ENG

ტელეკომპანიები კოორდინირებულად აშუქებენ ქიმერიძის გარდაცვალების ამბავს

09 მარტი, 2012

როდესაც ეროვნულმა ტელეკომპანიებმა („იმედი“,„რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი) 46 წლის სოლომონ ქიმერიძის ქ. ხაშურის პოლიციის შენობაში ტრაგიკული სიკვდილის ამბავი გააშუქეს, ერთმა ფაქტმა გაგვაოცა: აღნიშნულ სიუჟეტებში გამოყენებული კადრები თითქმის იდენტური იყო. უფრო მეტიც, ახალი ამბის ტექსტი სამივე არხზე თითქმის სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს.

ახალი ამბების კოორდინირებული გადმოცემა ქვეყნის მთავარი მაუწყებლების, და მათ შორის საზოგადოებრივი არხის მიერ, ამ არხების სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით თუ საქმე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხს ეხება.

როგორც YouTube-ის ამ პოპულარულ ვიდეოში ჩანს, ეროვნული ტელეარხების მიერ გაშუქებულ ამბავში არ არის ობიექტურად ნაჩვენები, რომ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები მოითხოვენ გამოძიებას, რათა გაირკვეს, ხომ არ გამოიწვია ქიმერიძის სიკვდილი პოლიციის მიერ განხორციელებულმა არასათანადო ქმედებებმა? 

 

„იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ეს ამბავი შემდეგი იდენტური ტექსტით გადმოსცეს:

ივანიშვილის თანაგუნდელები ქვიშხეთში (ასეთი სათაური გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა)

„გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები სახლში არ შეუშვეს.

სოფელ ქვიშხეთში ოლიგარქის პარტიის წევრები რამდენიმე სამარშრუტო ტაქსით და ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერების თანხლებით ჩავიდნენ. ივანიშვილის თანაპარტიელები გარდაცვლილის ოჯახისგან ცხედრისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდნენ.

პოლიტიკური პარტიის წევრები ქიმერიძის ოჯახში შესვლას ტელეკამერებით ცდილობდნენ, რამაც ჭირისუფლების და დაღუპულის ნათესავების გაღიზიანება გამოიწვია.

გარდაცვლილის ახლობლების და სოფლის მოსახლეობის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის სახეები ქვიშხეთში უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჩასული და მათ[ი] მიზანი ოჯახის ტრაგედიისთვის პოლიტიკური „სარჩულის მიკერება“ [და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა იყო - მხოლოდ პირველი არხი]. ქიმერიძის ოჯახმა და მეზობლებმა ივანიშვილის თანაგუნდელებს სოფლის დატოვება აიძულეს“.

ამ მომენტამდე ტექსტი იდენტურია. შემდგომ, „რუსთავი 2“-ისა და პირველი არხის წამყვანები ამატებენ შემდეგ წინადადებას, რომ:

„ქიმერიძეების ოჯახი თხოვნთ მიმართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ოჯახურ ტრაგედიაში ჩარევისგან“.

„იმედისა“ და პირველი არხის წამყვანები ამატაბენ, რომ:

„ს[ო]ლომონ ქიმერიძის შვილი გივი ქიმერიძე ამბობს, რომ ღამით მათ სახლში სოზარ სუბარი და მისი 4 თანმხლები პირი დაუკითხავად შევიდნენ და მიცვალებულს ფოტოები გადაუღეს“.

პირველი არხი ასრულებს, რომ:

„გივი ქიმერ[ი]ძის თქმით, ოჯახი ამგვარი ქმედებების წინააღმდეგია და ყველას მოუწოდებს, რომ მათი ტრაგედია პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენოს“.

პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ხაშურის პოლიციის უფროსი, რადგან მან ვერ შეძლო პოლიციის შენობაში უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. სამინისტრო ქიმერიძის გარდაცვალებას კვლავაც უბედურ შემთხვევად მიიჩნევს, რაც მისი პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდნის შედეგად მოხდა.

სახალხო დამცველმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. „საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო“ ასევე უერთდება ამ მოთხოვნას.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: ლაშა გოგიძე, მათიას ჰუთერი
Media