ENG

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

22 სექტემბერი, 2015

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოდგენილი ცვლილებებიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნას და მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში ჩვენი და ჩართული მხარეების არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, მომზადებული კანონპროექტი კვლავ შეიცავს გარკვეულ რისკებს, განსაკუთრებით, საკადრო პოლიტიკის სწორედ განსაზღვრისა და წარმართვის თვალსაზრისით.

წარმოგიდგენთ შენიშვნებს და მოსაზრებებს კანონპროექტთან დაკავშირებით:

  1. დახურული კონკურსი - კონკურენციის შემზღუდველი ნორმა

კანონპროექტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის დანიშვნა ზემდგომი (მესამე, მეორე, პირველი) რანგის თანამდებობაზე ხდება შიდა კონკურსის საფუძველზე, რომელიც საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ცხადდება. რაც გულისხმობს კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებიდან, რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან.

მიგვაჩნია, რომ დახურული კონკურსები მნიშვნელოვნად შეზღუდავს კონკურენციას და ხელს შეუშლის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას და კვალიფიციური ახალი კადრების მოძიებას.

  1. სამთავრობო პოლიტიკის გავლენა საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ მართვაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით არსებითად იზრდება სამთავრობო პოლიტიკის გავლენა საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ მართვაზე. პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს: პროფესიულ საჯარო მოხელეთა თითოეული თანამდებობისათვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას და წახალისების წესს, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებს, მოხელის თითოეული რანგისათვის სპეციალურ მოთხოვნებს, რომლითაც დგინდება თითოეული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე, პროფესიული განვითარების სტანდარტს და სხვ. ამასთანავე, საჯარო დაწესებულება ანგარიშვალდებული ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს წინაშე, კერძოდ, პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ბიუროს წარუდგინოს ანგარიშები მოხელეების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების და მათი პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად.  

აღნიშნული წესი ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის სამსხურის თანამშრომლებზე,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების ფარგლების დადგენა ემყარებოდეს არა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ფუნქციათა საჯარო სამართლებრივი ბუნების იდენტიფიცირებას, არამედ ასევე დაწესებულების საკანონმდებლო მანდატის თავისებურებას. შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულირება რისკის შემცველია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული ავტონომიურობის თვალსაზრისით. შესაბამისად კანონპროექტით უნდა განისაზღვროს , რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებზე.   

  1. შეუსაბამოდ გაზრდილი გამოსაცდელი ვადა

კანონპროექტით საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადა გაიზარდა. თუკი მოქმედი კანონით (მუხლი 24) საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, კანონპროექტის 45-ე მუხლის თანახმად, მოხელის გამოსაცდელი ვადა 12 თვეა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში 6 თვით შეიძლება გაგრძელდეს.

კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა შესაბამისობაშია შრომის კოდექსით განსაზღვრულ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობასთან.

12 თვიანი გამოსაცდელი ვადა კვალიფიციურ კადრს დაუკარგავს მოტივაციას დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში, მითუმეტეს თუ გამოსაცდელი ვადის გასვლა ემთხვევა ხელისუფლების ცვლილებას. კომპლექსურად კი სერტიფიკატის აუცილებლობა და გამოსაცდელი ვადა შესაძლებელია საჯარო სამსახურში ახალი კადრების შესვლის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

  1. სსიპ-ების ფართო წრე რომელზეც კანონი არ მოქმედებს

წარმოდგენილი კანონპროექტი აფართოვებს იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების (სსიპ)-ების წრეს, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი.

„საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დღეს მოქმედი რედაქციით 29-ე-32-ე მუხლები, რომელიც ეხება საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მიღებას, ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა შემდეგი სსიპ-ების: რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას.

პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი აფართოებდა იმ სსიპ-ების წრეს, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, შესაბამისად, საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მიღება. მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტით საჯარო სამსახურად ითვლება საქმიანობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიურ, ასევე, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია, ასევე, მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შესაბამისი კატეგორიზაციის გათვალისწინებით.

იმ პირთა წრის გაფართოება, რომელზეც არ ვრცელდება კონკურსის წესით დანიშვნა წინააღმდეგობაშია ამავე კანონპროექტით დადგენილ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპთან (მუხლი მე-17) უკონკურსოდ დანიშვნა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რათა შემცირდეს დანიშვნის ამ მეთოდთან დაკავშირებული ნეპოტიზმისა და პოიტიკური პატრნაჟის რისკები.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების პროაქტიული გამოქვეყნება:

კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმებული დეკლარაციის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ. კანონპროექტის არსებული რედაქციით, „გადამოწმებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ქვეყნდება პროაქტიულად“, თუმცა ამ ნორმამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის. შესაბამისად, სასურველია თითოეული შემოწმებული დეკლარაციის შემთხვევაში მონიტორინგის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის გონივრული ვადის დაწესება (მაგალითად, მონიტორინგის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში). ასევე, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სასურველია პროაქტიულად გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა დარღვევის თუ უზუსტობის გამო დაიწერა უარყოფითი დასკვნა თითეული თანამდებობის პირის მიმართ.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის ამოქმედება:

კანონპროექტის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილება (და შესაბამისად მონიტორინგის სისტემაც) ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. ეს გადაწყვეტილება მთლიანობაში გამართლებულია, რადგანაც ცხადია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მონიტორინგის სისტემის მოსამზადებლად. ამავე დროს, სასურველია, რომ ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების მხრივ დღეს არსებული სრული ვაკუუმი 2017 წლამდე არ შენარჩუნდეს. ამდენად სასურველია, განხილულ იქნეს კომპრომისული ვარიანტი. მაგალითად, შესაძლებელია, რომ უფრო ადრე (თუნდაც 2016 წლის 1 იანვრიდან) ამოქმედდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების მექანიზმი, ხოლო თავად ბიუროს მიერ დეკლარაციების პროაქტიულად მონიტორინგი 2017 წლიდან დაიწყოს.

  1. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების გადასამოწმებლად შექმნილი დამოუკიდებელი კომიიის დაკომპლექტების წესი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობია და კორუფცის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით, საჯარო სამსახურის ბიურო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას ახორციელებს ბიუროს უფროსის შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ. პროექტში არ არის მითითებული თუ რა წესით კომპლექტდება დამოუკიდებელი კომისია. კომისიის მნიშვნელოვანი ფუნქციიდან და შესაბამისად, მისი საქმიანობის ობოექტურობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობის გათვალისწინებით კანონით უნდა დადგინდეს კომისიის დაკომპლექტების წესი.  

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“