ვასილ მაღლაფერიძის არჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებაზე მიუთითებს

Print this pagePrint this pageSend

 

6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ახალი დირექტორის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 ნოემბერს არხის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა   პოსტი გაურკვეველი მიზეზით  დატოვა.

კონკურსში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი, გადაცემა „რეალურის სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. პირველი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მეორე კენჭისყრისას კი, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობდნენ, მაღლაფერიძემ 6 ხმა დააგროვა და დირექტორი გახდა, პირველი კენჭისყრისას მან მხოლოდ 4 ხმის დაგროვება შეძლო.

ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო, ასევე ივანიშვილების კუთვნილი ტელევიზიის, TV9-ის დირექტორის მოადგილე, ჟურნალ “კალმასობას” მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. მაღლაფერიძეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკავებდა გუბერნატორის თანამდებობას, იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დააანონსა და ნაწილობრივ დაიწყო არხზე კონკრეტული რეფორმების განხორციელება, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მოულოდნელად დატოვა თანამდებობა. ბარათაშვილმა, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა დირექტორებმა, საკუთარი ვადა არ დაასრულა.    ახალი გენერალური დირექტორის არჩევა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილშვილის უახლოეს გარემოცვის წევრის რეპუტაციით არის ცნობილი და კავშირშია ივანიშვილის მიერ წამოწყებულ ყველა სატელევიზიო პროექტთან, გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ის  მაუწყებელზე მთავრობისთვის მისაღებ პოლიტიკას გაატარებს. ამასთან, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრები ეჭვებს გამოთქვამენ პროცესში პოლიტიკური მოტივების არსებობის შესაძლებლობაზე. ამ ეტაპზე, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მათი ნაწილის მიერ უეცრად პოზიციების შეცვლა და იმ კანდიდატის არჩევა, რომელიც კონკურსის პროცესში არ ყოფილა ფავორიტი, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს ბორდის უმრავლესობის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ცალსახად ვერ მოახერხა მაუწყებლის დირექტორად პოლიტიკურად ნეიტრალური პირის არჩევა, რაც უარყოფითად აისახება მაუწყებლის რეპუტაციაზე და შესაძლოა შეაფერხოს არხზე დაწყებული რეფორმა, მათ შორის, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის და საკადრო პოლიტიკის  დანერგვა. ყოველივეს დაშვება კვლავ შეაფერხებს არხის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მის ყველა წევრს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპიდან გამომდინარე, მკაფიოდ და ნათლად განმარტოს მაუწყებლის დირექტორად პოლიტიკურად აფილირებული კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილება და შესაბამისი არგუმენტებით გაფანტოს ეჭვები საბჭოს წევრებზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ან პროცესში გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შესახებ.

ახალმა დირექტორმა არ გამორიცხა მაუწყებელზე საკადრო ცვლილებების განხორციელება.  მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია გაუმჭვირვალე საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, არხზე მომუშავე ჟურნალისტების ან პროდიუსერებისა და რედაქტორების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა ან მათი სამუშაო უფლებების რაიმე ფორმით ხელყოფა. ნებისმიერმა მსგავსმა ნაბიჯმა, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ისედაც მყიფე  საზოგადოებრივ ნდობას მაუწყებლისადმი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქტიურად დააკვირდება მაუწყებლზე მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში მზად არის დაიცვას ჟურნალისტებისა და არხის თანამშრომლების უფლებები.