სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება საქართველოში: საკანონმდებლო ბაზა, შესყიდვები და ევროპული გამოცდილება
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, რადგან ხშირია ამ პრივილეგიის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ხარჯებისა და მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირებას. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. უმეტეს ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი ზედმეტი ხარჯის შემცირებისა და სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის.
ამ ფონზე, კარგი იქნება, ვნახოთ, თუ როგორ ახორციელებენ მსგავს რეფორმებს ევროპის სხვა ქვეყნები და როგორ არეგულირებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.
როგორ ხდება ევროპაში
ევროპის ქვეყნებში, როგორც ევროკავშირში, ისე მის გარეთ, სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით დიდი განსხვავებები არსებობს.
-
2011 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იმ მინისტრების რაოდენობა, რომლებზეც გამოყოფილი იყო მანქანა და მძღოლი, 78-დან 13-მდე შემცირდა. ავტოპარკზე წვდომა მიეცა კაბინეტის წევრ მინისტრებს. შემუშავდა წესები, რომლებითაც დადგინდა, თუ რომელ ოფიციალურ პირებს აქვთ უფლება, იმგზავრონ სამინისტროს ტრანსპორტით და რა ვითარებაში. პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ სპეციალურ მრჩევლებს უფლება აქვთ, სამინისტროს მანქანით იმგზავრონ მინისტრებთან ერთად, ხოლო იმ ოფიციალურ პირებს, რომელთაც აქვთ ავტოპარკზე წვდომა, მანქანების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ოფიციალური მიზნებისათვის, ან შეუძლიათ იმგზავრონ სახლიდან სამსახურამდე, როცა მათი სახლი ლონდონის გონივრულ მანძილზე მდებარეობს და ისინი მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებზე. რესტრუქტურიზაციის შემდეგ, მთავრობის საავტომობილო სერვისს ამჟამად დაახლოებით 90 ავტომობილისგან შემდგარი ავტოპარკი აქვს, მათ შორის სარეზერვო ავტომობილების მცირე რაოდენობა.
-
გერმანიას აქვს ძალიან მკაცრი ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რომელ სახელმწიფო ჩინოვნიკს შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფოს მანქანა. მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს ყველას აქვს გამოყოფილი მანქანა და მძღოლი. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს შეუძლიათ ეს მანქანები პირადი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა მათ ამის საფასური ცალკე უნდა გადაიხადონ. ბრიტანეთის მსგავსად, არსებობს ავტოპარკი, რომლისგანაც ჩინოვნიკებს შეუძლიათ აიღონ მანქანა ოფიციალური მივლინებებისათვის.
-
ესპანეთს, მეორე მხრივ, აქვს ავტომობილების საკმაოდ დიდი რაოდენობა და იმ რეგულირებების სიმცირეს განიცდის, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რომელ სახელმწიფო თანამდებობის პირს შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფო მანქანა და რა მიზნით. ეს შეიძლება ნაწილობრივ ქვეყნის მთავრობის დეცენტრალიზებული სტრუქტურით იყოს გამოწვეული. ესპანეთის მთავრობამ 2012 წელს კი განახორციელა ღონისძიება სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შემცირებისათვის, მაგრამ ესპანეთის პროფკავშირებმა დაგმეს ის ფაქტი, რომ თითო მინისტრს ხუთი მანქანა აქვს მის განკარგულებაში, ანგარიშები აჩვენებს, რომ ესპანეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობით (22,500), რომლის მთლიანი ხარჯიც 1,200 მილიონი ევროა.
-
ნორვეგია, საკმაოდ ნათლად ადგენს იმ გარემოებებს, რომლებშიც მთავრობის ჩინოვნიკს შეუძლია სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. მაგალითად, სამსახურის ტრანსპორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სახლსა და სამსახურს შორის მგზავრობისათვის. ისინი ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული კვირაობით და დღესასწაულებზე მივლინებაში გასამგზავრებლად. ამასთან ერთად, მთავრობის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობის ყველაზე სწრაფი და იაფი გზაა. ნორვეგიის სამთავრობო მანქანების სამსახური, რომელიც მთავრობას მანქანებით ემსახურება, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და ამჟამად 23 ავტომობილი, სრულ განაკვეთზე მომუშავე 17 მძღოლი და ერთი ხელმძღვანელი პირი ჰყავს. პრემიერ-მინისტრისთვის გამოყოფილია ცალკე მანქანა და მძღოლი. საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ასევე აქვთ საკუთარი ავტოსამსახურები, რომლებიც შესაბამისი სამინისტროების დაქვემდებარებაშია.
საქართველოს რეგულირება და პრაქტიკა
საქართველოში ამჟამად მოქმედებს კანონები, რომლებიც არეგულირებს ოფიციალურ პირთა ტრანსპორტის გამოყენებას, თუმცა, გაუგებარია, რამდენად თანმიმდევრულადაა დაცული ეს კანონები და ახლაც ძალაშია თუ არა ბევრი ასეთი კანონი. არსებული კანონებით რეგულირდება მხოლოდ ავტომობილების რაოდენობა, რომელიც სამთავრობო დაწესებულებას შეუძლია შეისყიდოს. არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან, მოდელებთან ან ფასებთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები. ზოგადად, რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება დეცენტრალიზებულია და რომ სამინისტროები განსაზღვრავენ შესასყიდი ტრანსპორტის რაოდენობას და ტიპს, მათ ხელთ არსებული ბიუჯეტის მიხედვით.
სახელმწიფო ტრანსპორტის გამოყენება რეგულირდება 2000 წლის 11 აგვისტოს პრეზიდენტის 364-ე ბრძანებულება. ბრძანებულებას ხელს აწერს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. დოკუმენტში სამი ტიპის სახელმწიფო ტრანსპორტია აღწერილი:
-
პირადი ტრანსპორტი. მას სამუშაოს მიზნებისთვის იყენებს ყველა მაღალი დონის ოფიციალური პირი, მათ შორის მინისტრები, დეპარტამენტის უფროსები და მინისტრის მოადგილეები. მძღოლების რაოდენობა პრეზიდენტის ბრძანებულებით არ რეგულირდება. მასში ასევე არაა აღნიშნული სახელმწიფო მანქანების სამუშაო და არასამუშაო მიზნებით გამოყენებას შორის განსხვავებაზე.
-
ზოგადი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებები. მათი გამოყენება შეუძლიათ სამინისტროს ჩვეულებრივ თანამშრომლებს, სახელმწიფო დეპარტამენტების ცენტრალურ აპარატებს და ადგილობრივ და მუნიციპალურ მთავრობას. თითოეულ ამ სამთავრობო უწყებას შეუძლია ჰქონდეს ამ ტიპის 6-მდე სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალება სამუშაო მიზნებისათვის. სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ამ უწყებებში დამოკიდებულია თანამშრომელთა რაოდენობაზე. ერთი მანქანა მოდის ყოველ ორმოცდაათ თანამშრომელზე.
-
ოპერატიული და სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები. (მაგალითად, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები) შეიძლება გამოიყენოს სამინისტროების, დეპარტამენტების, სააგენტოებისა და ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის ცალკე სიამ. პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ამ ტიპის ტრანსპორტის რაოდენობა, ასევე მათი გამოყენების წესები 2000 წლის განმავლობაში უნდა შეთანხმებულიყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.
პრეზიდენტის ბრძანებულებაში 2009 წელს შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებითაც შესაძლებელი გახდა ზოგადი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებების ლიმიტის გაზრდა მომხდარიყო მთავრობის ბრძანების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ სამთავრობო უწყებებს შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების ულიმიტო რაოდენობა ჰქონდეთ, მთავარია ამის ნებართვა მიიღონ. სამწუხაროდ, ყველა გაცემული ბრძანება არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უმეტეს შემთხვევაში, ლიმიტი 24 მანქანამდეა გაზრდილი. ზოგ შემთხვევაში ლიმიტი გაცილებით მაღალია, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 79 მანქანის ლიმიტი აქვს, მაშინ, როცა სტანდარტული ლიმიტი მხოლოდ 6 მანქანაა.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესები ვრცელდება მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ბრძანებულება მოითხოვს, რომ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ თავად შეადგინონ სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების წესები. გაუგებარია, რა წესები შეიქმნა ბრძანებულების ამოქმედების დღიდან, რადგან აღნიშნული ორი ხელისუფლების წესები საჯაროდ ცნობილი არ არის.
და ბოლოს, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი წესები აქვთ. აჭარის შესაბამისი დოკუმენტი ინტერნეტში არ მოიპოვება, ხოლო რაც შეეხება აფხაზეთს, იქ თითოეულ მაღალი დონის თანამდებობის პირს შეუძლია ჰქონდეს 1 პირადი მანქანა, თითოეულ სამთავრობო უწყებას – 1 ზოგადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალება (მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია ამ ლიმიტის გაზრდა).
ინფორმაციის თავისუფლება
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შვიდი სამინისტროსათვის გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ მიღებული მონაცემები. სამინისტროებისგან მოვითხოვეთ მათ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის და მათ ცენტრალურ აპარატებში თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება (სამინისტროები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩა, გარდა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებისა).
დიაგრამა 1. სამინისტროებში თანამშრომლებისა და მანქანების რაოდენობა
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ზოგადი სარგებლობის სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების საჭირო რაოდენობის დადგენის მთავარი პრინციპი სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა რაოდენობაა. ერთი მანქანა ყოველ 50 თანამშრომელზე, მაქსიმალური რაოდენობა 6 მანქანა. შვიდი სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგადი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის თანაფარდობა თანამშრომელთა რაოდენობასთან არის 1 12-ზე. (1 მანქანა მოდის ყოველ 12 თანამშრომელზე). ყველა სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალების (ზოგადი სარგებლობის და პირადი) თანამშრომელთა რაოდენობასთან შეფარდება არის 1 8-ზე. (1 სახელმწიფო მანქანა ყოველ 8 თანამშრომელზე). ეს მაჩვენებლები შორსაა იდეალური თანაფარდობისგან “1 ყოველ 50 თანამშრომელზე“, როგორც ეს პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული.
პირადი მანქანებით სარგებლობა საკმაოდ დაბალია ამ ბლოგში განხილულ ყველა სამინისტროში, გარდა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებისა, სადაც, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების გარდა, პირადი მანქანებით ასევე სარგებლობენ შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირები, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსები. პირადი მანქანების რაოდენობის ზრდა შესაძლებელი გახდა პრეზიდენტის ბრძანებულებაში 2010 წლის სექტემბერში შეტანილი ცვლილების შემდეგ.
აქ განხილული არც ერთი სამინისტრო არ იცავს ლიმიტს „1 ზოგადი სარგებლობის მანქანა ყოველ 50 თანამშრომელზე.“ ყველა მათგანმა (გარდა თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებისა) გაზარდა ლიმიტი მთავრობის ბრძანების საფუძველზე. ყველა მათგანი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, ყველა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, მოწოდებინათ ეს ბრძანებები და გამოეგზავნათ ჩვენთვის ასლები. ამით შეუძლებელი ხდება დადგინდეს, აჭარბებს თუ არა თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მფლობელობაში არსებული მანქანების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს და რა არის ეს ლიმიტი.
სახელმწიფო შესყიდვები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ასევე შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია: სახელმწიფო შესყიდვების გაერთიანებული ელექტრონული სისტემა tenders.procurement.gov.ge და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სატენდერო მონაცემთა ბაზა – tendermonitor.ge/en. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ხდება როგორც ელექტრონული ტენდერის, ისე პირდაპირი შესყიდვის გზით. ეს უკანასკნელი თითქმის ექსკლუზიურად ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ 10-1 მუხლის 3 (ე) ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ძველი ავტომობილების გაყიდვისა და ახლების ყიდვის დროს პირდაპირი (გამარტივებული) შესყიდვის განხორციელებას (ამ დროს ძველი მანქანის ღირებულება აკლდება ახლისას). არ არსებობს ინსტრუქცია, რომელიც დააკონკრეტებდა ასეთ შემთხვევაში შესყიდული მანქანის ფასს და მოდელს და ამის მიხედვით მოხდებოდა მანქანის შესყიდვა.
2012 წლის ნოემბერსა და 2014 წლის ივლისს შორის პერიოდში, შვიდმა სამინისტრომ – ენერგეტიკის, თავდაცვის, კულტურის, განათლების, ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა, და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა (სსიპ), რომლებიც ფუნქციონირებენ სამინისტროებისა და დეპარტამენტების ქვეშ და შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულნი არიან, როგორც ცალკე შემსყიდველები) მანქანების ყიდვაზე ან ძველების გაყიდვასა და ახლების ყიდვაზე დახარჯეს 11.5 მილიონი ლარი. ამ ხარჯებიდან 10 მილიონ ლარზე მეტი მოდის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებზე. შესყიდვების დაახლოებით 42% ხორციელდება პირდაპირი შესყიდვით, უმეტესად ფინანსთა სამინისტროს მიერ.
მთლიანად, შვიდმა სამინისტრომ შეისყიდა ან გადაცვალა 350 მანქან, ან ელექტრონული ტენდერით ან გამარტივებული შესყიდვით. დამატებით 18 მილიონი ლარი დახარჯა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც 500-ზე მეტი პოლიციის მანქანა შეისყიდა. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ხელშეკრულება საიდუმლოა და შესაბამისად, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ მოიპოვება, ამიტომ მათ ამ დოკუმენტში ვერ ავსახავთ. ასევე, ხანდახან დაუზუსტებელია, ეს მანქანები პოლიციისთვისაა განკუთვნილი, თუ სხვა რაიმე მიზნებისთვის.
დიაგრამა 2. ხარჯვა (ლარებში) სამინისტროების მიხედვით (ცენტრალური აპარატები და დაქვემდებარებული ერთეულები) მანქანებზე 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში
ფინანსთა სამინისტრომ და მისმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა გასული ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 150 სახელმწიფო მანქანაზე სულ 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს (ეს არის სამინისტროს მიერ შესყიდულ და გაყიდულ მანქანებს შორის განსხვავება). სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა გაყიდა ძველი მანქანები და იყიდა ახლები პირდაპირი შესყიდვის გზით და ახალი მანქანების ყიდვისათვის არ გამოუყენებია ტენდერი.
შემოსავლების სამსახური ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელმაც ასვე შეისყიდა მანქანები, კვლავ გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით. მისი დანახარჯი სამინისტროს და მისი ქვეუწყებების მიერ მთლიანად დახარჯული 5 მილიონი ლარიდან ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მანქანების შესყიდვის მხრივ ლიდერია, თუმცა მთლიან ხარჯებში თავად სამინისტროს წილი 500 ათას ლარზე ნაკლებია. შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკის სამინიტრო ის ერთეულებია, რომლებმაც მანქანებზე ყველაზე ნაკლები დახარჯეს.
დიაგრამა 3. ხარჯვა (ლარებში) შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ქვეუწყებების მიერ 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში
იუსტიციის სამინისტროს და მისი დაქვემდებარებული ერთეულების მიერ დახარჯული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარიდან, მხოლოდ 42,598 ლარი დაიხარჯა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ, დანარჩენი გადანაწილდა მის 11 სსიპ-ზე, მათ შორის იუსტიციის სახლზე, რომელმაც 127,748 ლარად 4 მანქანა იყიდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე, რომელმაც 6 მანქანაზე 132,096 ლარი დახარჯა.
კულტურის სამინისტრომ 2012 წლის ნოემბრის შემდეგ 8 მანქანა იყიდა, ყველა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორმა სსიპ-მა იყიდეს თითო მანქანა პირდაპირი შესყიდვის გზით.
განათლების სამინისტროს თავად მანქანა არ შეუსყიდია, მისმა დაქვემდებარებულმა სააგენტოებმა კი ოთხი მანქანა შეიძინეს, რომელთა მთლიანი ღირებულება 92,225 ლარი.