ENG

მარეგულირებელი კომისია: მოსახლეობის არჩევანია მეტი გართობა და ნაკლები ინფორმაცია

21 აპრილი, 2011

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს უფლებას გასცეს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ლიცენზიები. .იმის მაგივრად, რომ ბაზარს თავად მიეცეს რეგულირების საშუალება, კანონის მიხედვით კომისიამ ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და გამოკითხვის საფუძველზე მიიღოს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ამ ტიპის გამოკითხვა ჩატარდა 2004 წელს. ამის შემდეგ კვლევა 2008 წლამდე არ ჩატარებულა. 2008 წელს კი კომპანია „ბი სი ჯი კვლევამ“ www.bcg.ge, რომელსაც მჭიდრო კონტაქტები აქვს მთავრობასთან და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთ მონაწილედ გვევლინება, ახალი გამოკითხვის ჩატარება დაიწყო. გამოკითხვა 2010 წლის ოქტომბერში დასრულდა. კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც მიმდინარე თვეს გახმოვანდა, რესპოდენტთა მხოლოდ 8% არის დაინტერესებული ახალი ამბებით, საინფორმაციო გადაცემებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებით, ხოლო გამოკითხულთა მნიშვენლოვანმა უმრავლესობამ განაცხადა რომ უპირატესობას გასართობ გადაცემებს, კინო–მუსიკის და სერიალების ყურებას ანიჭებს. კვლევის ეს შედეგები პირდაპირ ეწინააღმდეგება კავკასიის კვლევითი რესუსრების ცენტრის(CRRC) გამოკითხვის შედეგებს www.crrc.ge. 2011 წლის 18 აპრილს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრმა, კახი ყურაშვილმა ისაუბრა გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ პრიორიტეტებზე. კომისიის განცხადებით, დარჩენილ სიხშირეებზე ლიცენზიის მოსაპოვებლად ტენდერი გამოცხადდება. თითოეულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი სტრატეგია. ის სტრატეგია, რომელიც დასახელებულ პრიორიტეტებს ყველაზე მეტად შეესაბამება, დასახელდება გამარჯვებულად. კვლევის თანახმად, მოსახლეობას არ აინტერესებს სათემო მაუწყებლობა, რაც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, არ გასცეს სათემო მაუწყებლობის ლიცენზიები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო" მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება და მთლიანად პროცესი, მნიშვნელოვნად შეზღუდავს საქართველოს მოსახლეობის მიერ ინფორმაციის მიღებას 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო