პოლიტიკური პარტიების გაურკვეველი მილიონები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთლიანი შემოსავლების 38%-ის(2 278 442 ლარი) და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შემოსავლების 6%-ის (53 289 ლარი) წარმომავლობა უცნობია. ასეთი დასკვნის საფუძველს პარტიების მიერ კონტროლის პალატისთვის წარდგენილი 2011 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზი იძლევა. აღნიშნული ფაქტი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს და უგულველყოფს საკითხისადმი საზოგადოების ინტერესს.
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ბოლომდე პოლიტიკურ პარტიათა წლიური ანგარიშგების ერთიანი ფორმები არ არსებობდა და პარტიებს ამ მიმართულებით სრული თავისუფლება ჰქონდათ მიცემული, 2007-2010 წლებში არცერთი პარტიის ფინანსურ ანგარიშში არ მოხვედრილა ასეთი ტიპის დაუდგენელი შემოსავალი და ყოველთვის დაკონკრეტებული იყო მისიზუსტი წარმომავლობა.
2011 წლის ბოლოს საქართველოს კონტროლის პალატამ ფინანსური დეკლარაციების წარსადგენად პოლიტიკური პარტიებისთვის სპეციალური ფორმები შეიმუშავა. ეს ფორმები საკმაოდ მოსახერხებელია, მონაცემები განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით არის დანაწილებული და ყველა პარტია ანგარიშებს ერთნაირი სისტემით ავსებს. შესაბამისად, ინფორმაციის ანალიზიც უფრო მარტივი გახდა.
მიუხედავად ამისა, გარკვეული პრობლემები კვლავ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზად ტიპოლოგიის მითითებისას „სხვა“ კატეგორიის გამოყენება მიგვაჩნია. შემოსავლების შემთხვევაში, გრაფა რომელიც 14 სახის შემოსავალს მოიცავს, დამატებით იყენებს „სხვა შემოსავლების“ კატეგორიას.
2011 წელს ორმა პარტიამ „სხვა შემოსავალში“ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა მიუთითა, რაც იმას ნიშნავს, რომამ პარტიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომავლობა უცნობია.
2011 წელს პოლიტიკური გაერთიანებებს შემდეგი წყაროებიდან შეეძლოთ შემოსავლების მიღება:
- საწევრო შენატანები;
- შემოწირულებები ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან;
- საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები (არაუმეტეს 30 000 ლარისა);
- თანხების მიღება ისეთი გზით (ყოველგვარი შეზღუდვის ან ზედა ზღვარის გარეშე), რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს, კერძოდ: პარტიის სიმბოლიკის დამზადება/გავრცელებით, ლექციების, გამოფენების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით თანხების მიღება, საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული თანხები და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხების ლიმიტი არ არსებობდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, აქამდე ყველა პარტია ზუსტად განსაზღვრავდა შემოსავლის სახეს და არ უთითებდა „სხვა“ კატეგორიას. 2011 წლის ბოლოს ერთიანი ანგარიშგების ფორმების შექმნის ფონზე, პოლიტიკური პარტიების მიერ გაურკვეველი შემოსავლების გაჩენა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, უკანგადადგმული ნაბიჯია.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს:
- კონტროლის პალატამ დეკლარაციაში მიუთითოს შემოსავლის მაქსიმალურად ყველა შესაძლო სახე, მათ შორის, ის კატეგორიები, რომლებიც პარტიების გასული წლების ანგარიშებში იყო ასახული;
- „სხვა“ კატეგორიის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს კონკრეტული შემოსავლის წყაროს მითითება. კერძოდ,თუ ზემოთ ჩამოთვლილ სახეებში ვერ ხვდება კონკრეტული შემოსულობები, დეკლარაციის ფორმაში მითითება გაკეთდეს, რა გზით მიიღო იგი პარტიამ;
- მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის, დამატებით მოსთხოვონ პოლიტიკურ პარტიებს „სხვა შემოსავლების“ დეტალიზაცია.
ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულ ების მაღალი სტანდარტების დანერგვის ფონზე, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ „სხვა შემოსავლების“ წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნონ.
UPDATE: 15 მარტის ამ ბლოგის საპასუხოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დროულად გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა საკუთარი შემოსავლების შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვრცლად ჩვენი განცხადება.
მთავარი გვერდის სურათის ავტორია K@ja flickr-იდან.