ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი (NIS)
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის გლობალური გამჭვირვალობის ფონდის დაფინანსებით, ახორციელებს კვლევისა და ადვოკატირების პროექტს, რომლის ხანგრძლივობა ორწელიწადნახვეარი იქნება, ხოლო ბიუჯეტი 122,842 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უფრო ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული და ელიტური კორუფციის დაძლევას, ასევე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას. პროექტი 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის მარტამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში საქმიანობა ორი მიმართულებით იწარმოებს და ორივე მიმართულება, თავის მხრივს, ადვოკატირებასაც შეიცავს:
• ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზის ანგარიში (გამოქვეყნების სავარაუდო დროა 2011 წლის თებერვალი)
• საქართველოს მიერ გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის (UNCAC) შესრულების მონიტორინგი
1.ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი.
ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა იმ ძირითადი ინსტიტუტებისა და მოთამაშეებისგან შედგება, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების განმტკიცებას. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა (NIS) არის ერთობლიობა იმ ინსტიტუტებისა, რომელთა გამართული ფუნქციონირება კორუფციის პრევენციის გარანტი იქნება და ხელს შეუწყობს ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ყოველგვარ გამოვლინებასთან ბრძოლას. როდესაც ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ინსტიტუტებს სათანადო წესებისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ახასიათებს, მოსალოდნელია კორუფციის მასშტაბის ზრდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის თანაბარ და მდგრად განვითარებას და შეასუსტებს სოციალურ ერთიანობას. ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება კი ხელს შეუწყობს მმართველობის გაუმჯობესებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
იმისდა მიუხედავად, რომ საქართველომ, 2003-2005 წლებში, დიდი და საკმაოდ წარმატებული გზა განვლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს ჯერ კიდევ აქვს ადგილი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს რეფორმა შესამჩნევად ჩამორჩება სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმნას. კორუფცია, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად ან/და არამიზნობრივად გამოყენება და სახელმწიფო ინსტიტუტებში ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ჯერ კიდევ გვევლინება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამაბრკოლებელ გარემოებებად. საქართველოში დღემდე არ არსებობს კორუფციის რისკის მიუკერძოებელი, საფუძვლიანი შეფასება. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ შემუშავებული ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კონცეფცია კორუფციის საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს და მოიცავს როგორც საფუძვლიან ანალიზს, ისე რეკომენდაციებს შემდგომი განვითარებისთვის.
ეროვნული ანტიკორუფიცული სისტემის ანალიზი ითვალისწინებს იმ 13 ძირითადი ინსტიტუტის საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელთაც კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულება აკისრიათ. ეს ინსტიტუტებია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ძირითადი საჯარო მაკონტროლებელი დაწესებულებები (მაგალითად, კონტროლის პალატა და სამართალდამცავი ორგანოები), აგრეთვე მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი. მათ ანტიკორუფციული სისტემის "სვეტებსაც" უწოდებენ. ამ ინსტიტუტებს საკვანძო ფუნქცია ეკისრებათ ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების მხრივ. თითოეული ინსტიტუტის შეფასება სამი ძირითადი განზომილების მიხედვით ხდება:
• კორუფციის პრევენციის უნარი
• შიდა მმართველობის სტრუქტურა
• ინსტიტუტის როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ სამი განზომილების მაჩვენებლებს ექნებათ როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული საფუძვლები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევითი ჯგუფი თითოეული ინსტიტუტის შეფასების მიზნით ზოგად კვლევას, ინტერვიუებს და პრაქტიკულ ცდებს განახორციელებს. ამ მასშტაბური კვლევის შედეგები აისახება საბოლოო ანგარიშში, რომელიც 2011 წლის თებერვლისთვის მომზადდება.
საბოლოო გამოქვეყნებამდე ანგარიში განხილვის რამდენიმესაფეხურიან პროცესს გაივლის, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს და პროექტის თანამონაწილეთა უფრო ფართო წრეებში. უმაღლესი დონის " საკონსულტაციო ჯგუფი", სადაც მრავალფეროვანი პოლიტიკური შეხედულებები იქნება წარმომადგენელი, ანგარიშს 2010 წლის ოქტომბერში დაამტკიცებს, ხოლო დეკემბერში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო გამართავს ფართო სემინარს პროექტის მონაწილეთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება "ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის" შეფასების შესახებ და განისაზღვროს მომავალი კამპანია და რეფორმათა პრიორიტეტები ანტიკორუფციული ბრძოლის გზაზე.
2. საქართველოს მიერ გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის (UNCAC) შესრულების მონიტორინგი
გაეროს ანტიკორუფციული კონვენცია უკანასკნელი საერთაშორისო ხელშეკრულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. კონვენცია 2005 წელს შევიდა ძალაში და მოიცავს მთელ რიგ საკვანძო საკითხსა და მექანიზმს კორუფციის პრევენციისა და კრიმინალიზაციის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ტექნიკური ურთიერთდახმრების განვითარების და მითვისებული რესურსების დაბრუნების თვალსაზრისით. კონვენცია უფრო მასშტაბური და ამბიციურია, ვიდრე სხვა ანტიკორუფციული შეთანხმებები და მასზე ხელისმომწერ სახელმწიფოთა წრეც გაცილებით ფართოა. 2009 წლის თებერვლის მონაცემებით, კონვენციას ხელი 140 ქვეყანამ მოაწერა, ხოლო 131 ქვეყანა მიუერთდა მას. საქართველო კონვენციას 2008 წლის ნოემბერში შეუერთდა.
ამრიგად, პირველი სავალდებულო და გლობალური ძალის მქონე ანტიკორუფციული კონვენცია საუკეთესო მექანიზმია საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის ანალიზის, სხვა სისტემებთან შედარებისა და შემდგომი სრულყოფისთვის. მთავრობებმა, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს, შესაბამისი კანონები უნდა მიიღონ და საკუთარი საქმიანობაც მას უნდა მიუსადაგონ. მრავალ ქვეყანაში დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ კონვენციის მოხოვნები დაკმაყოფილდეს. UNCAC-ის კონტროლის მექანიზმი წარმოდგენილ იქნა 2010 წლის გაზაფხულსა და ივლისის ბოლოს. საქართველო მოხვდა იმ ქვეყანების ჯგუფში, რომელნიც პირველნი გაივლიან კონტროლს. პროცესში გათვალისწინებული იქნება კონტროლი კონვენციის მეორე და მესამე მუხლების შესრულებაზე (კონტროლის მომდევნო რაუნდო ხუთი წლის შემდეგ შედგება და პირველი და მეოთხე მუხლებს მოიცავს):
•პრევენცია
•კრიმინალიზაცია და აღსრულება
•საერთაშორისო თანამშრომლობა
•დაკარგული რესურსების დაბრუნება
შემოწმება დაიწყება საქართველოს მთვარობის წარმომადგენელთა "თვითშეფასებით" 2010 წლის შემოდგომაზე, რასაც მოჰყვება "კოლეგიალური შეფასება" ორი ქვეყნის წარმომადგენლთა მიერ (პირველი ქვეყანა რეგიონიდან - სომხეთი, ხოლო მეორე - რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყანა.) "თვითშეფასების" ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს ერთი მოკლე და საჯარო და მეორე უფრო დეტალიზირებული და დახურული ანგარიში. არც საქართველოს "თვითშეფასების" დოკუმენტი იქნება საჯარო.
არ არსებობს არანაირი ფორმალური მოთხოვნა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო ფართოდ ჩაერთოს UNCAC-ის შესრულების მონიტორინგის მექანიზმში, ასევე არ არსებობს მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის თაობაზე თვითშეფასებისა თუ საბოლოო შეფასებისათვის ანგარიშების მომზადების პროცესში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს, მოითხოვს ყველა დოკუმენტის საჯარო ხელმისაწვდომობას და შეეცდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო ფართოდ ჩაერთოს ამ პროცესში.
