საპრეზიდენტო არჩევნები – ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი

Print this pagePrint this pageSend

2008 წლის 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ქვეყნის შიგნით - არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხის და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მის გარეთ – ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების, დამოკიდებულების განსაზღვრის კუთხით. საარჩევნო პროცესი არ იწყება და არ სრულდება საარჩევნო დღით. არჩევნების დღე ამ პროცესის მხოლოდ შუა რგოლია, როდესაც ამომრჩეველი აფიქსირებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან არჩევნებს შორის და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების დაკვირვების შედეგად უნდა მიიღოს. არჩევნების დღეს არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ამომრჩეველმა ბოლომდე უნდა დაიცვას მის მიერ მიცემული ხმა და კენჭისყრის ან ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის კომისიაში ან სასამართლოში გაასაჩივროს ის. შესაბამისად, არჩევნების ჩატარების კანონიერება და დემოკრატიულობა ფასდება არა მხოლოდ არჩევნების დღის, არამედ მთლიანი საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით. ამ შეფასებაში წინასაარჩევნო პერიოდს და, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი კონკურენციის პირობების არსებობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროექტი „2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი” წინასაარჩევნო პერიოდში იმ ტიპის დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს და, შესაბამისად, პრობლემებს უქმნის არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებას და, საბოლოო ჯამში, – ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

Tags: