2014 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2014 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა

20 ივლისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდებოდა. ორგანიზაციის მიზანი იმის გამოკვლევა იყო, თუ რამდენად გაიზარდა მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა და თავად ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა რიცხვი. ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ კვლევებს. წინამდებარე ანგარიში შეიცავს როგორც უკვე გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე იმ რეგიონებში არსებული მდგომარეობის ანალიზს, რომელთა შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტს აძლევს უფლებას, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. ცხადია, მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრონ, თუ რა ტიპის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის, თუმცა მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

რეგიონებში ჩატარებულმა აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება  კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო (2014 წლის) არჩევნების შემდეგ:

  • ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) არსებულ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა 84 ერთეულით (695-დან 779-მდე) გაიზარდა;

  • მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა;

  • დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდის შესაბამისად, შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11126350.24 ლარიდან 15371502.81 ლარამდე); შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა;

  • თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა ყველაზე დიდი რაოდენობით (29 ერთეულით) დაფუძნდა რაჭა-ლეჩხუმში, ერთადერთი რეგიონი, სადაც მსგავსი პირების რაოდენობა შემცირდა ( შიდა ქართლია - ცალკე ა(ა)იპად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირში გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა;

  • ყველაზე მეტად ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიაში (984 ერთეულით) გაიზარდა; ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი სამცხე-ჯახავეთსა (347 ერთეულით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეულით) აღინიშნა;

  • ზოგიერთ შემთხვევაში, თვითმმართველ ქალაქსა და თემში დაფუძნებული ა(ა)იპისა და საქალაქო სამსახურების ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა (ფოთი, მესტია, ონი, ცაგერი), რაც აბსოლუტურად მიუღებელია და იწვევს მუნიციპალური მწირი რესურსების არაეფექტიან ხარჯვას;

  • მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში სახელოვნებო და სასპორტო მიმართულების ორგანიზაციები (სპორტულ სახეობათა, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის შემსწავლელი სკოლები) ცალ-ცალკე ა(ა)იპებად არიან დარეგისტრირებულები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მუნიციპალურ საბიუჯეტო დანახარჯებს. ხაშურის მაგალითის გამოყენება, სადაც ბაღები ერთ ა(ა)იპში გაერთიანდნენ, უზრუნველყოფდა გაცილებით ეფექტიან მენეჯმენტს და ფინანსურ-ადმინისტრაციული დანახარჯების ოპტიმიზაციას;

  • კვლავ პრობლემად რჩება ა(ა)იპებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება-დასაქმების პროცესის გაუმჭვირვალობა და გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობა; ბათუმში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან ზოგიერთი დასაქმებულის გათავისუფლებამ გააჩინა კითხვები გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფუძველთან დაკავშირებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურიდიული დახმარების ცენტრმა, გათავისუფლებულ მოქალაქეთა დაცვის მიზნით, სასამართლო დავა დაიწყო და უმეტეს შემთხვევაში დავა ორგანიზაციის სარჩელების დაკმაყოფილებით დასრულდა.

  • პრობლემური აღმოჩნდა მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი სახით მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვიეს, გამოგზავნილი საჯარო ინფორმაცია კი არასრულყოფილი და არასისტემატიზირებული აღმოჩნდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით - ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

არასაჭიროებისამებრ გაზრდილი კადრების რაოდენობა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 25%-მეტი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, როგორც ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცოტა ხნის წინ გამოქვეყვებულმა მონაცემებმა ცხადყო.

მუნიციპალურ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში გაზრდილ შტატებსა და ბიუჯეტის არაეკონომიურ ხარჯვაზე წლებია საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. მიუხედავად ამისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები არ ცვლიან მანკიერ პრაქტიკას.

 

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“