ENG

ციფრული მაუწყებლობა – რა უნდა ვიცოდეთ მთავრობის სტრატეგიის შესახებ?

31 მარტი, 2014

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის აგებისა და ოპერირების მიზნით კომპანიებისა და კონსორციუმებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

ციფრული მიწისზედა ქსელის, ე.წ. მულტიპლექსის ოპერატორი კომპანიების შერჩევა (თითოეულ მულტიპლექს პლატფორმას 7-დან 15-მდე სატელევიზიო არხის გავრცელება შეუძლია) მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობის გათიშვისაკენ, რისი ვალდებულებაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში აქვთ აღებული.

თებერვალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია გამოსცა. სტრატეგიის გამოქვეყნების პროცესი მართალია გაჭიანურდა, მაგრამ საბოლოოდ, დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ ეთანხმება გამოთქმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ ეს პროცესი გაუმჭვირვალე იყო). სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფომ პროცესის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ვინ არის პასუხისმგებელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის განხორციელების პროცესში წამყვანი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ახლადშექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო იქნება.

სააგენტოს მანდატი შემდეგ საქმიანობას მოიცავს:

1) საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს გაეცნობა. მოსახლება მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ციფრული მაუწყებლობით სარგებლობისათვის;

2) სეტ-ტოპ ბოქსების შეძენა (ეს მოწყობილობა ახდენს ციფრული სიგნალის დეკოდირებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად, რის შედეგადაც ციფრული სიგნალი ანალოგურ ტელევიზორზეც გამოისახება) და მათი გადაცემა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის;

3)  სახელმწიფოს  კუთვნილი კომპანიის - „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ (რომელიც ფლობს და ექსპლოატაციას უწევს სამაუწყებლო ანძებს) საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი სიგნალის გავრცელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის საჭირო განახლების უზრუნველსაყოფად; სააგენტოს საჭიროებისამებრ შეუძლია ხელშეკრულება გააფორმოს სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან, რომლებიც „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ დახმარებას გაუწევენ.

სააგენტო სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში რეგისტრირებული 225,000-დან 240 000-მდე  ოჯახისათვის სეტ-ტოპ ბოქსების მიწოდებასა და მონტაჟს უზრუნველყოფს. ამას გარდა, სააგენტო აამოქმედებს 24-საათიან სატელეფონო ცხელ ხაზს და ვებ-გვერდს (digital.gov.ge). იგი სეტ-ტოპ ბოქსების იმპორტიორ და გამყიდველ კომპანიებსაც გაუწევს კოორდინაციას და გამართავს ტრენინგებს მედიისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სააგენტოს ხელმძღვანელი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ნინო ქუბინიძეა, რომელსაც ტელეკომუნიკაციების სექტორში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. წარსულში იგი „მაგთიკომსა” და აზერბაიჯანულ მობილურ ოპერატორში Bakcell-ში მუშაობდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პასუხისმგებელი იქნება მულტიპლექს ოპერატორების შერჩევასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საკითებზე. კომისია ოპერატორების საქმიანობასაც გაუწევს ზედამხედველობას. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესს იუსტიციის სამინისტრო უძღვება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დიდ ნაწილს უახლოეს თვეებში მიიღებენ.

ფინანსური საკითხები

2014 წლის ბიუჯეტში საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სექტორების რეფორმისათვის  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის 26,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხიდან 20 მილიონი ლარი  უშუალოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საქმიანობას მოხმარდება. სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვემოთ მოყვანილი მიახლოებითი ხარჯები წარმოადგინა, რაც არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ არ არის ასახული:

  • 12 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი პირებისთვის სეტ-ტოპ ბოქსების შეძენას მოხმარდება;
  • 4,5 მილიონი ლარი 2014 წელს საინფორმაციო კამპანიისა და სარეკლამო საქმიანობის განხორციელებისათვის დაიხარჯება;
  • 2,5 მილიონი ლარი სეტ-ტოპ ბოქსების დამონტაჟებისთვისაა გათვალისწინებული (სამინისტრო ვარაუდობს რომ სეტ-ტოპ ბოქსების დაახლოებით ნახევარი 2014 წელს დამონტაჟდება);
  • 1 მილიონი ლარი სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებსა და ზედნადებ ხარჯებს მოხმარდება.

მთავრობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ძირითადი ელემენტები

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მიწისზედა მაუწყებლობის ლიცენზირების რეჟიმი გაუქმდება. ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიები საეთერო მაუწყებლობას გამარტივებული ავტორიზაციის პროცესის გავლის შედეგად შეძლებენ. მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორისათვის შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ მაუწყებელს ქსელში უფასო ან ფასიანი (pay-TV)  პაკეტის ფარგლებში დაუშვებენ.

ტელევიზიების ხელში არსებული ანალოგური მაუწყებლობის ლიცენზიების უდიდესი ნაწილის მოქმედების ვადა სცდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღს (2015 წლის 17 ივნისი). მაუწყებლებს მათ მიერ ერთიანად გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებლები აუნაზღაურდებათ, თუმცა, ისინი ამ ლიცენზიებს ვეღარ გამოიყენებენ - ავტორიზაციის სისტემის დანერგვასთან ერთად მათ ეს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდებათ. გადახდილი მოსაკრებლების უკან მიღების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაუწყებლებისთვის, რომელთაც ციფრული მაუწყებლობისთვის მოსამზადებლად შეზღუდული ბიუჯეტი გააჩნიათ. ჯერჯერობით უცნობია როგორ დაუბრუნებს სახელმწიფო მათ ამ თანხებს: ერთიანად თუ დროთა განმავლობაში.

მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით ციფრული მიწისზედა სიგნალით  მოსახლეობის სულ მცირე 90% უნდა დაიფაროს. ციფრული სამაუწყებლო ქსელების მომავალმა ოპერატორებმა თავიანთი გადამცემი აპარატურა „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ 42 ანძაზე უნდა დაამონტაჟონ, ამ სადგურების გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად. თუმცა, სტრატეგიაში ისიც აღნიშნულია, რომ ოპერატორებს ექნებათ საკუთარი ქსელის დაგეგმარების განსხვავებული მოდელის წარმოდგენისა და ქსელის ფორმირების პროცესში ალტერნატიული სადგურების გამოყენების შესაძლებლობა. „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებული იქნება არადისკრიმინაციული პირობებითა და ტარიფებით უზრუნველყოს ყველა პროვაიდერის წვდომა თავის ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.

საკანონმდებლო ცვლილებები

ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ ასპექტებს ითვალისწინებს:

  • ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დამატებული და განმარტებულია ორი ახალი ტერმინი - ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი და მულტიპლექსის პლატფორმა;
  • ციფრული მიწისზედა ქსელის ოპერირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების უფლების მინიჭება მოხდება კონკურსის საფუძველზე (ამ დებულებამ შესაძლებლობა მისცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2014 წლის 1 აპრილამდე გამოეცხადებინა  ე.წ. სილამაზის კონკურსი);
  • ლიცენზიის მფლობელს შეეძლება მიღებული ლიცენზიით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და ვალდებულებების გადაცემა ნებისმიერი სხვა პირისათვის. კომისიას  გადაპირების ადმინისტრაციული წარმოების საშუალებით დამტკიცების უფლება აქვს.

მულტიპლექს პლატფორმების მოსალოდნელი სტრუქტურა

სტრატეგიული დოკუმენტი ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ ციფრული მაუწყებლობის რვამდე ქსელის, იგივე მულტიპლექს პლატფორმის (შემოკლებით:  Mux) ოპერირების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამ პლატფორმებიდან თითოეული შვიდიდან (მაღალი გარჩევადობის) 15-მდე (სტანდარტული გარჩევადობის) სატელევიზიო არხის გავრცელებას შეძლებს.

1-5 Mux (მულტიპლექს პლატფორმების) ოპერირების უფლება ერთ ან ორ კერძო ოპერატორს კონკურსის საფუძველზე მიენიჭება. თითოეული ოპერატორი ვალდებული იქნება განახორციელოს სულ მცირე ერთი ღია საეთერო (უფასო) მულტიპლექს პლატფორმის ოპერირება და ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ ექნება ფასიანი სატელევიზიო პაკეტების შეთავაზების უფლება. „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც ფლობს და უზრუნველყოფს სატელევიზიო ანძების ექპლოატაციას, მულტიპლექს პლატფორმებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ეკრძალება.

კონკურსანტებს  განაცხადის შეტანა მულტიპლექს 1 და მულტიპლექს 2-ის, ასევე მულტიპლექს 3, 4 ან/და 5-ის ოპერირების უფლების მისაღებად შეუძლიათ. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია ქართული ან უცხოური დაინტერესებული კომპანიებისა ან/და კონსორციუმების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. კომისიას მთავრობა რეკომენდაციას უწევს ლიცენზიები მიანიჭოს იმ ოპერატორებს, რომლებიც განაცხადს ნაკლები რაოდენობის მულტიპლექს პლატფორმების ოპერირების უფლების მოსაპოვებლად შეიტანენ. ეს რეკომენდაცი ორ კერძო ოპერატორს შორის კონკურენციის წახალისების მიზნით გაიცა.

სტრატეგიულ დოკუმენტში მთავრობა კომისიას ურჩევს საუკეთესო ოპერატორ(ებ)ის გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენოს:

  • ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი საბუთები;
  • ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (ქულების მინიჭება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე)
  • ეროვნულ საეთერო მაუწყებელთან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება (ქულების მინიჭება მოხდება შემდეგი პრინციპით: ეროვნულ მაუწყებელთან გაფორმებული ყოველი ურთიერთგაგების მემორანდუმი/ხელშეკრულება -- 10 ქულა; ადგილობრივ საეთერო მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულება -- 2 ქულა; საკაბელო ან თანამგზავრულ მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულება -- 1 ქულა);
  • შეთავაზებული საფასური და ტარიფები (ფინანსური წინადადების ნაწილი)
      1. კონკურსის მონაწილის მიერ განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის მაქსიმალური საფასური;
      2. კონკურსის მონაწილის მიერ განსაზღვრული ღია საეთერო სამაუწყებლო პროგრამების მულტიპლექს პლატფორმაზე/პლატფორმებზე განთავსების ღირებულების ზედა ზღვარი.

მულტიპლექს 6-ის ოპერირებას საქართველოს ტელერადიოცენტრი განახორციელებს. ეს მულტიპლექსი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი, მეორე არხი და აჭარის ტელევიზია) პროგრამებისათვის არის განკუთვნილი. 2013 წელს საქართველოს ტელერადიოცენტრს ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოეყო. მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული რესურსი საქართველოს ტელერადიოცენტრს უსასყიდლოდ უკვე მიენიჭა.

ტელერადიოცენტრს არ აქვს უფლება გაავრცელოს კერძო (free-to-air) ღია საეთერო პროგრამები ან რადიოსიხშირული რესურსი ფასიანი სატელევიზიო მომსახურების მისაწოდებლად გამოიყენოს. თუმცა, მულტიპლექს 6-ზე დარჩენილ თავისუფალ რესურსზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ სხვა მულტიპლექს პლატფორმების კერძო ოპერატორების დაშვება შეუძლია ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, იმისდა მიხედვით თუ ვინ მიმართავს პირველი (first-come-first-serve).

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პარალელური მაუწყებლობის (სიმულკასტის) პერიოდში მულტიპლექს 6,  სავარაუდოდ, ერთადერთი ციფრული პლატფორმა იქნება. პარალელური მაუწყებლობის სამთვიან პერიოდში მულტიპლექს 6 ყველა მოქმედ მაუწყებელს, პირველ რიგში კი მოქმედ ეროვნულ მაუწყებლებს - „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „I სტერეო“-ს (მის ლიცენზიას ამჟამად GDS იყენებს), გაატარებს. მაუწყებლებს პარალელური მაუწყებლობის სამი თვის ხარჯებს სახელმწიფო დაუფარავს. სატელევიზიო სადგურები მულტიპლექს ოპერატორისათვის თავიანთი სიგნალების, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ფორმატის თანახმად, საკუთარი ხარჯით მიწოდებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.

თუმცა, თუ მულტიპლექს პლატფორმის კერძო ოპერატორი ქსელის გამართვას გარდამავალი პერიოდის დაწყებისათვის მოახერხებს (2015 წლის 17 მარტი), გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ოპერირება და მაუწყებლების გაშვება ამ მულტიპლექს პლატფორმითაც იქნება ნებადართული.

მულტიპლექს 7-ის ოპერირების უფლების მინიჭება ამ ეტაპზე არ მოხდება და ის რეზერვად შეინახება. მისი მინიჭება შესაძლებელია მოგვიანებით მოხდეს, თუ კომისია დაადგენს, რომ მოთხოვნა გაიზარდა ან ბაზარზე კონკურენცია დაბალია.

მულტიპლექს 8 პლატფორმით მაუწყებლობა  სხვა მულტიპლექსებისგან განსხვავებულ სიხშირულ სპექტრში განხორციელდება. მოცემული მულტიპლექსის ფარგლებში ადგილობრივი მაუწყებლები საკუთარი გადამცემი მოწყობილობების დაყენებას შესაბამისი ადგილობრივი მაუწყებლობის ზონის დასაფარად შეძლებენ. ადგილობრივ არხებს DVB-T2 და MPEG 4-ის ნაცვლად, შედარებით ძველი DVB-T1 სტანდარტისა და MPEG 2 ფორმატის გამოყენებაც შეეძლებათ. სტრატეგიის თანახმად, ადგილობრივ დონეზე საკუთარი გადამცემების ოპერირების ლიცენზიის მისაღებად ადგილობრივმა სატელევიზიო სადგურებმა  დაინტერესება მულტიპლექს 8 პლატფორმის გამოყენებაზე 2014 წლის ზაფხულამდე უნდა გამოხატონ (ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი). სიხშირული სპექტრი მათ განაცხადების შეტანის საბოლოო ვადის გასვლიდან ორი თვის განმავლობაში მიენიჭებათ. ადგილობრივ მაუწყებლებს არ ექნებათ ფასიანი სატელევიზიო მომსახურების  შეთავაზების უფლება, თუმცა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობის შემთხვევაში მათ  საკუთარ ქსელზე სხვა მაუწყებლების დაშვების ვალდებულება ექნებათ.

ვადები

არაუგვიანეს 2014 წლის 1 აპრილისა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ეროვნული მულტიპლექს პლატფორმის ოპერატორების შესარჩევად

ზაფხული 2014 (ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი)

მულტიპლექს (Mux) 8-ზე ადგილობრივი ქსელების ოპერირების ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარსადგენად ადგილობრივი მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვადა

2014 წლის 1 აგვისტო (ეს ვადა შეიცვლება იმის მიხედვით, თუ სადამდე გადაიწევს ადგ. მაუწყებლებისთვის კომისიაში განცხადებების წარდგენის საბოლოო თარიღი)

დაინტერესებული ადგილობრივი მაუწყებლებისათვის ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმების ოპერირებისათვის აუცილებელი სიხშირეების მინიჭება

2015 წლის 1 მარტი

მულტიპლექს 6-ის (საზ.მაუწყებელი/ტელერადიოცენტრი) ამოქმედება; სავარაუდოდ, სიმულკასტის პერიოდში ეს ერთადერთი მოქმედი მულტიპლექს პლატფორმა იქნება

2015 წლის 17 მარტი

სიმულკასტის პერიოდის (3 თვე) დასაწყისი (Mux 6)

2015 წლის 17 ივნისი

ანალოგური სიგნალის გათიშვა

2015 წლის 17 ივლისი

მულტიპლექს 2-ის ოპერატორის მიერ (ღია კონკურსის გამარჯვებული) პლატფორმის ამოქმედების ბოლო ვადა

2016 წლის 1 მარტი

მულტიპლექს (Mux) 8 პლატფორმების ამოქმედება (ადგილობრივი მაუწყებლები)

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Media, GMedia