ENG

საპატრიარქოს რადიო – კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები

01 ოქტომბერი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად სწავლობს მედიის სფეროში მოქმედ სხვადასხვა მაუწყებელთა (რადიო, ტელევიზია) მფლობელებისა თუ მათი საქმიანობის საკითხს. დღეისათვის საქართველოში სამოცზე მეტი მაუწყებელი ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობა ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე ხორციელდება. რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობა შესაძლებელია ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პირებს გადასცემს. კომისია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას, ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და აახლებს ან აუქმებს ლიცენზიას.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის თანამდებობის პირს, პოლიტიკურ პარტიას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირს და ა.შ. კანონმდებლობით, რელიგიურ დაწესებულებებს არ ეკრძალებათ სიხშირული სპექტრის გამოყენების საფუძველზე მაუწყებლობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც სხვა ინსტიტუტებთან შედარებით ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ახორციელებს როგორც ტელევიზიის, ასევე რადიოს ოპერირებას. საპატრიარქოს საკუთარი ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ სპეციალიზებული მაუწყებლობის კერძო ლიცენზიას ფლობს და მისი მაუწყებლობა თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება. საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო – „ივერია“. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ივერია“ თბილისში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში მაუწყებლობს და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა რეესტრში არ ფიქსირდებ ანუ საპატრიარქოს რადიო „ივერია“ ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტით ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა იკრძალება და გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 (1) მუხლის თანახმად 5000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით, მესამედ და მეტჯერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში 50000 ლარის ოდენობით.

ულიცენზიოდ მაუწყებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალსწინებს, კერძოდ მაუწყებელი არ იხდის კანონით დადგენილ სალიცენზიო მოსაკრებელს, არ ავსებს შესაბამისობის დეკლარაციას, არ აწვდის კომისიას ინფორმაციას შემდგომი გასაჯაროების მიზნით შემოსავლების შესახებ და სხვა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარსულში არაერთ კომპანიას დააკისრა ფულადი სანქცია ულიცენზიოდ საქმიანობის გამო („ოდიში“, „ტელერადიოკომპანია თრიალეთი“ „შპს სატელიტსერვისი“ და სხვა). მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლისათვის რამდენიმე წელია ცნობილი არის საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ულიცენზიო მაუწყებლობის შესახებ, კომისია არ რეაგირებს კანონის დარღვევის ფაქტზე.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“