ENG

ვის გადაეცა სიმბოლურ ერთ ლარად ქონება ბათუმში

19 აპრილი, 2012

განახლდა 2012 წლის 16 მაისს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წლის განმავლობაში აჭარის  ა/რ მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გასხვისებული ქონებით დაინტერესდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად.

საკითხის კვლევისას გამოიკვეთა უცნობი უცხოური კომპანიებისათვის ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების ტენდენცია. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოში ქონების შესაძენად, ადგილზე რეგისტრაცია ესაჭიროება. შესაბამისად, ისინი რეგისტრირდებიან საქართველოში, მაგრამ ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე. აქედან გამომდინარე, ძნელია შემოწმდეს რამდენად სანდოა აღნიშნული კომპანიები, ასევე ძნელია მონიტორინგი გავუწიოთ ფინანსების წარმომავლობას, რადგან ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია მხოლოდ ამ იურიდიული პირების  და არა თვითონ მფლობელების შესახებ.

ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე:

1. 2011 წლის 18 თებერვალს შპს „ADOG GEORGIA”–ს ერთ ლარად გადაეცა 1621 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორმა 40 თვის განმავლობაში 22 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბიკ თაუერი“ უნდა ააშენოს. სასტუმრო მინიმუმ 100 ნომრისაგან უნდა შედგებოდეს და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სულ მცირე  100 ადამიანი დაასაქმოს. (ელშეკრულება) (ფოტო)

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ADOG GEORGIA“, 2010 წლის 16 სექტემბერს ქ. ბათუმში დარეგისტრირდა და მის დირექტორად მიხეილ ძოძუაშვილია მოხსენიებული. შპს-ს 100%-იან წილს აზერბაიჯანის მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ფლობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

2. 2011 წლის 24 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად (ერთი ლარი) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 1,6 ჰა მიწის ნაკვეთი და 1133 კვ.მ შენობა-ნაგებობა გაასხვისა. აღნიშნული ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 365 000 ლარს შეადგენდა. ინვესტორი თურქული კომპანია შპს "ბაქარაა”, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე და ააშენოს პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმო. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ბაქარა” 2011 წლის 23 თებერვალს, ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრეა რეგისტრირებული.

ნიშანდობლივია, რომ ინვესტორმა რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, მაგრამ აჭარის ა/რ მთავრობამ, ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, ვადები გაუგრძელა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 20 თებერვლისთვის ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა იყოს შესული. აღნიშნული ფოტო, რომელიც 2012 წლის 11 აპრილსაა გადაღებული,ცხადყოფს, რომ საწარმო ჯერ არ ფუნქციონირებს.  

3. 2011 წლის 5 დეკემბერს, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ.მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და 12 თვეში დაამთავროს სკოლის მშენებლობა. (ფოტო 1)  (ფოტო 2)

ჩვენ ხელთ არსებული მასალების საფუძველზე, ირკვევა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 150-დან 60-მდე, ასევე შემცირდა დასასაქმებელ მოქალაქეთა რიცხვი 95-დან 30-მდე. გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად გადაეცათ საჯარო რეესტრის სარგებლობაში რიცხული ყოფილი ინვენტარი. (ოდენობა: 278 ერთეული, ღირებულება: 27 672 ლარი).

4. ერთ ლარად გასხვისებული ქონების სიას აგრძელებს თურქული კომპანია „მერსინ ტურიზმისათვის” 2011 წლის 17 ნოემბერს მიყიდული შენობა-ნაგებობა გოგებაშვილის ქუჩაზე (სანაოსნოს ყოფილი შენობა). თვითონ შენობა  4706 კვ.მ. და მასზე მიმაგრებულია 5196კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საპრივატიზაციო ღირებულება 4 029 848 ლარს შეადგენდა. (ფოტო 1) (ფოტო 2)

ინვესტორმა უნდა განახორციელოს გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე შენობა-ნაგებობის ფასადის რეაბილიტაცია და შავშეთის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. 2012 წლის 1 დეკემბრამდე რეაბილიტირებულ შენობაში აამოქმედოს სასტუმრო კომპლექსი, ხოლო თავისუფალ მიწის ნაკვეთზე დაიწყოს 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა. (ხელშეკრულება)

აღსანიშნავია, რომ შპს „მერსინ ტურიზმი” 2011 წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა, ხოლო 3 დღეში, 17 ნოემბერს, აჭარის მთვარობამ მასთან ხელშეკრულება გააფორმა. ინვესტორების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვეპოვება, რომ კომპანიის დამაარსებლები თურქეთის მოქალაქეები არიან.

5. 2011 წლის 18 ივლისს შპს “LEGI”–ს 1 ლარად გადაეცა ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში 32 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 202 711 ლარს შეადგენდა. (ხელშეკრულება)

შპს “LEGI”-ის 2012 წლამდე უნდა განეხორციელებინა მილიონიანი ინვესტიცია და აეშენებინა ბეტონის ნაკეთობათა ქარხანა, სადაც დაასაქმებდა საქართველოს 40 მოქალაქეს. აღნიშნული კომპანია უკრაინის მოქალაქის ლეონიდ ეზიკის საკუთრებაა. ამ პიროვნების შესახებ, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ქარხნის ნაწილი ექსპლუატაციაშია შესული, მშენებლობა გრძელდება. (ფოტო 1)  (ფოტო 2)

6. 2011 წლის 17 ივნისს, ასევე ერთ ლარად გასხვისდა ქ. ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ (ახალი ბულვარი, სასტუმრო “მარინას” და აკვაპარკს შორის) 9900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ინვესტორი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა ჰამზაევაა. მან თავისი წარმომადგენლის ელნურ მამედოვის საშუალებით განახორციელა შესყიდვა. ფოტო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა აღნიშნული ქალბატონის ვინაობით და აზერბაიჯანული მედია წყაროების საშუალებით გაარკვია, რომ ზარიფა ჰამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია «Azərbaycan Hava Yolları» AZAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. ასევე, მოპოვებული ინფორმაციით, დგინდება, რომ ზარიფა ჰამზაევა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილ არზუ ალიევასთან ერთად  Silkway Holding-ში შემავალი SilkwayBank-ის დამფუძნებელია. “Silkway Holding” 23 კომპანიას აერთიანებს და საავიაციო ბიზნესში წამყვანი ჰოლდინგია. მილიარდერის მეუღლე, ასევე ფლობს პარფიუმერულ მაღაზიათა უმსხვილეს ქსელ „გაზელ”-ს.

ხელშეკრულების თანახმად, ჰამზაევა ვალდებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 20 თვის განმავლობაში ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. როგორც ფოტოზე ხედავთ, მშენებლობა დაწყებული არ არის.

7. 2011 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ კიდევ ერთი ობიექტი გაასხვისა ერთ ლარად  ქ. ბათუმში, რუსთაველის # 4-6 მდებარე 301 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, სადაც შპს „ვენტო”-ს 4 თვის ვადაში უნდა აემოქმედებინა 35/0,4 კილოვოლტი ძაბვის ელექტროქვესადგური (ხელშეკრულება). აღნიშნული ობიექტი უკვე აშენებულია. ფოტო

8. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გასული წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 10 მაისის #76 და #77 ბრძანებების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 45 მიწის ნაკვეთი გაიყიდა სიმბოლურ ფასად. ნაკვეთების მასშტაბი 100-200 კვ.მ-ს შეადგენს. ჩვენს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გადაცემის მიზანი უცნობია და არ არის ასახული ხელშეკრულებებში. რაც, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს.

საქართველოს კანომდებლობით (მუხ. 31 (2), აჭარის ა/რ კონსტიტუცია; მუხ. 5, 8, 12 აჭარის ა/რ კანონი “აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ”) აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს უფლება განკარგოს სახელწიფო ქონება. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხშირად საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის დახვეწაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მონიტორინგი უფრო ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს იმ ინვესტორების მიმართ, რომლებმაც სახელმწიფოსგან ქონება შეღავათიანი პირობებით შეიძინეს. წინააღმდეგ შემთხევევში აღნიშნული ფაქტები კორუფციულ შეთანხმებებად აღიქმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული საკითხის კვლევას და მონიტორინგს გაუწევს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ბლოგში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მადლობას უხდის სამინისტროს თანამშრომლობისათვის.

განახლებულია 2012 წლის 16 მაისს

ჩვენი ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ეხებოდა აჭარაში 1 ლარად გასხვისებულ ქონებას, გადავწყვიტეთ თვალყური გვედევნებინა ჩვენ მიერ წამოწეული საკითხისათვის.

3 მაისს გადავამოწმეთ ერთ–ერთი მშენებლობის ადგილი, სადაც აქტიურად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და 540 დღეში, ანუ 2013 წლის აგვისტომდე სასტუმრო „გაზელი” უნდა აშენდეს. (იხილეთ ფოტო 1ფოტო 2) ტერიტორიაზე გამოკრული სტენდის მიხედვით,  მშენებლობის დამკვეთი  კომპანია  “SW INN” LLC -ია, ხოლო შემსრულებელი – MAPA INSAAT VE TICARET A.S. მშენებლობის დაწყების თარიღად კი 2012 წლის 2 აპრილია მითითებული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 5 აპრილს გადაღებულ სურათებში ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკაც კი არ იყო მობილიზებული.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო