„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ აქვეყნებს ანგარიშს საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ

Print this pagePrint this pageSend

თბილისი, 2010 წლის 16 ნოემბერი – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაციის „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მისი შესრულების ანგარიშვალდებულების მაჩვენებლებით საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 55 ქულა აიღო. ქულა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობისა და ადექვატურობის დონე მაღალია ცენტრალური აზიისა თუ დანარჩენი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ეს შედეგები „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ნაწილია, რომელიც საბოლოო ჯამში აფასებს მსოფლიოს ქვეყნების ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ მიერ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ 2010 წლის კვლევაში მოხვედრილი 94 ქვეყნიდან 74 ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ბიუჯეტის ღრმა ანალიზისათვის საჭირო ამომწურავ მონაცემებს არ აწვდის.

საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულა უკანასკნელ წლებში შესამჩნევად გაუმჯობესდა. 2006 წელთან შედარებით, როდესაც საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 34 ქულა დააგროვა, წელს ეს მაჩვენებელი 55–მდე გაიზარდა. საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულის გაუმჯობესება უმეტესად მთავრობის მიერ გამოცემული შედარებით ამომწურავი საბიუჯეტო კანონპროექტის ხარჯზე მოხდა. ეს ნახტომი 34-დან 55 ქულამდე ერთ-ერთი ყველზე დიდი მიღწევა იყო, რომელიც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანას ჰქონია. ამ ნახტომის შედეგად საქართველო საშუალოზე დაბალი დონიდან საშუალოზე მაღალ დონეზე ავიდა. ქულის ზრდის მიუხედავად, კვლევის მიხედვით, მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო დოკუმენტაციით ინფორმაციის მცირე ნაწილს აწვდის. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ძნელი არის დააყენონ მთავრობის ანგარიშველდებულების საკითხი საზოგადოების თანხების განკარგვის შესახებ.

იმ რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტიდან, რომელსაც „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა” ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესაფასებლად იყენებს, საქართველო გამოსცემს შედარებით ამომწურავ წინასაბიუჯეტო განაცხადს, დამტკიცებულ ბიუჯეტს, წლიურ კვარტალურ ანგარიშებს, საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის ნაწილს, მინიმალური ინფორმაციის შემცველ წლიურ საბოლოო ანგარიშსა და აუდიტის ანგარიშს. საქართველო არ გამოსცემს წლიურ შუალედურ ანგარიშს, ხოლო „ბიუჯეტი მოქალაქეებისათვის“ მხოლოდ 2010 წელს გამოიცა.

ბიუჯეტის მაკონტროლებელი ორგანოები, პარმლამენტი და კონტროლის პალატა, საბიუჯეტო პროცესის ზედამხედველობის კუთხით „საშუალო სიძლიერის“ ინსტიტუტებად არიან შეფასებულნი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსმა, მარიამ ხოტენაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უამრავი შესაძლებლობა აქვს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და, შესაბამისად, „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ უფრო მაღალი ქულის მისაღებად. ერთ–ერთი შედარებით მარტივი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იქნება მთავრობის მიერ იმ ანგარიშების გასაჯაროება, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეასრულა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კონტროლის პალატის აუდიტორული რეკომენდაციები. ასევე, კოტროლის პალატამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები და გამოაქვეყნოს ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა მთავრობამ მისი რეკომენდაციები. ამჟამად, ამ ანგარიშების არარსებობის გამო საზოგადოებისათვის გაურკვეველია, თუ რამდენად ადექვატურად რეაგირებს მთავრობა კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებზე.

„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის” მიერ საქართველოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს შორის არის წლიური შუალედური ანგარიშისა და „ბიუჯეტი მოქალაქეებისათვის“ გამოცემის დაწყება, ამომწურავი საბიუჯეტო კანონპროექტის მომზადება, საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საზოგადოებისათვის უფრო ფართო შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ორგანოსთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება საბიუჯეტო წლის დასაწყისში ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით და კონტროლის პალატის მიერ უფრო დახვეწილი აუდიტორული ანგარიშების გამოქვეყნება.

ღია ბიუჯეტის კვლევის სრული ვერსია, ანალიზი, მეთოდოლოგია და რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.openbudgetindex.org.