოადგილის (2.720 ლარი) ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. თუმცა, ხელფასი თანამდებობის პირთა შემოსავლის მხოლოდ ნაწილია.

ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები ვებგვერდიდან declaration.ge და გავაკეთეთ რამდენიმე მარტივი დაანგარიშება იმისათვის, რომ გამოგვეთვალა პრემიათა წილი იმ 57 მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის შემოსავლებში, რომელთაც შემოსავალთა დეკლარაციები 2009 წლისთვის შეავსეს. შემოსავლების პრემიათა წილის გამოსათვლელად ჩვენ გამოვაკელით კანონით განსაზღვრული ხელფასი მთლიან შემოსავალს. მიღებული რიცხვი კი, ჩვენი აზრით, საკმაოდ ახლოს უნდა იდგეს იმ პრემიათა ოდენობასთან, რომელსაც ეს თანამდებობის პირები იღებენ.

იმისთვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ, შეგიძლიათ თავადაც გადმოტვირთოთ მონაცემები -- აუცილებლად შეგვატყობინეთ, რას აღმოაჩენთ. აქ ჩვენ მიერ გაკეთებულ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო აღმოჩენას წარმოგიდგენთ:

  • იმ თანამდებობის პირთა ორი მესამედი, რომელთა შემოსავლთა დეკლარაციების ანალიზიც ჩვენ მოვახდინეთ, იღებს დეკლარირებული შემოსავლის ნახევრზე მეტს პრემიის სახით.
  • თოთხმეტიდან თორმეტი მინისტრის პრემია 2009 წლის მთელი შემოსავლის 40 პროცენტს ან მეტს შეადგენდა.
  • რაც შეეხება დარჩენილ ორ მინისტრს: იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის წლიური შემოსავალი ემთხვევა ზუსტად კანონით განსაზღვრულ წლიურ ხელფასს, რაც ნიშნავს, რომ 2009 წლის განმავლობაში მას პრემია არ მიუღია, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მხოლოდ 4.228 ლარის პრემიის შემოსავლის დეკლარირება მოახდინა.
  • შემოსავლის ყველაზე დიდი ოდენობის დეკლარირება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მოახდინა, რომლის მთლიანმა შემოსავალმა 2009 წლის განმავლობაში 106.102 ლარს მიაღწია. ბაინდურაშვილის გარდა, მხოლოდ ერთი თანამდებობის პირის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის მთლიანი შემოსავალი აღემატება 100.000 ლარს. მან 2009 წლის განმავლობაში 100.853 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციათა მონაცემების მიხედვით, ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირები არიან: ნიკოლოზ რურუა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (98.910 ლარი), კობა სუბელიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (98.040 ლარი), ფინანსთა და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეებიპაპუნა პეტრიაშვილი (95.775 ლარი) და თინა ბურჯალიანი (95.550 ლარი). ეს კალკულაცია არ მოიცავს იმ თანამდებობის პირთა შემოსავლებს, რომელთაც 2009 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოსტები ეჭირათ.
  • ზოგიერთმა თანამდებობის პირმა საერთოდ არ შეავსო შემოსავალთა დეკლარაცია, მათ შორისაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მარტიაშვილი. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რამდენად სერიოზულია დეკლარაციების არჩაბარების პრობლემა, თუმცა იგი ფართოდ გავრცელებული არ არის.
  • ერთმა თანამდებობის პირმა საშემოსავლო დეკლარაციაში იმაზე ნაკლები თანხა მიუთითა, რასაც მისი ხელფასი კანონით ითვალისწინებს. ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა 25.100 ლარის დეკლარირება მოახდინა , მაშინ, როდესაც მას 2009 წლის განმავლობაში 32,640 ლარის კანონით განსაზღვრული ხელფასი უნდა აეღო . უნდა ვივარაუდოთ, რომ კარბელაშვილმა არ მოახდინა პრემიის დეკლარირება (რადგან პრემიის გათვალისწინებით შემოსავალი სავარაუდოდ გაუტოლდებოდა ან გადააჭარბებდა კიდეც კანონით განსაზღვრულ ხელფასის ოდენობას.) ასევე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ სხვა მრავალი მაღალი თანამდებობის პირიც ფაქტობრივად ნაკლები ოდენობის ხელფასს იღებს, ვიდრე ეს კანონითაა განსაზღვრული, თუმცა ეს დანაკლისი „შევსებულია“ პრემიებით.

უდავოა, რომ შემოსავლების დეკლარაციათა მონაცემები არ არის საკმარისად ნათლად გადმოცემული რათა მოხდეს მათი სათანადოდ გაგება, შედარება თანამდებობათა ან უწყებათა კატეგორიების მიხედვით, ან ანალიზი. საჯარო სამსახურის ვებგვერდზე მოცემულია ხშირად დასმული კითხვები, სადაც საკითხთა ნაწილი განმარტებულია, ასევე როდესაც თანამდებობის პირები დეკლარაციას ავსებენ ყველა შეკითხვის გვერდზე მოცემულია დახმარების ღილაკები დამატებითი ახსნა-განმარტებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით, თანამდებობის პირთა უმრავლესობა არ ითვალისწინებს მოცემულ დირექტივებს. მაგალითად, ბევრ მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს არ მიუთითებია შემოსავალი თითოეული დაკავებული თანამდებობიდან ცალ-ცალკე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მათგანმა წლის განმავლობაში დატოვა ან შეიცვალა თანამდებობა, ხოლო მათ, ვინც მოახდინა სხვადასხვა თანამდებობიდან მიღებული შემოსავლის დეკლარირება არ მიუთითა თარიღები.

ჩვენ მიერ გამოთვლილი პრემიების რაოდენობა ალბათ რაღაც უზუსტობებს შეიცავს, მაგრამ ეს გამოთვლები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა. ამჟამად არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოსავლების დეკლარაციების გადამოწმებასა და კონტროლზე. რათა გაიზარდოს მონაცემთა სანდოობა საჭიროა მოხდეს შემთხვევითი პრინციპით შერჩეული დეკლარაციების მცირე ოდენობის შემოწმება და გამოქვეყნდეს იმ თანამდებობის პირთა სია, რომლებმაც დეკლარაციები არასწორად ან არასრულყოფილად შეავსეს (თუმცა ყველა დეკლარაციის გადამოწმებას მიზანშემოწინილად არ ვთვლით, რადგან ეს დამატებით დროსა და რესურსებს მოითხოვს). კონტროლის პალატა ან სამინისტროების შიდა აუდიტის დეპარტამენტები ყველაზე შესაფერისი ინსტიტუტები იქნებოდნენ ამ ფუნქციის შესასრულებლად.

Author: კეიტლინ რაიანი, რუსუდან ხოტივარი