ENG

ოფიცრები უშიშროების საკითხებში („ოდეერები“) – მანკიერი პრაქტიკა

06 ოქტომბერი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანკიერ პრაქტიკას – სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების“ (ОДР – офицер действующего резерва) ყოლას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის №337 დადგენილების თანახმად, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება დამტკიცდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში დანიშნოს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა არსებობა სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უკვე დიდი ხანია, უარი თქვეს პოლიციის მიერ სამოქალაქო, მედია თუ მარეგულირებელი ორგანიზაციების კონტროლზე უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომლებიც რეალურად ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს ექვემდებარებიან და აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციის მმართველობაში. ამ პრობლემის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თუ ხელისუფლების ცალკეული პირები. სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხატული შეშფოთება ხელისუფლების მიერ არ არის გაზიარებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მიმართავს საკუთარი თანამშრომლების, ე.წ. „ოდეერების“, სხვადასხვა ორგანოებში გამწესებას.

ზაზა მაზმიშვილი

ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი ზაზა მაზმიშვილი, დაბადებული 30/07/1963 წელს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, რაც კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდებოდა. კერძოდ, კომისიამ დაადასტურა, რომ 1963 წლის 30 ივლისს დაბადებული ზაზა მაზმიშვილი მარეგულირებელ ორგანოში მუშაობს. ამავდროულად, მაზმიშვილის მიერ 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსი იყო.

ზაზა მაზმიშვილი, რომელსაც თანამშრომლები „გენერალს“ ეძახიან, დღესაც მუშაობს კომუნიკაციების კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ის კვლავ განაგრძობს თანამშრომელთა გამოკითხვას მათი საქმიანობის შესახებ და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას. მისი ანაზღაურება ხუთი ათასამდე ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზაზა მაზმიშვილის ქონებრივი მდოგმარეობის შესახებ დეკლარაცია, რომელიც 2013 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე იყო განთავსებული, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის. მაზმიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილის გაგზავნის შემდეგ მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენი კითხვა, თუ რატომ არ არის დეკლარაცია საიტზე ხელმისაწვდომი, უპასუხოდ დარჩა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაზმიშვილმა კომისიაში მუშაობა 2013 წლის 1 მაისს დაიწყო, ხოლო 2013 წლის 14 მაისს შევსებული ქონებრივ დეკლარაციაში მაზმიშვილი მიუთითებს, რომ ის სამმართველოს უფროსია. ამ შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნული მანკიერი პრაქტიკისა, რომელიც ხელყოფს კომისიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად მუშაობის პრინციპს, ირღვევა კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს, რომელიც მოიცავს სამმართველოს უფროსებსაც, უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში და ა.შ. (მე-13 მუხლი).

ზაზა მაზმიშვილის მიერ 2014 წელს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის თანახმად ის კვლავ იკავებს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციასთან ერთად. ამ დეკლარაციის ასლიც მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მივიღეთ, რადგან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ის ხელმისაწვდომი არ არის.

ვლადიმერ ბუნტურიძე

გარკვეული დროის განმავლობაში ვლადიმერ ბუნტურიძეც იმავე სამმართველოში მუშაობდა, სადაც – ზაზა მაზმიშვილი. ბუნტურიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, განსხვავებით სამმართველოს სხვა თანამშრომლებისგან, იძებნება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. შევსებული დოკუმენტის თანახმად, მან 2013 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური, მუშაობდა კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის უფროსად, იკავებდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციას. ბოლო მონაცემებით კი ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე მუშაობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიაში ფარული მიყურადების ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა: „გასაგებია, რომ ვიღაცა შიგნიდანაც მოკავშირე უნდა ჰყოლოდათ და ეს ხაზი მიდის ახლა ბატონ ბუნტურიძემდე.“ ვლადიმერ ბუნტურიძის სახელი ფიგურირებდა ასევე ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი მიიღო.

ზაზა მალუძე

იმ პირთა უმეტესობის შესახებ, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს, სადაც ზაზა მაზმიშვილი და ვლადიმერ ბუნტურიძე მუშაობდნენ, უფროსის ან მისის მოადგილის თანამდებობას იკავებდნენ, საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა გამონაკლისია ზაზა მალუძე, რომელსაც 2013 წლის 14 მარტს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2013 წლის მარტში ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურატურისა და ფინანსური პოლიციიის მაღალჩინოსნები აიძულებდნენ ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების გადარიცხვას. შოშიაშვილმა პროკურორი ზაზა მალუძე დაასახელა იმ პირებს შორის, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეს პირი ისევ შსს-ს თანამშრომელია. „ჯამპსტარტ ჯორჯიას“ ვებგვერდის მიხედვით, რომელზეც საარჩევნო სიის მონაცემებია დამუშავებული (mashasada.me), საქართველოში მხოლოდ ერთი სრულწლოვანი ზაზა მალუძე არის რეგისტრირებული და ის 1965 წელს დაიბადა. ზაზა მალუძის ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ იგი 1965 წელსაა დაბადებული. 2005 წელს მალუძეს შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს. აქვე მითითებულია, რომ ის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი იყო. ეს არის ზაზა მალუძის ერთადერთი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯარო სამსახურის ვებგვერდზე იძებნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალშიც გააგრძელებს თემის კვლევას და საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების“ ყოლის შესახებ. თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ელფოსტით ან ტელეფონით (mamuka@transparency.ge, +995 32 292 14 03).

Author: ანა დაბრუნდაშვილი, მამუკა ანდღულაძე