ბათუმის ცენტრში მდებარე 12 სართულიანი სახლების დემონტაჟი იგეგმება
ქ. ბათუმის მერია ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე ხუთივე 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის (№1; №3; №5; №7; №9)დემონტაჟს აპირებს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ დემონტაჟის მიზეზი შენობების ავარიული მდგომარეობაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება სხვა მიზეზით მიიღეს, კერძოდ, მოცემული შენობების არქიტექტურა შეუსაბამობაში მოდის ძველი ბათუმის იერსახესთან.
მოსახლეობის განცხადებით, სახლები 35 წლის წინ აშენდა და ჯერ არ გასვლია ამორტიზაციის ვადა. გარეგნული დათვალიერებით სახლების კედლებზე ბზარები არ შეინიშნება.
მოსახლეობის თქმით, ქ. ბათუმის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგა ლომიძემ მათთან უშუალო საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული სახლები უშნოა და არ მოსწონს. დემონტაჟის შემთხვევაში ის მოსახლეობას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ჰპირდება ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში, ე.წ. „სუბტროპიკ სიტის“ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც ცენტრიდან 4-5 კმ.-ით არის დაშორებული. მოსახლეობისათვის კი საერთოდ მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატივა და ეწინააღმდეგება სახლების დემონტაჟს. სანდრო ახმეტელის ქუჩის მობინადრეები ქალაქის ადმინისტრაციას სთხოვენ სახლებს მისცენ ისეთი იერსახე, რომელიც ძველი ბათუმის არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოვა, თუ მხოლოდ ეს არის სახლების დემონტაჟის მიზეზი.
ბატონი ლომაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული სახლების დემონტაჟის შესახებ მერიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაიწყება მოსახლებასთან მოლაპარაკებები. ჯერჯერობით კი მაცხოვრებლებს ეძლევათ დრო, საჯარო რეესტრში სრულად დაირეგისტრირონ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მოხდეს ექსპროპრიაცია და ზარალის ანაზღაურება, თუკი საბოლოოდ ექსპროპრიაცია განხორციელდება.
მოსახლეობა თვლის, რომ სახლების იერსახის შეუსაბამობა ძველი ბათუმის არქიტექტურასთან ექსპროპრიაციის მიზეზი არ უნდა გახდეს და რომ ამ შემთხვევაში მათი საკუთრების უფლება დაირღვევა. აღსანიშნავია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით არ არის გათვალისწინებული ექსპროპრიაციის ისეთი მიზეზი, როგორიცაა მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურისადმი შეუსაბამობა.
ჩვენ ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ქ. ბათუმის მერიას წერილობით მივმართეთ. მერიის განმარტებით, მას დემონტაჟის პროექტი ამ მომენტისათვის არ გააჩნია, ვინაიდან არ გააჩნია საკუთრების უფლება ამ ობიექტზე. მერია წერილში ასევე აცხადებს, რომ შესაძლო დემონტაჟის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სხვა ობიექტების მშენებლობა ამჟამად არ იგეგმება.
რამდენადაც ჯერ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, კორპუსების მობინადრეები ვერ ახერხებენ სასამართლოს გზით დაიცვან უფლებები და გაურკვევლობის გამო თავს არსებითად დაზარალებულად თვლიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზემოთმოხსენებული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს და თვალყურს მიადევნებს მერიაში თუ სასამართლოში მიმდინარე პროცედურებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ბათუმის ცენტრის არქიტექტურის ერთგვაროვნებისათვის განხორციელებული სამუშაოები მოსახლეობის ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება და არ დაარღვევს ამ ტერიტორიის მობინადრეების საკუთრების კანონიერ უფლებებს.