„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობას აფასებს

23 აპრილი, 2014

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასებას წარმოგიდგენთ. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 21 ოქტომბრიდან (ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღე) 2013 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდს.

შეფასებები დაფუძნებულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოკვლეულ ინფორმაციაზე, ჩვენი საპარლამენტო ოფისის დაკვირვებებზე, პარლამენტიდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებსა და ჩვენი დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC)“ მიერ ჩატარებულ (2013 წლის 3-26 ოქტომბერში) გამოკითხვაზე. ანგარიშში შემდეგი ძირითადი საკითხები არის აღსანიშნავი:

ზოგადი სტატისტიკა

  • პარლამენტმა 620 კანონპროექტზე იმსჯელა; მიღებულ იქნა 375 კანონი, მათ შორის, 2 კონსტიტუციური კანონი, 36 ორგანული კანონი, 325 კანონი და 12 პარლამენტის რეგლამენტი; ინიციატორებმა გაიწვიეს 30 საკანონმდებლო ინიციატივა (ჯამში 80 კანონპროექტი);
  • საანგარიშო პერიოდში პრეზიდენტმა 20-ჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება და პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნა კანონპროექტები. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არც ერთხელ არ გაითვალისწინა;
  • საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი სამჯერ გამოუცხადა;
  • ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში შესული 620 კანონპროექტიდან ყველაზე მეტი პარლამენტის წევრთა მიერ იქნა ინიცირებული, ხოლო მთავრობა ამ მხრივ მეორე ადგილზეა.

პარლამენტის წევრთა აქტივობა

  • პარლამენტის მუშაობის ერთწლიან პერიოდში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება 121-მა პარლამენტის წევრმა გამოიყენა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება კი – მხოლოდ 54-მა;
  • იმ 51 პარლამენტის წევრს შორის, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომებზე 30-ზე მეტჯერ გამოვიდნენ სიტყვით, 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 21 – საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 2 არცერთს არ ეკუთვნის;
  • პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობის მიხედვით შემდეგი დეპუტატები ლიდერობდნენ: 1. ვახტანგ ხმალაძე (217 გამოსვლა); 2. კობა დავითაშვილი (215); პავლე კუბლაშვილი (150); სერგო რატიანი (142); ზაქარია ქუცნაშვილი (140);
  • ინიციირებული კანონპროექტების რაოდენობის მიხედვით შემდეგი დეპუტატები ლიდერობდნენ:1. ირინე იმერლიშვილი (36 ინიციატივა); 2. კობა დავითაშვილი (35); 3. დავით ონოფრიშვილი (33); 4. ირაკლი სესიაშვილი (32); 5. გიორგი ცაგარეიშვილი (22);
  • გარდა ამისა, აღმოჩნდა 28 პარლამენტის წევრი, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში არც საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით და არც პლენარულ სხდომაზე რაიმე ფორმით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ. მათგან 13 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია (ბერძენიშვილი ლევან, გელაშვილი ვალერი, დარზიევი მახირ, ენუქიძე გოჩა, ზვიადაური ზურაბ, მამედოვი ალი, ყაჭეიშვილი თამაზ, შავლოხაშვილი რევაზ, შიოშვილი თამაზ, ჩხაიძე თეიმურაზ, ხალვაში როსტომ, ხუბულური თენგიზ, ჯაფარიძე ვიქტორ), 8 – საპარლამენტო უმცირესობის (ახალაია როლანდ, კედელაშვილი ზაზა, ნაყოფია კობა, ნიკოლაიშვილი რამაზ, სულეიმანოვი აზერ, ქარდავა ლევან, ყიფშიძე ნიკოლოზ, ჯანაშია ნაული), ხოლო 7 არცერთს არ ეკუთვნის (ბოლქვაძე ანზორ, ვერულაშვილი მარიკა, ლიპარტელიანი გოგი, მკოიანი ენზელ, ფეიქრიშვილი გიორგი, ხაბულიანი სერგო, შერვაშიძე იაშა).

საზოგადოებრივი აზრი პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრების შესახებ

  • რესპონდენტთა ნახევარი ამბობს, რომ თვალს ადევნებს ინფორმაციას პარლამენტის მუშაობის შესახებ;
  • პარლამენტის წევრთა ზუსტი რაოდენობის დასახელება გამოკითხულთა მხოლოდ 28%-მა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მათი 46%-ის აზრით, 150 პარლამენტის წევრი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ზედმეტია, ხოლო 49%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა ეს რაოდენობა საკმარისია;
  • ცალკეულ პარლამენტის წევრთაგან მაღალია პარლამენტის თავმჯდომარის ცნობადობა: დავით უსუფაშვილის დასახელება გამოკითხულთა 83%-მა შეძლო. მსგავსი პოპულარობით, სამწუხაროდ, ვერ სარგებლობენ მაჟორიტარი პარლამენტის წევრები: რესპონდენტთა მხოლოდ 41%-მა იცის, თუ ვინ წარმოადგენს მათ რაიონს/ოლქს საკანონმდებლო ორგანოში;
  • ყველაზე აქტიური პარლამენტის წევრთან დაკავშირებით პასუხები ასე განაწილდა:. 14%-ს მიაჩნია, რომ არცერთი არ არის საკმარისად აქტიური, ხოლო 53%-მა არ ან ვერ დაასახელა ასეთი პარლამენტის წევრი. დასახელებული დეპუტატებიდან ყველაზე მეტი (6%) ეკა ბესელიას მიიჩნევს ყველაზე აქტიურად;
  • შეკითხვაზე, თუ რომელ პარლამენტის წევრს ენდობიან ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არცერთს არ ენდობა, ხოლო 51%-მა არ ან ვერ დაასახელა ასეთი პარლამენტის წევრი;
  • ნდობის კუთხით პირველ ორ ადგილზე ახლანდელი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები არიან, შესაბამისად, 6%-ითა და 4%-ით. ამასთანავე, დავით ბაქრაძე ერთადერთი პარლამენტის წევრია ყოფილი მმართველი გუნდიდან, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა;
  • გამოკითხულთა თითო პროცენტმა ორ შეკითხვაზე პასუხად (საქართველოს პარლამენტის რომელ წევრს ენდობით? და როგორც წესი, პარლამენტის რომელი წევრი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის?) შეცდომით დაასახელა იმ დროისთვის საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა;
  • პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ჩვენ მიერ გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მეოთხედი ენდობა;
  • გამოკითხულთა უმრავლესობის (55%) აზრით, პარლამენტის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა პოლიტიკური დაპირისპირება;
  • შეკითხვაზე, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი, 66%-მა განაცხადა, რომ ის თბილისში უნდა იყოს, ხოლო 20% პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა.

ქალები პარლამენტში

  • 2013 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, მერვე მოწვევის პარლამენტში 18 ქალი იყო (2013 წლის ნოემბრიდან ირინე იმერლიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და მას შემდეგ აღარ არის პარლამენტის წევრი). მათგან 12 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 5 – საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 1 არცერთს არ ეკუთვნის. ეს რიცხვი (18) პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის (150) 12%-ს შეადგენს;
  • ერთპალატიან პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 21,8%-ია. 12%-ით საქართველო მსოფლიოში საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობით 105-ე ადგილს სირიის არაბთა რესპუბლიკასთან ერთად იყოფს;
  • 51 პარლამენტის წევრს შორის, რომლებიც პლენარულ სხდომებზე ყველაზე ხშირად გამოდიოდნენ სიტყვით, ერთი მეხუთედი ქალია: 11 ქალი პარლამენტის წევრი საშუალოდ 59-ჯერ გამოვიდა სიტყვით, ხოლო 40 მამაკაცი პარლამენტის წევრი –  საშუალოდ 71-ჯერ;
  • საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის მხრივ პარლამენტის წევრი ქალები, საშუალოდ, უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე მათი მამრობითი სქესის კოლეგები: ქალი პარლამენტის წევრების სახელზე 70 ინიციატივა (საშუალოდ 3,9 ინიციატივა ერთ პარლამენტის წევრზე) დარეგისტრირდა, მამაკაცებისაზე კი − 355 ინიციატივა (საშუალოდ 2,7 ინიციატივა ერთ პარლამენტის წევრზე).

პარლამენტის კომიტეტების მუშაობა

პარლამენტის კომიტეტების მუშაობა რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა: 1. გამართული სხდომების რაოდენობა; 2. განხილული კანონპროექტების რაოდენობა; 3. ინიცირებული კანონპროექტების რაოდენობა:

  • გამართული საკომიტეტო სხდომების რაოდენობის მიხედვით შემდეგი კომიტეტები ლიდერობდნენ: 1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (89 სხდომა); 2. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი (66); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი (64);
  • წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობის მიხედვით შემდეგი კომიტეტები ლიდერობდნენ: 1. დარგობრივი ეკონონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი (17 ინიციატივა); 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (7); 3. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი (6); 3. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი (6).

პარლამენტის წევრის კავშირები ბიზნესთან

  • მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 43 პარლამენტის წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 (67%) საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 9 − საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არცერთს არ ეკუთვნის;
  • გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან 3 (ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი) აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არამარტო წილები აქვთ/ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყენენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, რის უფლებაც კანონით არ ქონდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განმარტავს, რომ ეს პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა საჭიროა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ამ ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა

  • კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის (ლევან ქარდავა, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი, თამაზ შიოშვილი, გიგა ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, თამაზ ავდალიანი, ვიქტორ ჯაფარიძე) მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მორიგ შეფასებას საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ წარმოგიდგენთ.

საკონტაქტო პირი:
ნანა ლობჟანიძე, კომუნიკაციების ოფიცერი
nana@transparency.ge, 595 210 309  

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Sida-ს პოზიციას და მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.