ENG

პოლიტიკური საჩუქრები

29 თებერვალი, 2012

გასული წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება და დამატება შევიდა. მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი პოლიტიკური მიზნით საჩუქრების გადაცემას ეხება. ცვლილებებამდე ასეთი ქმედება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იყო აკრძალული. ამიტომ ძალიან ხშირად წინასაარჩევნო პერიოდამდე პოლიტიკური გაერთიანებები მოხერხებულად იყენებდნენ კანონის ამ ხარვეზს და ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას სხვადასხვა ტიპის საჩუქრების გადაცემითა და უფასო სერვისების შეთავაზებით ცდილობდნენ. ამჟამინდელი კანონმდებლობა ასეთ ფაქტებს გამორიცხავს, თუმცა რამდენად ერთგვაროვნად და კეთილსინდისიერად მოხდება კანონის ინტერპრეტაცია, ამას დრო გვაჩვენებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკრძალულია პარტიის მიერ ნებისმიერი პირის საშუალებით საჩუქრის გაცემა. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი (1641), რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება. მაგალითად, სადღესასწაულოდ დასაშვებია მცირე ღირებულების საჩუქრების დარიგება წლის განმავლობაში 5 000 ლარის ფარგლებში.

დეკემბრის ბოლოსა და იანვარში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების (ან პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირების) მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის ბევრი ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისად, კანონი მოითხოვს, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ თითოეული შემთხვევა გამოიკვლიოს და კანონის ფარგლებში სათანადო რეაგირება მოახდინოს. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ნაწილი 2012 წლის 12 იანვრამდე მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსში შესული ზემოთ ნახსენები ცვლილებები სწორედ ამ დღეს ამოქმედდა). „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ გაცემული საჩუქრების საერთო ღირებულება 5000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია მოიცავს, როგორც 12 იანვრამდე, ისე 12 იანვრის შემდეგ მომხდარ ქმედებებს. შესაბამისად, შესაძლოა სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული და ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა.

მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს კანონი და საქართველოს კონტროლის პალატამ რეაგირება უნდა მოუხდენოს. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტზე ჩვენ მივმართეთ (2012 წლის 7 თებერვალი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 13 თებერვალი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 16 თებერვალი - თავისუფალი დემოკრატები) კონტროლის პალატას, მაგრამ არც ერთ ფაქტს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს და 2012 წლის იანვრის თვეში ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია შემდეგ ფაქტებს მოიცავს:

  • 2011 წლის 30 დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან საახალწლო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან დედებს, 100 წელს გადაცილებულ და ხანდაზმულ პიროვნებებს, მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს. (წყარო)
  • 2011 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ კაკალაშვილის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გურამ კაკალაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გოზალიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადასცა. (წყარო)
  • 2011 წლის 31 დეკემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა და ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე ივა ჭყონიამ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლოდ 9 დასახელების პროდუქტი გადასცეს. საახალწლო ნობათის დარიგება მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. (წყარო)
  • 2012 წლის 1 იანვარს ქალაქ ბათუმის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საჩუქრები და ტკბილეული ბავშვებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის ლევან ვარშალომიძისა და ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძესგან პირადად მიიღეს. რეგიონებისა და ქალაქის პირველმა პირებმა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც მიუტანეს. (წყარო)
  • 2012 წლის 1 იანვარს ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ახალი წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის მაცხოვრებელ ფრიდონ ნაჭყებიას ოჯახს მიულოცა და საჩუქრები გადასცა. (წყარო) (წყარო)
  • 2012 წლის 2 იანვარს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა/გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ქალაქ ქუთაისში საახალწლო საჩუქრები გადასცეს. (წყარო)
  • 2012 წლის 3 იანვარს ქალაქ თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ავლაბრის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ სამადაშვილმა ისნის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და ასამდე მოზარდი რუსთაველის თეატრში დაპატიჟა (წყარო)
  • 2012 წლის 5 იანვარს გლდანი-ნაძალადევის გამგეობის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რაიონის გამგეობამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს 2500 მოზარდს. (წყარო)
  • 2012 წლის 5 იანვარს საინფორმაციო ვებპორტალის „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოჩა შანიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს - მარიზე ფირციძეს, ნანა ბერულავას და მზევინარ ლურსმანაშვილს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ამის შემდეგ ომის ვეტერანს, ჟუჟუნა ბაბილოძესაც გადასცეს საჩუქრები. ამასთანავე, მათ უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცეს. (წყარო)
  • 2012 წლის 7 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის რუსუდან კერვალიშვილის ვებგვერდზე განავსებული ინფორმაციიის თანახმად, რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 დაწესებულებას ეწვივნენ. სტუმრებმა ყველა პატიმარ ქალს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს (წყარო)
  • 2012 წლის 11 იანვარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის facebook-ის გვერდზე  განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 11 იანვარს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, 2012 წლის 7 იანვარს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ჯაბა სამუშიამ ბერიანიძეების ოჯახს საახალწლო ნობათი და საჩუქრები დაურიგეს. ასვე, 2012 წლის  3 იანვარს გიორგი თარგამაძემ, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და კინოთეატრ „ამირანში“ უმასპინძლეს. ზაზა გაბუნიას თქმით, აღნიშნული აქცია კვიპროსზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა (წყარო)
  • 2012 წლის 13 იანვარს ქალაქ თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ძველით ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათებთან ერთად ცირკის წარმოდგენის ბილეთები საჩუქრად გადასცა.  (წყარო)
  • 2012 წლის 15 იანვარს საინფორმაციო ვებპორტალი „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვების ნახატების გამოფენა გამართეს, რომლის დროსაც გიორგი თარგამაძემ და ჯაბა სამუშიამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. (წყარო)
  • 2012 წლის 16 იანვარს თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით თბილისის ცირკი ერთი დღით მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ასევე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ პატარებს დაეთმო. საახალწლო წარმოდგენას მოზარდებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრენენ. (წყარო)
  • 2012 წლის 19 იანვარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერები, გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი, ასევე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით ლორთქიფანიძე, ვანის რაიონის სოფლების - დიხაშხოსა და ისრითის მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულმა პირებმა ვანელებს ნათლისღება მიულოცეს, დაესწრნენ წირვას და ისრითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას საჩუქრად სამრეკლოს ორი ზარი გადასცეს (წყარო)
  • 2012 წლის 22 იანვარს თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ახვლედიანი და დიდგორის რაიონის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე კოჯრის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და ბავშვებს საახალწლო ნობათი გადასცეს.  (წყარო)
  • 2012 წლის 22 იანვარს ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სენაკის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქველმოქმედო აქცია გამართა და საახალწლო საჩუქრები გადასცა სენაკში მცხოვრებ ლაშა დანელიას და ინდერ დადეშელს. (წყარო)
Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
elections