მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები - არასაკმარისად გამოყენებული რესურსი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში
დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი მართვისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობაა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგანაც სწორედ მუნიციპალური მართვის ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს მოქალაქეთა პირველადი, კომუნალური საჭიროებების გადაწყვეტა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირების შესაძლებლობაა განსაზღვრული, ასევე თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის საჯაროობასა და თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას, ამავე დროს კოდექსი მოქალაქეებს აძლევს საშუალებს მოიწვიონ საკრებულოს სხდომა, გამართონ დასახლების საერთო კრება, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, მუნიციპალიტეტის გამგებელბთან/მერთან უნდა ფუნქციონირებდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან პერიოდულად გამართონ გასვლითი შეხვედრები მოქალაქეებთან და ა.შ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაინტერესდა, თუ როგორ მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის აღნიშნული მექანიზმები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში. ამჯერად წარმოგიდგენთ სამეგრელო-ზემო სვანეთის შედეგებს.
მუნიციპალიტეტებიდან გამოვითხოვეთ 2015-2016 წლების მონაცემები შემდეგ საკითხებზე: დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა, მოქალაქეთა საკრებულოს სხომებზე ჩართვის მექანიზმები, საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩევლებთან.
პეტიცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში საკვლევი პერიოდის განმავლობაში 24 პეტიცია დარეგისტრირდა და განიხილეს თემი ზუგდიდის, ქალაქ ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის საკრებულოებში, პეტიცია არ დარეგისტრირებულა სენაკის, მესტიის და ხობის საკრებულოებში, მარტვილის საკრებულომ კი ინფორმაცია პეტიციათა შესახებ არ მოგვაწოდა.
როგორც მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, მოქალაქეები, უმრავლეს შემთხვევაში, პეტიციით ითხოვენ არა რაიმე სახის სამართლებრივი რეგულირების ცვლილებას, არამედ სხვადასხვა სახის სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოს განხორციელებას (ავტოტრანსპორტის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების, გარეგანათების მოწყობა, გზის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა, სასმელი წყლის სისტემის, ფეხბურთის მინისტადიონების რეაბილიტაცია, ქუჩებში სანაგვე ურნების განთავსება და ა.შ.).
თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 3 აგვისტოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებმა შეიტანეს რამდენიმე პეტიცია პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში. საკრებულოს ცნობით, შეეხებოდა მიმდინარე და 2017 წლისათვის დაგეგმილ პროექტებს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკვლევი პერიოდის განმავლობაში სამი პეტიცია დარეგისტრირდა შემდეგი მოთხოვნებით:
-
ქალაქ ზუგდიდიში ბერიას, ხორავას, წმინდა ნინოს, ტოლსტოის, ქუთაისის, ტაბიძის და კობახიძის ქუჩებზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია - საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ სანიაღვრე არხების მოწყობა ქუჩების ნაწილში უკვე დასრულებულია, სხვა მონაკვეთებზე კი განხორციელდება 2017-2018 წლებში, საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიატაცია კი ქალაქ ზუგდიდში რამდენიმე თვეში დაიწყება;
-
ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების განსაზღვრა - აღნიშნული საკითხი მხარდაჭერილ იქნა საკრებულოს მიერ;
-
ქალაქ ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას სახელობის პარკის მოწყობა - საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები მოითხოვდნენ ქალაქ ფოთის საკრებულოს 1999 წლის 29 ივლისის N9/10 გადაწყვეტილების „სასმელი წყლისა და ჩასაშვები ფეკალური სითხეები ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას, აღნიშნული მოთხოვნა საკრებულომ განუხილველად დატოვა, რადგანაც დარღვეული იყო პეტიციის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.
ამჟამად ქალაქ ფოთის საკრებულოში 5 პეტიციაა დარეგისტრირებული, რომელთა განხილვა ჯერ არ მომხდარა (აღნიშნულ პეტიციათა შინაარსის შესახებ ფოთის საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა).
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 7 პეტიცია იქნა დარეგისტრირებული, მოქალაქეები აღნიშნული პეტიციებით მოითხოვდნენ:
-
ავტოსატრანსპორტო მოძრაობის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერეის მოწყობას;
-
ჩხროწყუში რ. დიხამინჯიას ქუჩაზე და ყოფილი ცხაკაიას კოლმეურნეობის ტერიტორიაზე გარეგანათების მოწყობას;
-
საავტომობილი გზის რეაბილიტაციას;
-
მდინარე ხობისწყლის სანაპიროს მოწესრიგებას;
-
სასმელი წყლის რეაბილიტაციასა და მოსახლეობისათვის რეგულარულ მიწოდებას;
-
ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაციას;
-
სანაგვე ურნების განთავსებას.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა, გზებისა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტს ორი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა, სანაგვე ურნების განთავსების პროცესი კი დასრულებულია.
წალენჯიხის მუნიციპაიტეტის საკრებულოში საკვლევი პერიოდის განმავლობაში ოთხი პეტიცია დარეგისტრირდა, რომელთაგან სამი მხარდაჭერილ იქნა საკრებულოს მიერ (აღნიშნული პეტიციების შინაარსის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის საკრებულომ არ მოგვაწოდა), მეოთხე პეტიციას, რომელიც ეხებოდა წალენჯიხის ორ სოფელს: ჯგალსა და მედანს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, საკრებულომ მუნიციპალიტეტის მწირი რესურსებიდან გამომდინარე მხარი არ დაუჭირა. თუმცა გზის აღნიშნული მონაკვეთზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია სანიაღვრე არხის, წყალგამტარი მილის, გაბიონის კედლის მოწყობა და ერთ-ერთ დაღმართზე 150 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, პეტიციის უფლების გამოყენებას გარკვეულწილად აფერხებს საკანონმდებლო დათქმა იმის თაობაზე, რომ პეტიციის ინიცირების უფლება აქვთ კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტს. მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზება ხშირ შემთხვევაში რთულია. ასევე შესაძლებელია რაიმე სახის საკითხი, რომლის თაობაზეც მზადდება პეტიცია, წარმოადგენდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთ პროცენტზე მცირე ჯგუფის ინტერესს, შესაბამისად, აუცილებელია პეტიციის წესით საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირების შესაძლებლობა მიეცეს ამომრჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი ელექტრონული პეტიციის სისტემა. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაიწყო მუშაობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ვფიქრობთ, რომ იდენტური სისტემა უნდა დანერგონ სხვა მუნიციპალიტეტებმაც.
დასახლების საერთო კრება
2015 წლის ივლისში თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებით მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მოიწვიონ დასახლების საერთო კრება. კრებაზე მოქალაქეები საჯაროდ განიხილავენ და მუნიციპალიტეტს სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავენ კონკრეტული დასახლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დასახლების საერთო კრების მოწვევის მიზნით:
-
მინიმუმ სამი ამომრჩეველი ადგენს განცხადებას კრების მოწვევის ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე და წარუდგენს გამგებელს/მერს;
-
გამგეობა/მერია არეგისტრირებს ინიციატივას და გამგებელი/მერი გასცემს რეგისტრაციის ცნობას 3 სამუშაო დღის განმავლობაში;
-
რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში განცხადების წარმდგენი პირები ადგენენ იმ ამომრჩეველთა სიას (არანაკლებს 5%) რომელთაც სურთ კრების მოწვევა და კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით განცხადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. რის შემდეგაც კრების მოწვევა შესაძლებელია 15 დღის განმავლობაში;
-
დასახლების საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული, რომლის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების არანაკლებს 5%-ს;
-
დასახლების საერთო კრება უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 20 პროცენტი;
-
დასახლების საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს გამგებელს/მერს, საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით.
როგორ მიღებული ინფორმაციით დგინდება, დასახლების საერთო კრება მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ გამართულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, უმრავლეს შემთხვევაში ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
მაგალითისათვის, თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრება მოქალაქეთა მიერ ხუთჯერ იქნა ინიცირებული, თუმცა კრება ვერ შედგა, რადგანაც მისი უფლებამოსილებისათვის საჭირო ამომრჩეველთა მინიმუმ 20% მობილიზება ვერ მოხერხდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით კი დასახლების საერთო კრება 48 ადმინისტრაციულ ერთეულში იქნა მოწვეული, ამათგან 27 ჩატარდა (2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით). ყურადსაღებია, რომ გამგეობის მიერ მოწოდებულ დასახლების საერთო კრების არცერთ ოქმში ინფორმაცია კრების მონაწილე მოქალაქეთა შესახებ (სახელ/გვარი) არ არის მითითებული, ასევე არ ფიქსირდება მათი ხელმოწერებიც, ოქმში მხოლოდ კრების მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობაა მითითებული.
დასახლების საერთო კრებები ჩატარდა აბაშის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ჩატარებული კრებების ოქმებს, განსხვავებით ზუგდიდისაგან, თან ერთვის კრების მონაწილე მოქალაქეთა ვინაობა და ხელმოწერები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისა და აბაშის გამგეოებების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ დგინდება დასახლების საერთო კრებაზე არჩეულ იქნა თუ არა კრების რჩეული.
დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, თუმცა 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, წალენჯიხის გამგეობაში კრების მოწვევის სამი ინიციატივა იყო რეგისტრირებული. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ფოთის მერიამ და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, დასახლების საერთო კრების მოწვევისათვის დაწესებული ორი ვალდებულება: 1. ამომრჩეველთა 5% ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა კრების მოწვევის თაობაზე და მეორე ის, რომ კრება უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუკი მას ესწრება ამომრჩეველთა არანაკლებს 20%, მნიშვნელოვნად ართულებს მისი მოწვევის და ჩატარების შესაძლებლობებს, ცალკეულ დასახლებებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ცალკეულ სოფლებში კი იმის გამო, რომ შესაძლებელია რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% არ ცხოვრობდეს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ან/და ასევე შესაძლებელია, მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ინტერესი დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ, არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა 20% ინტერესებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასახლების საერთო კრების მოწვევის შესაძლებლობა მიეცეთ ამომარჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.
პრობლემატურია ისიც, რომ კომპეტენციების და უფლებამოსილებების თვალსაზრისით, საერთო კრების მოწვევა არ იძლევა მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას, კრების მიმართვა მუნიციპალიტეტისადმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
კრების მოწვევის სირთულიდან გამომდინარე, მოსახლეობა რჩება კანონის მეორე შესაძლებლობის იმედად, რომლის მიხედვითაც კრების მოწვევის უფლება აქვს გამგებელს/მერს, რა შემთხვევაშიც არსეობს რისკი, რომ მოსახლეობისა და გამგებლის/მერის ინტერესები კრების მოწვევის თაობაზე მნიშვნელოვნად იყოს განსხვავებული.
დღეს არსებული მდგომარეობით იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, გამგებელი/მერი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც მოიწვიოს კრება, მოსახლეობასთან უფრო ხშირი კომუნიკაციის მიზნით აუცილებელია, რომ ამ სიხშირის ოთხამდე გაზრდა (ამავე დროს აუცილებელია დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებისათვის დადგენილი კვორუმის - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20% შემცირება), რათა უშუალო კომუნიკაცია გამგებელს/მერსა და მოსახლეობას შორის იყოს კვარტალური და გარკვეული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით იქნეს მიღებული.
საკრებულოს წევრთა შეხვედრები ამომრჩევლებთან
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ავალდებულებს წელიწადში ერთხელ მაინც გამართონ შეხვედრა ამომრჩევლებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტი კი საკრებულოს წევრს ამომრჩევლთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც ავალდებულოებს.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთან შეხვედრის ინფორმაციის ამსახველი ოქმის შედგენის ვალდებულება განსაზღვრული აქვს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გარდა ფოთისა. ფოთის საკრებულოდან მოგვწერეს, რომ საკრებულოს წევრები ამომრჩევლთან შეხვედრის ოქმს არ ადგანენ, რადგანაც “მოქმედი კანონომდებლობით ეს არ არის სავალდებულო” - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმის შევსება მნიშვნელოვანია, რათა ოფიციალურ დოკუმენტში აისახოს შეხვედრაზე განხილული საკითხები და ამომრჩეველთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც საკრებულოს წევრს და საკრებულოს აპარატს გაუადვილებს მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა თუ მათ გადაწყვეტაზე მუშაობის შესაძლებელობას.
მიღებული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრთა მხოლოდ ერთი ნაწილი მართავს შეხვედრას ამომრჩეველთან, შეხვედრის ოქმები კი იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ფორმდება.
მაგალითისათვის, თემი ზუგდიდის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საკრებულოს წევრები ადგენენ მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმებს (საკრებულოს 42 წევრიდან მხოლოდ 17 წევრის მიერ შევსებული ოქმები იქნა ჩვენთვის მოწოდებული). თუმცა ჩვენი შეფასებით, უმრავლესი მათგანი არასრულყოფილია, რადგანაც არ ერთვის შეხვედრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერები, ცალკეულ ოქმებში კი საერთოდ არ არის მითითებული იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც შეხვედრებს ესწრებოდნენ. აღნიშნულ ოქმებს მხოლოდ საკრებულოს წევრი აწერს ხელს.
ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებიც, თუმცა შეხვედრის ოქმები მხოლოდ ფრაქციების “ზუგდიდი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმომადგენლებს აქვთ შედგენილი - ორივე შემთხვევაში ოქმებს თან არ ერთვის მოქალაქეთა ხელმოწერები. მოქალაქეთა ხელმოწერის გარეშე აქვთ ოქმები შედგენილი სენაკისა და მარტვილის საკრებულოთა წევრებსაც.
ჩხოროწყუს საკრებულოს წვრების მიერ საკვლევი პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლებთან 600-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მათ მიერ შეხვედრის ოქმები არ არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს 28 წევრიდან მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს რამაზ გულუას არ აქვს ამომრჩეველთან შეხვედრა გამართული.
განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებისაგან, აბაშის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმებზე თან დართულია შეხვედრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელოწერებიც, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ამომრჩეველთა ხელმოწერები თან ერთვის ხობის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების ოქმებსაც.
მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებმა დადგენილებებში შეიტანონ ცვლილება და სავალდებულო გახდეს ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმის როგორც საკრებულოს წევრის, ასევე ამომრჩევლების ხელმოწერა, რათა აღნიშნულით დადასტურდეს როგორც შეხვედრის გამართვის, ასევე ოქმში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.
თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის შესახებ ზოგადი ჩანაწერია მოცემული, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტეს გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, თანამდებობის პირები ანგარიშებს წარადგენენ, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე ხელმისაწვდობია ანაგრიშების ელექტრონული ვერსიებიც.
თანამდებობის პირთა მეტი ანგარიშვლადებულების მიზნით:
-
უნდა გაიზარდოს თანამდებობის პირების მხრიდან ანგარიშის წარდგენის ინტენსივობა. ანგარიში უნდა იყოს წერილობითი, წინასწარ დადგენილი ფორმატით. ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირით ადრე მაინც, რათა მოქალაქეთა მაქსიმალურად მეტ რაოდენობას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების, ანგარიშის მოსმენისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. ანგარიში უნდა იყოს სავალდებულო წესით საჯაროდ წარსადგენი ოფიციალური დოკუმენტი. ანგარიშის შედგენის, მისი გამოქვეყნებისა და მოსახლეობასთან მისი გაცნობის მიზნით შეხვედრების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგეობის/მერიის, საკრებულოს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოყენებულ უნდა იქნას დისციპლინური ღონისძიება. მაგალითად თანამდებობრივი სარგოს ან უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის ნაწილობრივი დაქვითვა;
-
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგნენ წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც;
-
წლის დასაწყისში ამომრჩევლებს უნდა მიეწოდოს წლის განმავლობაში (საბიუჯეტო წლის მანძილზე) დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წლის ბოლოს (მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე) კი განხორციელებული სამუშაოს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
-
ანგარიშები სავალდებულო წესით უნდა აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე (საკრებულოს ან გამგებობის/მერიის).
გამგებლის/მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მიეცა შესაძლებლობა შექმნას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც თავისი არსით არის სათათბირო ორგანო, იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც და მის შემადგენლობაში შედიან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების და მოსახლეობის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოსთან განიხილოს:
-
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის წარდგენამდე;
-
სივრცითი დაგეგმაების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეორგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადები;
-
სხვადასხვა სახის ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;
-
ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები
მერი/გამგებელი წელიწადში ერთხელ უნდა წარსდგეს საბჭოს წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით.
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია და სხდომებს მართავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.
კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცულია ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა მესტიისა - მესტიის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 12 წევრიდან 9 მამაკაცია, 3 კი ქალი, შესაბამისად საბჭო არ არის უფლებამოსილი. როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება 2015 წლის 9 დეკემბრიდან (საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების თარიღი) დღემდე მესტიის გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მხოლოდ ერთხელ, 2016 წლის 14 ნოემბერს შეიკრიბა.
ინფორმაცია საკრებულოს გასამართი/დაგეგმილი სხდომის შესახებ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოები საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას საკრებულოს გასამართი სხდომის შესახებ, ცალკეულ მათგანს განსაზღვრვული აქვს გეგმიური სხდომის გამართვის თარიღიც, მაგალითასათვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო გეგმიურ სხდომას მართავს ყოველი თვის პირველ პარასკეს, თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, შემდეგ სამუშაო დღეს.
მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ მოგვწერა, ამ უფლებას მოქალაქეები იშვიათად იყენებენ.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა
მოქმედი კანონმდებლობა ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, თუმცა ამ უფლებას მოქალაქეები იშვიათად მიმართავენ.
აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი წახალისების მიზნით ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მხრიდანაც, რათა საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს მოქალაქეთა ყველა ჯგუფის წინაშე მდგარ საჭიროებებს, ამ მიზნით:
-
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებამდე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნდა გამართონ შეხვედრები შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ყველა დასახლებულ პუნქტში და ადგილზევე მოიკვლიონ არსებული პრობლემები და საჭიროებები;
-
ბიუჯეტის პროექტის შემუშავების შემდეგ კი წარუდგინონ მოსახლეობას, გამოაქვეყნონ ელექტრონული ვერსია, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცეს მისი შესწავლის, განხილვის და დასაბუთებული შენიშვნებისა თუ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა.
დასკვნა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: მოქალაქეეებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებსა და შესაძლებლობზე, ასევე არსებული მექანიზმები არ იძლევიან ეფექტური ჩართულობისა თუ მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას.
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები ცალკეულ შემთხვევებში ცდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს და მისი უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, შესატანი ცვლილებები არამხოლოდ თეორიულ ანალიზს, არამედ მუნიციპალიტეტებისა თუ მათი საქმიანობის მონიტორინგის განამახორციელებელი ორგანიზაციების პრაქტიკულ გამოცდილებასაც უნდა ეყრდნობოდეს.
საკანონმდებლო რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოს, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.