ENG

როგორ შეეხო კომერციულ ბანკებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი

01 მარტი, 2012

ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესის შესახებ ვსაუბრობდით. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ამ ცვლილებების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, გამოყენებულ იქნა თუ არა ახალი წესები რომელიმე საფინანსო ინსტიტუტის მიმართ. ინფორმაციის მოსაპოვებლად, წერილობით მივმართეთ რამდენიმე კომერციულ ბანკს („პროკრედიტ ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ბანკი ქართუ“, „ბანკი რესპუბლიკა“ და „ლიბერთი ბანკი“) შემდეგი კითხვით: ჰქონდა თუ არა ადგილი ისეთ ფაქტებს, როდესაც ბანკის მოვალეებს აღმოაჩნდათ ადრე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება და ამ დავალიანების დაფარვა მოხდა მოვალეთა იმ ქონებით, რომელიც ბანკის მიერ გაცემული სესხის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა .

ექვს გაგზავნილ  წერილზე პასუხი მხოლოდ ორი ბანკისგან მივიღეთ. ესენია „ბანკი ქართუ“ და „პროკრედიტ ბანკი“. მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, „პროკრედიტ ბანკში“, 2012 წლის 2 თებერვლის მონაცემებით, ასეთი ტიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ასეთ შემთხვევას არც „თიბისი ბანკში“ ჰქონია ადგილი.

რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, საგადასახადო კოდექსში ამოქმედებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან (2011 წლის 28 ოქტომბერი) 2012 წლის 27 იანვრამდე, ამ ბანკის 16 მოვალეს აღმოაჩნდა ისეთი საგადასახადო დავალიანება, რომელიც ქონების ბანკში დაგირავებამდე ან იპოთეკით დატვირთვამდე წარმოიშვა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით, დავალიანების დაკმაყოფილების რიგითობაში პირველი სახელმწიფო (საგადასახადო ორგანოები) აღმოჩნდა. აღსრულების მიზნით, ამ მოვალეთა ქონება (სულ 49 ობიექტი) აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონზე გასატანი ქონების საწყისი ფასი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით , ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ია. ამის მიუხედავად, ჩატარებული აუქციონების დროს, უმეტეს შემთხვევაში, ვერ მოხდა ქონების კონკრეტულ პირზე მიყიდვა, რის შედეგადაც ქონების დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ობიექტი აუქციონზე გაიყიდა, თუმცა, მყიდველმა თანხა არ გადაიხადა და საბოლოოდ ამ ობიექტების მესაკუთრეც სახელმწიფო გახდა. „ქართუ ბანკის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტების ჯამური საბაზრო ღირებულება 112,883,000 ლარია.

როგორც ჩანს, კანონის ახალი დებულებები დღეისათვის საქართველოში მოქმედ მხოლოდ ერთ ბანკს შეეხო, რადგანაც მხოლოდ ბანკი „ქართუს“ კლიენტებს აღმოაჩნდათ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ასეთი ვითარება კითხვებს წარმოშობს და ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საგადასახადო კოდექსის ახალი ნორმების შერჩევით გამოყენებას. თუმცა, რთულია ამ დასკვნის გაკეთება სხვა ბანკებიდან ინფორმაციის მიღების გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ კომერციული ბანკები, რომლებიც ჩვენს თხოვნას არ გამოეხმაურენ, საჯაროს გახდიან ინფორმაციას ჩვენს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ საკითხს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”