ENG

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოდეერი“ საზოგადოებრივ მაუწყებელში

24 ნოემბერი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების, ე.წ. „ოდეერების“ შესახებ, რომლებიც შსს-ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში არიან გამწესებულნი. ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს ბლოგპოსტებში ვწერდით შსს-ს იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობენ, მათ შორისაა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თბილისის მერია, მთავრობის კანცელარია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამჯერად წარმოგიდგენთ დადასტურებულ ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელში გამწესებული „ოდეერის“ ირაკლი ციბაძის შესახებ.

ირაკლი ციბაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის არსებობის შესახებ სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გასულ წელს საუბრობდა. გოგუაძის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც მაღალ თანამდებობას პირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში და განაცხადა, რომ მის გადაყენებას არ აპირებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი ირაკლი ციბაძე სამინისტროში არ მუშაობდა.

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსის (სამმართველოს უფროსის მოადგილე) თანამდებობა ეკავა. 2013 და 2014 წლების დეკლარაციების მიხედვით კი ციბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრმა ემზარ გოგუაძემ და მისმა ორმა კოლეგამ ამოიცნეს 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძე. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ციბაძე დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ირაკლი ციბაძის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პროცესი საინფორმაციო საააგენტო Media.Ge-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში წააგო. გამოცემის ინტერესების დამცველის საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის არგუმენტაცია, რომ ირაკლი ციბაძის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობდა და შესაბამისად, შსს-ს ინფორმაცია უნდა გაეცა, სასამართლომ არ გაიზიარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ციბაძის, როგორც თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი.

ზოგადი ინფორმაცია „ოდეერების“ ინსტიტუტის შესახებ

ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტი უშიშროების სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდშიც ფართოდ გამოიყენებოდა. სამწუხაროდ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა წინა ხელისუფლებების ეს მანკიერი პრაქტიკა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრად ყოფნის დროსაც დაადასტურა. ამ საკითხზე ცალკეული დეპუტატებიც ღიად საუბრობენ.

2013 წლის 13 დეკემბრის №337 მთავრობის დადგენილებით, რომლითაც შსს-ს ახალი დებულება დამტკიცდა, მინისტრი უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები დანიშნოს.

დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უკვე დიდი ხანია, უარი განაცხადეს ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის მანკიერ პრაქტიკაზე.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამოიჩინოს ინიციატივა და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის ლეგიტუმურობის საკითხს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალშიც გააგრძელებს თემის კვლევას და საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების“ ყოლის შესახებ. თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ელფოსტით ან ტელეფონით (mamuka@transparency.ge, +995 32 292 14 03).

Author: ანა დაბრუნდაშვილი, მამუკა ანდღულაძე