უკანონოდ ჩამორთმეული მიწები ანაკლიაში, გრიგოლეთსა და გონიოში
ბოლო წლებში საქართველოში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებმა მასიური ხასიათი მიიღო. ამ თემაზე არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა. საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები აღინიშნა ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოში საკუთრების უფლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. „საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბოლო ერთი წელია აქტიურად საუბრობს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ა. წ. მაისში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვინახულეთ დასავლეთ საქართლოს რამდენიმე დასახლება (ანაკლია, გრიგოლეთი და გონიო), და გავეცანით იქ არსებულ სიტუაციას, აგრეთვე შევხვდით დაზარალებულ მოსახლეობასაც.
ანაკლია
ქალაქ ანაკლიაში ვიზიტისას გაირკვა, რომ იქ მიმდინარე ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის მშენებლობას 30-მდე ადგილობრივი მკვიდრის საკუთრება ეწირება.
სამშენებლო სამუშაოები კანონიერი მესაკუთრეების ნებართვის გარეშე დაიწყო, ხოლო დაზარალებულებს კომპენსაცია (20 ლარი 1 კვ.მ-ზე) მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ჩამორთმეული ტერიტორია ახლად აშენებული ინფრასტრუქტურით დაიფარა. ჩამორთმეულ ტერიტორიებზე გზის მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს.
საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება ქალაქ ანაკლიის სხვა ტერიტორიაზეც, სადაც სხვებისგან განსხვავებით კომპენსირების საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არ განიხილავს.
ასე მაგალითად, ტერიტორია რომელიც ძმებს, ზურაბ და ელგუჯა სორდიებს ეკუთვნოდათ სახელმწიფომ თვითნებურად დაირეგისტრირა საკუთრებაში (საკადასტრო კოდით 43.30.46.075). ამჟამად იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა რა შენდება უცნობია. არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, ხოლო ვიდეო გადაღებას მშენებელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად სიტყვიერი აკრძალვისა, საუბრის ვიდეო ჩაწერა მაინც მოხერხდა, სადაც ერთ-ერთი მუშის განცხადებით ის „თბილავიამშენს” წარმოადგენს, თუმცა მშენებლობის ზედამხედველმა ბოლოს განაცხადა, რომ მუშები რძის ქარხანას აშენებენ. სრულიად გაურკვეველია რატომ მონაწილეობენ „თბილავიამშენის” თანამშრომლები რძის ქარხნის მშენებლობაში.
გრიგოლეთი
მეორე ვიზიტი სოფელ გრიგოლეთს დაეთმო, სადაც სუფსის ტერმინალის მშენებლობას 35-მდე ადგილობრივი მკვიდრის ქონება შეეწირა. ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ჯერ სახელმწიფომ დაირეგისტრირა თვითნებურად, ხოლო შემდეგ გაასხვისა კომპანია „ბლექ სი პროდაქტზე“. სახელმწიფოსგან შეძენილ 46 ჰა მიწის ფართობზე „ბლექ სი პროდაქტს“ 750 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა, 2012 წლისთვის დაესრულებინა პორტის მშენებლობა და დაესაქმებინა 2500 ადგილობრივი. კომპანიას არცერთი ზემოთხსენებული ვალდებულება არ შეუსრულებია. საზღვაო პორტის მშენებლობა მხოლოდ მცირე ზომის ტბის ნახევრად დაშრობით შემოიფარგლა. ამ დროისათვის სუფსის პორტის მშენებლობა შეჩერებულია.
გონიო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გონიოც მოინახულა. გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში დაურეგისტრირა. მოქალაქეები, კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა 2010 წლის 9 ნოემბერს #36 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს ერთდროულად გაუუქმა მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები და ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთრების უფლების გაუქმების მოტივად გონიოს ტერიტორიის სპეციალური სტატუსი მოიმიზეზა. მათი ოფიციალური განცხადებით ჩამორთმეული ქონება ინვესტორებს უნდა გადასცემოდა სხვადასხვა ტურისტული ობიექტის მშენებლობის მიზნით. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებებისა, ჩამორთმეული მიწები დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია და მათ კვლავ ადგილობრივი მკვიდრები ამუშავებენ. თუმცა ჩამორთმეული მიწების სამომავლო ბედი უცნობია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამგვარ წამოწყებებს მოქალაქეების საკუთრების უფლებები არ უნდა ეწირებოდეს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი მესაკუთრეთა უფლებების დაცვაში, თუმცა გვგონია, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა სახელმწიფოს ნება, რომლის არ არსებობის პირობებში პრაქტიკულად გამორიცხულია კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების სრულყოფილად გამოყენება და მისი დაცვა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას, შეისწავლოს დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა და მიიღოს ქმედითი ზომები როგორც საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე დაზარალებულ მესკუთრეთა ინტერესების დაცვის კუთხით.