ENG

გაცდენილი სხდომები და კენჭისყრის პულტებით მანიპულირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში

24 ივნისი, 2011

წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ - ერთ მთავარ პრინციპს კანონმდებლის მიერ საკუთარი ხმის თავად დაფიქსირება წარმოადგენს. ეს უზრუნველყოფს კანონმდებლის ანგარიშვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და ასახავს მის დამოკიდებულებას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებაში.

ზემოთმოხსენებულ პრინციპს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ამყარებს. იგი მკაცრად განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან კენჭისყრის დროს იმყოფებოდნენ პლენარულ სხდომაზე (პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობა იკრიბება საკანონმდებლო ნორმატიული აქტების განსახილველად და მათზე კენჭის საყრელად). რეგლამენტით გაწერილი პროცედურების მიხედვით, ყველა ხმას თანაბარი წონა აქვს, ამიტომ პარლამენტის წევრებს არ აქვთ თავიანთი ხმების დელეგირების უფლება (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 140). შესაბამისად, პარლამენტის წევრებს ეკრძალებათ ხმის მიცემა არდამსწრე კოლეგების საიდენტიფიკაციო ბარათების გამოყენებით.

ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა ეკისრება საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელს და არა იმ პარლამენტის წევრს, რომელიც მონაწილეობს „კენჭისყრის პულტებით მანიპულირებაში“, ანუ ფიზიკურად ადგილზე არმყოფი კოლეგის მაგივრად აძლევს ხმას. პირველი დარღვევისათვის ჯარიმა ითვალისწინებს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელისთვის ხელფასის ერთი თვით დაკავებას, მეორე დარღვევის შემთხვევაში - სამი თვით, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევისათვის ხელფასის ექვსი თვით დაკავებას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 264.8).

მიუხედავად ამისა, დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხშირად კენჭისყრის პულტებით მანიპულირებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თანამშრომლებმა რამდენიმე პლენარულ სხდომაზე დასწრებისას აღმოაჩინეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პარლამენტის წევრები თავიანთი არდამსწრე კოლეგების მაგივრადაც აძლევდნენ ხმას. ზოგიერთი პარლამენტის წევრი კი შემჩნეული იყო ორ ან სამ არდამსწრე წევრის ხმის მისაცემი მოწყობილობის გამოყენებაში.

პარლამენტის სხდომების ვიდეოგადაღებაზე არსებული შეზღუდვის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ გარეშე წყაროდან მოპოვებული ვიდეო სამხილი წარმოგიდგინოთ. ტელეკომპანია “მაესტრომ” მოგვაწოდა ჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პულტებით მანიპულირების პრაქტიკა. მაესტროს (რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს) მიერ მოწოდებული ჩანაწერი 2011 წლის 14 ივნისის პლენარულ სხდომაზეა გადაღებული.

გარდა იმისა, რომ კენჭისყრის პულტებით მანიპულირება წარმოადგენს საპარლამენტო პროცედურების დარღვევას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ეს აგრეთვე ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვითაც კანონმდებელმა, როგორც ამომრჩევლის წარმომადგენელმა, მხოლოდ საკუთარ ხმაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მოიქცნენ კეთილსინდისიერად და პატივი სცენ, როგორც კონსტიტუციას, ისევე თავიანთ ამომრჩეველს.

Author: George Topuria