ENG

მთავრობის მიერ მცირე განცხადებების სუბსიდირება გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს

06 მარტი, 2012

თუ ბინის, მანქანის ან ძველი ტელევიზორის  გაყიდვას მოისურვებთ, სავარაუდოდ გაზეთში ან ინტერნეტის საშუალებით სარეკლამო განცხადების განათავსებაზე იფიქრებთ. საჯარო რეესტრის სააგენტო მოგიწოდებთ ასეთი განცხადებები მათ ტელეფონით მიაწოდოთ ან ფოსტით გაუგზავნოთ. შემდეგ, საჯარო რეესტრის სააგენტო ასეთ განცხადებებს მოქალაქეებისათვის უფასოდ  ყოველდღიურ გაზეთ „24  საათში“ აქვეყნებს (საჭიროების შემთხვევაში სამჯერაც კი) და ასევე ათავსებს ვებგვერდზე www.eproperty.ge და www.elisting.ge, რომელსაც საჯარო რეესტრი მართავს. ასეთი სახის მომსახურება საკმაოდ მოსახერხებელია, მაგრამ ამ მომსახურებაში ხალხის ფული იხარჯება.

საქართველოში კომპანიები ბეჭვდით მედიაში რეკლამის განთავსებაზე მცირე ოდენობის თანხას ხარჯავენ. 2010 წლის მონაცემებით რეკლამიდან შემოსავალმა 3.5 დან 4.5 აშშ დოლარი შეადგენა. ამდენად, მცირე რეკლამები და პირადი განცხადებები უძრავი ქონების, მანქანების თუ სხვა საქონლის და მომსახურების შესახებ, გაზეთებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტ ვებგვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედია ორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა.

საჯარო რეესტრის პროექტი ფართოდ გაშუქდა ნაციონალური არხებით(„რუსთავი 2“;„იმედი“). პარალელურად მისი რეკლამირება  ტელეფონებზე  მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით და თბილისსა და გორში პრომოაქციებით მიმდინარეობდა. „24 საათი“ სარგებელს ნახულობს, როგორც გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების სახით, ასევე საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომოაქციებით, რაც ზრდის ამ გაზეთის ცნობადობას.

„პრობლემატური“ ტენდერი  

2011 წლის ივლისში საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების რეკლამის შესყიდვაზე ნაციონალური გაზეთებისთვის ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად  იმისა, რომ ტენდერის პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, ნათელი იყო, რომ ის საგანგებოდ „24 საათს“ მოარგეს. გაზეთი „24 საათი“პროსახელისუფლებო ბეჭვდურ მედიად მიიჩნევა. ის უკვე წლებია სარგებლობს ექსკლუზიური კონტრაქტით და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი ამ გაზეთში თავსდება. თუმცა, მისი გამომცემელი ასეთი სახის  შეფასებას  არ ეთანხმება.

2011 წლის ივლისში გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, გაზეთი უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ ფერადი, სულ მცირე კვირაში სამჯერ უნდა გამოცემულიყო და გავრცელების არეალი არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს ყველა რეგიონი უნდა ყოფილიყო. გაზეთს უნდა ჰქონოდა აუცილებლად ინგლისურ-ენოვანი სექცია („24 საათი“ ბეჭდავს “ნიუ იორკ თაიმსის“  ყოველკვირეულ დამატებას).

ტენდერი თავდაპირველად განათავსეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე პარასკევს, 2011 წლის 29 ივლისსს, 17:02. სატენდერო წინადადებების მიღება კი დაიწყო შაბათს, 30 ივლისს 0:09 - დან  და დასრულდა  ორშაბათს, 1 აგვისტოს 12:00. განაცხადი ორმა კომპანიამ შემოიტანა. საბოლოოდ შპს „ბონტომ“ წააგო შპს MVPსთან, რომელიც ფლობს „24 საათს“ და რომელმაც 120,960 ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო.

პაატა ვეშაპიძემ, გაზეთ „24 საათის“ გამომცემელმა განაცხადა, რომ ტენდერის პროცესი იყო კონკურენტული და კანონის ფარგლებში წარიმართა, და, რომ გაზეთი არ აგებს პასუხს იმაზე, თუ რა პირობებში მოხდა მისი განხორციელება.

არაკონკურენტული ახალი კონტრაქტი

2011 წლის დეკემბრიდან „24 საათმა“ უკვე არსებულ განცხადებებს  მეორადი მანქანების გაყიდვების შესახებ განცხადებების გამოქვეყნებასაც დაამატა. მეტიც, ამ გაზეთმა 20 თეთრად ღირებული ცალკე გაზეთიც გამოსცა, სადაც მხოლოდ სარეკლამო განცხადებები ქვეყნდება. მოქალაქეებს ამიერიდან შეუძლიათ შეავსონ განცხადებები და ჩააგდონ  „24 საათის“ კუთვნილ სპეციალურ ყუთებში, რომლებიც თბილისში  მთავრობის კუთვნილ  ჯიხურებთან  მდებარეობს.   

მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ტენდერით გათვალისწინებული პროექტი ამოიწურა, „24 საათი“ განაგრძობს ცალკე რეკლამებისთვის განკუთვნილი გაზეთის გამოცემას. ჩვენ რამდენიმე წერილით მივმართეთ საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც ვთხოვდით ამ საჯარო უწყებას ეპასუხა ჩვენთვის, თუ რა პირობებით განახლდა კონტრაქტი „24 საათთან“ და რამდენი დახარჯა სამთავრობო სააგენტომ აღნიშნული პროექტის პოპულარიცაზიისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტომ წერილზე არ გვიპასუხა.

თუმცა, საჯარო რეესტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადა, რომ „24 საათთან“ თანამშრომლობა ტენდერის გარეშე  პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე განახლდა. ჩვენი არაერთი მცდელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „24 საათის“ გამომცემლის სატელეფონო კომენტარი მოგვეპოვებინა, წარუმატებელი აღოჩნდა.

 

--

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: მამუკა ანდღულაძე, მათიას ჰუტერი
Media